ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებს 16 სექტემბრიდან აღსაზრდელები აახმიანებენ. ახალ სასწავლო წელს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 600-მდე აღსაზრდელით ხვდება. მათ სწავლა-აღზრდასა და განვითარებაზე 200-ზე მეტი აღმზრდელი და თანამშრომელი იზრუნებს.
როგორ ხვდება ახალ სასწავლო წელს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, რა სიახლეებია და რა პრობლემები რჩება გადასაჭრელი, – ამ და სხვა საკითხებზე გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი გვესაუბრება.
– ბატონო მამუკა, რა სიახლეებით ხვდებით ახალ სასწავლო წელს?
– ხარაგაულის ყველა საბავშვო ბაღი სასწავლო პროცესის დასაწყებად მზადაა. ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. მოეწყო საქვაბე, საბავშვო ბაღის ყველა ოთახში გამათბობელი დამონტაჟდა. ბუნებრივ აირს „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხარაგაულის ფილიალის თანამშრომლები დააერთებენ. ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობას ზამთარში ბუნებრივი აირით გავათბობთ.
ეზოს სათამაშოების ექვსი კომპლექტი შევიძინეთ. ჯგუფის სათამაშოების შესაძენად 2000 ლარი გვქონდა გამოყოფილი. ოთახის სათამაშოები ყველა ბაღს თანაბრად გადავუნაწილეთ. თითქმის ყველა საბავშვო ბაღი საკანცელარიო ნივთებითა და საჭირო ინვენტარით მოვამარაგეთ. წყლისა და კანალიზაციის სისტემებს ვაწესრიგებთ.
ხევის საბავშვო ბაღისათვის ახალი გაზქურა შევიძინეთ, სარგვეშის საბავშვო ბაღისთვის – მაცივარი;
სარგვეშის ბაღისა და გედსამანიის სასკოლო მზაობის ჯგუფისათვის – რბილი ავეჯი.
ვცდილობთ, ყველა საბავშვო ბაღის საჭიროებები დავაკმაყოფილოთ.
პროექტის – „ენერგიის ალტერნატიული წყაროები (ნეტო აღრიცხვა) და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე“ ფარგლებში, ხარაგაულის ხუთი საბავშვო ბაღის (ხარაგაულის #1, ბორითის, კიცხის, წყალაფორეთის, ხიდრის) შენობების სახურავებზე, მზის პანელები მონტაჟდება. მიკროელექტროსადგურები მზის ენერგიით ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ამით წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ლარის ელექტროენერგიას დავზოგავთ. პროექტს ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ (დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე) დონორის დაფინანსებით ახორციელებს.
– ხომ არ იგეგმება ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირებაც?
-მომავალი წლის ბიუჯეტში ამ საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისათვის თანხას აუცილებლად გავითვალისწინებთ.
–ბატონო მამუკა, ბრძანეთ, რომ სარგვეშის საბავშვო ბაღისა და გედსამანიის სასკოლო მზაობის ჯგუფისათვის ინვენტარი შეიძინეთ, ანუ ახალი სასწავლო წლიდან ეს სკოლამდელი დაწესებულებები ამოქმედდება?
– გასულ სასწავლო წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებდა. სარგვეშში საბავშვო ბაღის გახსნის გადაწყვეტილება მერიასთან ერთად მივიღეთ. საბავშვო ბაღისათვის გამოყოფილი ოთახები გარემონტდა. სწავლის დაწყებისათვის სარგვეშის ბაღში საჭირო ინვენტარსა და ავეჯს შევიტანთ. სარგვეშის საბავშვო ბაღი ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემომატებული მეთვრამეტე ბაღია, სადაც სიით 14 აღსაზრდელი ირიცხება.
სექტემბრიდან გედსამანიაში 12 სკოლამდელისთვის სასკოლო მზაობის ჯგუფი ამოქმედდება. მეცადინეობები კვირაში ხუთი დღე, დილის 9 საათიდან 13 საათამდე ჩატარდება. სასკოლო მზაობის ჯგუფისთვის კვება გათვალისწინებული არ არის.
სასწავლო პროცესს სარგვეშის საბავშვო ბაღში 18 სექტემბერს, გედსამანიის სასკოლო მზაობის ჯგუფში კი, სავარაუდოდ, 23 სექტემბრიდან დავიწყებთ.
– ხომ არ გამოდის, რომ გედსამანიელ ბავშვებს, რომლებიც კვირაში ხუთი დღე სრულყოფილ საბაღო მომსახურებას ხუნევის საბავშვო ბაღში იღებდნენ, ამის სანაცვლოდ სასკოლო მზაობის ჯგუფის მომსახურებას შესთავაზებთ?
– გედსამანიაში ცხოვრობენ ბავშვები, რომლებიც მშობლებს ხუნევის საბავშვო ბაღში ვერ დაჰყავთ. მზაობის ჯგუფის გახსნის მოთხოვნით მერიაში 12 მშობლის განცხადება შემოვიდა.
– მოხერხდება თუ არა ახალი სასწავლო წლისთვის ბორის საბავშვო ბაღის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემოერთება?
