საქართველოს პარლამენტმა  ორგანული კანონის პროექტი – „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა.

ეს საკითხი 12 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ წარადგინა.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების გათვალისწინების შემთხვევაში, მიწის უფასოდ დარეგისტრირების შესაძლებლობა 2020 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება, ნაცვლად 2019 წლის პირველი ივლისისა.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისა და გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ. კერძოდ, საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს.