(ეძღვნება 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ
ქართველ და ოს მეომრებს)

…პირველმა ღამემ ისე გაიარა, სანგრიდან თავი არცერთს არ ამოგვიწევია. არადა, ვის ჰქონდა ორი თავი, რომ ამოეწია?! მთელი ღამე მოდიოდა და მოდიოდა ტყვიების წვიმა. გამთენიისას სროლა დროებით შეწყდა. სანგარში სამნი ვართ, – ორი გამოცდილი ჯარისკაცი და მე, რომელიც პირველად მოვხვდი ასეთ „გაუგებრობაში“. ყურები დაგუბებული მაქვს… არაფერი მესმის. ნეტავ, მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი. ერთი ღამეა, რაც ომში ვარ და წელიწადი მგონია გასული. ყოჩაღ, ჩვენს ბაბუებს, როგორ იბრძოლეს ოთხი წელი.

…რვა საათი სრულდება. ახლა ჩემი შვილები იღვიძებენ… ნეტავ, დამანახა, როგორ იღვიძებენ. ნეტავ, თუ ვნახავ კიდევ?… ნეტავ… რა სულელი ვარ, რაზე ვფიქრობ?! ჯობია, ავტომატი მოვიმარჯვო და წინ ვიყურო…

-სიგარეტი მომიკიდე! – მითხრა ჩემს გვერდით მწოლმა თანამესანგრემ.

მოვუკიდე, მეც გავაბოლე. შუამდეც არ მქონდა მოწეული, რომ ჩვენგან მოშორებით, დაახლოებით ას მეტრში, ვიღაც შევნიშნეთ, – ფრთხილად, ვტომატმომარჯვებული ჩვენსკენ მოდის.

-ვინ უნდა იყოს? – ვიკითხე დაბნეულმა.

-ვინ და, ბაბუაჩემი! – ოსია, მაგისი… – მიუკურთხა, – დაუმიზნეთ ყველამ, არ გაგვექცეს ეგ ახვარი, – თქვა „გამოცდილმა“ და ავტომატი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. მეც ინსტიქტურად იგივე გავიმეორე.

-ერთი, ორი, სამი, დავსცხეთ! – წაიჩურჩულა გვერდით მდგომმა და სამი ავტომატი ერთდროულად აკაკანდა. „სამიზნე“ სწრაფად მოწყდა ადგილიდან და ბეტონის დიდი ნატეხისაკენ გაიქცა ამოსაფარებლად, თუმცა იქამდე ვერ მიაღწია და ორი ნაბიჯის მოშორებით მოწყვეტით დაასკდა მიწას.

სროლა შეწყდა…

-ყოჩაღ! – შემაქო გვერდით მყოფმა.
-რა მოხდა? – ვიკითხე შეშინებულმა.
-მაგარი მსროლელი ყოფილხარ, ძმაო, მოარტყი!
-მოვარტყი? – ჭიანჭველებივით დამიარა რაღაცამ მთელ სხეულში.
-კი, ეგ ერთი და სხვა მრავალი! – „დამლოცეს“.
-მოვკალი? – უცნაური ხმა ამომხდა პირიდან.
-კი, დედა უტირე, მოკალი!

სისხლი გამეყინა ძარღვებში.

-მოვკალი… კაცი, ადამიანი მოვკალი?! ეს რა ვქენი, რისთვის მოვკალი, რა დამიშავა, ნუთუ ეს იყო ჩემი ვალი ქვეყნის წინაშე, რომ ღმერთისგან შექმნილი სიცოცხლე გამენადგურებინა, მისი ოჯახი გამემწარებინა, რა ჩავიდინე, რა! რა ჩამადენინეთ, რა! – არაადამიანური ხმით ვბღავი.

-დაწყნარდი, ხომ არ შეიშალე, რამ გადაგრია?!

-იქნებ, იქნებ არ მომკვდარა, დაჭრილია და გადარჩენა შეიძლება, – უცებ გამიელვა ჩემი სულის ჯერ კიდევ გადასარჩენმა აზრმა. ძალა მოვიკრიბე, ადგილიდან მოვწყდი და წამში მომაკვდავთან აღმოვჩნდი…

სისხლშია ამოვლებული… გულზე ყური დავადე, ჯერ კიდევ სუნთქავს, ჯერ კიდევ არაა ყველაფერი დამთავრებული… ნუ გეშინია, ვანიშნე თვალებით და ხოხვა-ხოხვით ჩვენს სანგრამდე მოვათრიე…

-ექიმამდე მიმაყვანინეთ, იქნებ გადარჩეს! – ვეხვეწები თანამესანგრეებს.

– გაგიჟდი? თავი დაანებე, ომში ხარ, ძმაო, ომში! ერთი მაგისი დედაც, წინ გაიხედე, ვერ ხედავ, შეტევაზე გადმოდიან?!

. . .

ბევრი სისხლი აქვს დაკარგული, გადარჩენის შანსი მცირეა, – სწრაფად მომაყარა სიტყვები ექიმმა.

-ჩემი სისხლი გადაუსხით!
-ეგრე არ ხდება, უნდა დავადგინოთ ამისი სისხლის ჯგუფი, მერე – შენი!
-არ უნდა დადგენა, ჩვენ ერთი სისხლი გვაქვს! – ვევედრები ექიმს.
-ასე არ შეიძლება!
-ჩვენ ერთი სისხლი გვაქვს! – ვღრიალებ!
-კარგი, დაწყნარდი, გადავუსხათ!..

. . .

ბორგავს… ბორგავს… ვიღაცას უხმობს… აცხელებს… ვლოცულობ… ვლოცულობ მასზე. ისევ ბორგავს, ბოდავს, ვიღაცას უხმობს, კვნესის…

ორი დღე გავიდა. თვალები გაახილა. ოთახს თვალი მოავლო, დამინახა და მომაშტერდა. ვერ მიცნო. არადა, იცის, რომ უკვე ორი დღეა, მასზე ახლობელი არავინ მყავს. ეს ორი დღეა, ჩვენ ორნი ვართ ამ დედამიწაზე – მე და ის. არა, სამნი ვართ, – მე, ის და უფალი.

…მათვალიერებს.

-გადავრჩი? – იკითხა დიდი პაუზის შემდეგ აქცენტიანი ქართულით.
-გადავრჩი კი არა, გადავრჩით! – მივუგე და გავუღიმე.
-ვოვა მქვია, ოსი ვარ!
-მე გიორგი.

-ჩემ ბიჭსაც გიორგი ჰქვია! – თქვა და თვალებით ოთახის ჩამონგრეულ ჭერს მიაშტერდა. ცოტა ხანს უცქირა. მერე უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდაო, ძალა მოიკრიბა, საწოლიდან წვალებ-წვალებით წამოდგა.

-იწექი, ჯერ ისევ სუსტად ხარ!
-არა, უნდა წავიდე, თუ, რა თქმა უნდა, მიშვებ!
-კი, გაგიშვებ, მაგრამ სად უნდა წახვიდე?
-უნდა ვიბრძოლო! – თქვა და თვალებში მომაშტერდა.
-რისთვის?

-რისთვის? – დაფიქრდა. პასუხს ეძებდა, თუმცა, ვიცოდი, რომ პასუხი ამ კითხვაზე არ ჰქონდა. რისთვის?.. რისთვის?.. – იმეორებდა თავისთვის და ვიგრძენი, რომ წუხდა, რატომ აქამდე არ დაუსვა კითხვა საკუთარ თავს.

-რისთვის? – თქვა კიდევ ერთხელ და კარებისკენ კოჭლობით გაემართა.

-ფრთხილად იყავი, ხომ იცი, ჩვენ ერთი სისხლი გვაქვს, გაუფრთხილდი!..

დიდი წვალებით გავიდა გარეთ და ნელი ნაბიჯით, სვენებ-სვენებით გაემართა გზის მიმართულებით. მეც გამოვედი შენობიდან. აქა-იქ ისევ ისმის სროლა.

დილის რვა საათია… ახლა ჩემი შვილები იღვიძებენ… ნეტავ, ერთი წუთით გადამახედა, როგორ იღვიძებენ… ან კი…

ფიქრებიდან რუსული თვითმფრინავის ხმამ გამომიყვანა. ინსტიქტურად მიწაზე გავეკარი. შორიახლოს ბომბი ჩამოვარდა. ისევ დამიგუბდა ყურები. გზას გავხედე. „ჩემი ტყვე“ აღარსად ჩანს. ფეხზე წამოვვარდი და გზის მიმართულებით გავიქეცი. იმ ადგილას, სადაც ვოვა უნდა ყოფილიყო, ბომბს უზარმაზარი ორმო გაეკეთებინა…

ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებდა, ჩემი სისხლის სუნი…
რისთვის?…

…დილის რვა საათია… ახლა ჩემი შვილები იღვიძებენ…

მამუკა ჭიპაშვილი
2008 წ.

photo by Associated Press