– ბორში მოქმედი საბავშვო ბაღი, ჯერჯერობით, კვლავ გაერთიანების მიღმა რჩება. ბაღის შემოერთებისთვის საჭიროა, რომ ის ოთახები, სადაც საბავშვო ბაღი უნდა განთავსდეს, მუნიციპალიტეტმა საკუთრებაში დაირეგისტრიროს. ამისთვის მუშაობა მიმდინარეობს. ბორის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებისთვის პროექტი უკვე მზადაა. საბავშვო ბაღის ჩვენს ბალანსზე გადმოსვლის შემდეგ რემონტს დავიწყებთ.
– ზვარეს საბავშვო ბაღი ისევ ბაღის შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას? გარკვეულწილად სადაო გახდა ზვარეს იმ შენობაში ბაღის ფუნქციონირება, რას უპასუხებთ ოპონენტებს?
– ზვარეს საბავშვო ბაღი ახალი სასწავლო წლიდან ფუნქციონირებას ბაღის შენობაში გააგრძელებს. რამდენჯერმე ვესაუბრე სპეციალისტს. ამ ბაღის შენობის მიმდებარე მთას ჩამოშლის საფრთხე არ ემუქრება, რადგან ახალი პროექტით, რკინიგზის გვირაბი ამ მთაში აღარ გაივლის.
– გაიხსნება თუ არა ღორეშის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფი?
– ღორეშის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფის გახსნა აუცილებელია. ამისათვის საბავშვო ბაღის შენობაში სარემონტო სამუშაოებისათვის 30 ათასი ლარია საჭირო. ამ თანხას გაერთიანების მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინებთ. თუ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია საჭირო ფინანსებს წელს გამოყოფს, სამუშაოებს დაუყოვნებლივ დავიწყებთ.
– რამდენი აღსაზრდელი ელოდება ახალ საბავშვო ბაღებს ვერტყვიჭალასა და საღანძილეში?
– ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის 45 აღსაზრდელი ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღის ძველ შენობაში შეხვდება. რაც შეეხება საღანძილეში აღსაზრდელთა რაოდენობას, რამდენიმე წლის წინანდელი მონაცემებით, ამ ბაღის აშენებას 40-მდე აღსაზრდელი ელოდებოდა. საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყების შემდეგ აღსაზრდელთა ზუსტ რაოდენობას დავადგენთ.
– რამდენადაა გაერთიანების ბიუჯეტში არსებული ფინანსები წლის ბოლომდე საკმარისი?
– ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას, არსებული მდგომარეობით, წლის ბოლომდე შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საკმარისი ფინანსები გააჩნია და ბიუჯეტიდან დამატებით სუბსიდირებას არ საჭიროებს.
– რა სიახლეებია სასწავლო–სააღმზრდელო პროცესში?
-აქტიურ ფაზაშია საბავშვო ბაღების ავტორიზაციის საკითხი. ამ პროცესის ხელშესაწყობად საგანმანათლებლო რესურსცენტრში სკოლამდელი განათლების სპეციალისტის შტატი დაემატა.
გასული სასწავლო წლის განმავლობაში გადამზადდნენ საბავშვო ბაღების აღმზრდელები, მზარეულები და ექთნები. სექტემბრის ბოლოსათვის დაგეგმილია ტრენინგი მუსიკის მასწავლებლებისათვის. ტრენინგები მომავალ წელსაც გაგრძელდება.
– ბევრ მუნიციპალიტეტში სკოლამდელ დაწესებულებათა ადმინისტრაცია საბავშვო ბაღის შენობაში არ ფუნქციონირებს. ხომ არ ფიქრობთ ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში ოთახები გაათავისუფლოთ და ადმინისტრაცია სხვა შენობაში გადაიყვანოთ?
– ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში რამდენჯერმე დავაყენე საკითხი სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციისათვის ცალკე შენობის გამოყოფის მოთხოვნით. თუმცა ეს საკითხი, ჯერჯერობით, აქტიური განხილვის საგანი არ ყოფილა.
– სურსათის ეროვნული სააგენტო პერიოდულად ამოწმებს ჩვენს საბავშვო ბაღებს. როგორია თქვენს მიმართ მათი რეკომენდაციები?
– სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამი თვის წინ ჩვენს საბავშვო ბაღებში გეგმიური შემოწმება ჩაატარა. მივიღეთ რამდენიმე შენიშვნა, რომლებიც საყინულე მაცივრების მცირე ტევადობას, სამზარეულოს კედლების კეთილმოწყობასა და ჭურჭლის განახლებას ეხებოდა. ვცდილობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები სრულად გავითვალისწინოთ. ამისათვის ნადაბურის, ვერტყვიჭალისა და კიცხის საბავშვო ბაღებს დამატებითი საყინულე მაცივრები შევუძინეთ. თითქმის ყველა საბავშვო ბაღში სამზარეულოს ინვენტარს ვაწესრიგებთ.
მოუთმენლად ველით აღსაზრდელებს. იმედი გვაქვს, ახალი სასწავლო წელი პოზიტიური და უფრო წარმატებული იქნება.
თამთა გოგოლაძე
ფოტოზე: საბავშვო ბაღების გამგეებთან თათბირზე, სასწავლო წლის დაწყების წინ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი