ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოში 100 საჯარო დაწესებულების (მათ შორის – მთავრობის ადმინისტრაცია, პარლამენტი, 11 სამინისტრო/სახელმწიფო მინისტრის აპარატი და 86 სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ი და საქვეუწყებო დაწესებულება) ოფიციალური ვებგვერდის მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა.

მონიტორინგის ობიექტი საჯარო დაწესებულებებიდან, 2019 წლის მაისის მდგომარეობით არც ერთ უწყებას არ ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიულად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია. 15 უწყებას საერთოდ არ გააჩნდა საკუთარი ვებგვერდი ან ვებგვერდზე არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება.

2019 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 53%-ია, რაც 18%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საჯარო დაწესებულებებისათვის ყველაზე პრობლემური საკითხი ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება იყო. პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ისეთ ფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, როგორიც არის: მიღებული (22,2%) და გაცემული (23%) გრანტები, საბიუჯეტო ფონდებიდან მიღებული დაფინანსება – 24,4%, ქონების გასხვისება – 27,4%, რეკლამის ხარჯი – 34,1% და სხვა.

საჯარო დაწესებულებები პროაქტიულად ყველაზე მეტად აქვეყნებენ სამართლებრივი აქტების და ზოგადი ინფორმაციის თემატურ ჯგუფებში გაერთანებულ ინფორმაციას. მათ შორისაა: საკონტაქტო ინფორმაცია (91,3%), დებულება/წესდება (89,3%), ნორმატიული აქტები (85,7%), უწყების სტრუქტურა (82,1%).

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მაღალი (98%) შეფასება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ მიიღო. მეორე ადგილზეა (96%) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (39%) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მიიღო. სამწუხაროდ, ადმინისტრაციას 2014 წლის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებთან და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია საერთოდ აღარ გამოუქვეყნებია. მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (42%) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (47%).

სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული უწყებების დაახლოებით 40%-ს, პროაქტიულად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 30%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე.

როექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.

წყარო