მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ხელი მოაწერეს სასესხო და საპროექტო ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ეს სესხი საქართველოსთვის 2019 წლის 29 მაისს დაამტკიცა.

90 მილიონი ევროდან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს 70 მილიონი ევრო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის გადაეცა.

აღნიშნული პროექტი სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობას გულისხმობს და მიზნად ისახავს ადრეული განათლების, ზრუნვის ხარისხის და ჩართულობის გაზრდას, ზოგადი განათლების სისტემაში სწავლა-სწავლების ხარისხის  ამაღლებას, უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების მექანიზმების გაძლიერებას და  ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, სისტემის განმტკიცებას, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას, პროექტისა და მონიტორინგის სისტემის გაძლიერებას.

პროექტის უშუალო ბენეფიციარებს შორის არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

პროექტი უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობაზე, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების, (სოფლების და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების),  ეთნიკური უმცირესობების  და განსაკუთრებული სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას.  განახლებული აკადემიური პროგრამებით პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018 – 2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში.

წყარო