საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დღეს, 17 ივლისს, ბორითში, ხევი-უბისას ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით, შეხვედრა გამართეს.

ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები – ლევან კუპატაშვილი და ალექსანდრე თევდორაძე მშენებელი კომპანიის – „Hunan Road and Bridge Construction Group“ – წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

ლევან კუპატაშვილმა რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობას „საუკუნის პროექტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ აქ დასაქმებულებს პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის კარგი შანსი ეძლევათ.

რიკოთის ავტომაგისტრალი ხუთ სამშენებლო მონაკვეთად იყოფა – ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი, ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა.

ამ მონაკვეთების მშენებლობაზე, სავარაუდოდ, 5-6 ათასი ადგილობრივი მცხოვრები უნდა დასაქმდეს. კონკრეტულად ხევი-უბისას მონაკვეთზე კი – 1 110 ადამიანი.

ავტომაგისტრალის მშენებლობაზე ესაჭიროებათ მშენებლები, მძღოლები, მძიმე ტექნიკის ოპერატორები, შემდუღებლები, მექანიკოსები, ხიდებისა და გვირაბების მშენებელი ინჟინრები, სამუშაოთა მწარმოებლები.

კომპანიას დასაქმების მსურველთა მიმართ შემდეგი მოთხოვნები აქვს:

  • კეთილსინდისიერება და დისციპლინა;
  • შესაბამისი გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები.

დასაქმების მსურველმა უნდა წარადგინოს:

  • ნასამართლეობის ცნობა;
  • ჯანმრთელობის ცნობა;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საბანკო ანგარიში (უმჯობესია თიბისი ბანკის ან საქართველოს ბანკის).

კომპანიას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა – მძიმე ტექნიკის ოპერატორებისა და გვირაბში მომუშავეთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს, ხოლო სხვა დანარჩენი დასაქმებულების – 55 წელს.

ბორითში შეხვედრაზე მყოფი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ასაკობრივი შეზღუდვა არასამართლიანია. მოქალაქეებმა ისაუბრეს იმაზე, რომ დღიური ანაზღაურება, საშუალოდ 22 ლარი, მცირეა იმ შრომასთან შედარებით, რაც მათ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე მოუწევთ.

ლევან კუპატაშვილის განმარტებით, დასაქმებულთა ასაკობრივი შეზღუდვის საკითხზე კომპანიას დაელაპარაკებიან, რომ საქართველოში შრომისუნარიანად მამაკაცი 65 წლამდე ითვლება. რაც შეეხება ანაზღაურებას, დასაქმებულთა ხელფასს სხვადასხვა პროფესიის მიხედვით კომპანია თავად განსაზღვრავს და ამ საკითხში დამკვეთი ვერ ჩაერევა.

ხევი-უბისას ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ კომპანიის მრჩეველს გიზო კუკავაძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 593 31 76 18.

ბორითში გამართულ შეხვედრაში იმერეთის მხარეში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად შალამბერიძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ვრცლად ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას გაზეთ „ჩემი იმერეთის“ უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.

ნინო კაპანაძე