
შრომისმოყვარეობა, მუდმივი ფიქრი განვითარებასა და წინსვლაზე, – ეს პაატა ჭიპაშვილის ცხოვრების უმთავრესი დევიზია.
წლების განმავლობაში საქმიანობდა საჯარო სამსახურში. ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტია მიწისა და უძრავი ქონების საკითხებში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში რესტორან „მარანთან“ ტურისტული ცენტრის ჩამოყალიბებას გეგმავს. ყველაზე მეტად მიწის რეფორმაზე მსჯელობა უყვარს. ამ საკითხზე საუბრისას, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს თავს.
-ამასწინათ საავტომობილო გზების დეპარტამენტში ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით ვიმყოფებოდი, – გვიამბობს პაატა ჭიპაშვილი, – შემთხვევით, კაბინეტში ჩემი ძველი კოლეგა შემოვიდა და ჩემ დანახვაზე თქვა, – მიწის ექსპროპრიაციის პროცესი ისე მარტივად არსად გაგვივლია, როგორც ხარაგაულში, რადგან ამ რაიონში მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, პაატა ჭიპაშვილის ხელმძღვანელობით, მაღალპროფესიონალურად არის მომზადებულიო.
სიამაყის გრძნობა დამეუფლა, ჩემი შრომა რომ ასეთი ნაყოფიერი გამოდგა. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა იმ თანამშრომლის შრომის შედეგია, ვინც იმ დროს ხარაგაულში ჩემს გვერდით მიწის მართვის სამმართველოში მუშაობდა. ხარაგაულში მიწის რეფორმის წარმატება ამ საქმისადმი კარგი პროფესიონალის, ზურაბ სხილაძის დამოკიდებულებამ განაპირობა. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები, რაც ჩემზე უკეთ არავინ იცის.
წლების განმავლობაში ვიმუშავე მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში ზურაბ გეგეჭკორთან. მან გადამიყვანა თბილისში სამუშაოდ. მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კონტროლის სამმართველოში ჯერ უფროსის მოადგილედ, შემდეგ კი უფროსად ვმუშაობდი.
2004 წლის მაისში დისერტაცია დავიცავი თემაზე – მიწის კადასტრის წარმოების სრულყოფის საკითხები მიწის საკუთრების სხვადასხვა ფორმის პირობებში. ტიტანური შრომა დასჭირდა. ძალიან დავიღალე და შვებულება ავიღე. ხარაგაულში ვიმყოფებოდი, გარემოს დაცვის სამინისტროს მაშინდელი მინისტრის მოადგილე ირაკლი მაჭარაშვილი რომ დამიკავშირდა და მითხრა, მინისტრი სასწრაფოდ გიბარებთო. შევხვდი თამარ ლებანიძეს, რომელმაც მითხრა, – ბევრი კანდიდატურა შემომთავაზეს, მაგრამ ვიცი, ამ საქმეს ყველაზე კარგად თქვენ გაუძღვებით და ამიტომ გადავწყვიტეთ, სამინისტროში მიწის მართვის სამსახურს უხელმძღვანელოთო. შემდეგ ამავე სამინისტროში გარემოს ინტეგრირებული დეპარტამენტის უფროსად დავინიშნე. პარალელურად, რვა წლის განმავლობაში, თბილისში მიწის აღიარების კომისიის წევრი ვიყავი.
2010 წლის ბოლოს სამუშაოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადამიყვანეს. მიწის ბუნებრივი, სამეურნეო და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ არსებული დოკუმენტების გაციფრულება დავიწყეთ. მთელ საქართველოში ჩემი ხელმოწერით გაიცემოდა ეს დოკუმენტები – ყოველდღე დაახლოებით 300-დან 400-მდე რაოდენობის.
ამის შემდეგ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან დამიკავშირდნენ, – მიწის საკითხებზე კვალიფიციური კონსულტაციები სჭირდებოდათ. რთული მდგომარეობა დამხვდა. ბევრი ვიშრომეთ დმანისის, მცხეთის, ვანის, მესტიის, ახალციხის, გურჯაანის მუზეუმების მიწის საკითხებზე. ზოგ შემთხვევაში სამართლებრივი გზების მოძებნა რთული აღმოჩნდა, მაგრამ თავი გავართვით.
პარლამენტი მალე განიხილავს ორ კანონპროექტს, რომლებზედაც, როგორც ექსპერტმა, ვიმუშავე. ერთია მიწის საკუთრების შესახებ, ხოლო მეორე – მიწის დანიშნულების, მისი კატეგორიისა და ცვლილების შესახებ კანონპროექტი.
ორი წლის წინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან დამირეკეს და მთხოვეს, საკონსტიტუციო სასამართლოში წარვმსდგარიყავი, როგორც ექსპერტი. საქმე ეხებოდა მიწის დანიშნულების ცვლილებას. წლების წინ დაკანონდა, რომ თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის არასასოფლო დანიშნულებით გამოყენებას გადაწყვეტდა ვინმე, ნაყოფიერი ფენა აუცილებლად უნდა დაესაწყობებია. ნაყოფიერი ნიადაგის გაფუჭება კაცობრიობის წინაშე დანაშაულია. ერთი სანტიმეტრი ნაყოფიერი ფენის ჩამოყალიბებას ასი წელი სჭირდება.
მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისა და მიწის დანიშნულების შეცვლისთვის, რაიონების მიხედვით, სხვადასხვა თანხა იყო დაწესებული. ეს გაუქმდა და დარჩა მხოლოდ თბილისსა და სარეკრეაციო ზონებში – ბაკურიანში, ბახმაროში, ბათუმში, გუდაურში – 1 ჰა-ზე 100 ათასი ლარი. ეს ერთგვარი შემაკავებელი ღონისძიება იყო, რომ მიწა ხელაღებით არ გაფუჭებულიყო. ერთმა ადვოკატმა ეს ნორმა ადამიანის უფლებების შელახვად მიიჩნია და გადასახადის ყველგან გაუქმება მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემს პოზიციას საათნახევარი ვასაბუთებდი. განხილვიდან სამი თვის შემდეგ პარლამენტიდან შემატყობინეს, თქვენი წყალობით საქმე მოვიგეთო. მიწასთან დაკავშირებული საკითხები სისხლხორცეულად ჩემია.
-ბატონო პაატა, რისი მართვა უფრო ძნელია, ფინანსების თუ ადამიანების?
-ადამიანებთან ურთიერთობა გაცილებით რთულია. თუ ადამიანთან შეგეშალა, არასწორად ნათქვამი სიტყვის უკან დაბრუნება შეუძლებელია. მთელი ცხოვრება ვაკვირდები ადამიანებს და მათგან ვსწავლობ. სულ ცოტა რამაა საკმარისი, რომ ადამიანი გააბედნიერო ან დაღუპო. ზოგთან დიდი სიყვარულია საჭირო, ზოგთან – უკომპრომისობა. ადამიანი ფუქსავატობას არ უნდა მიეჩვიოს. ბევრი უნდა იშრომო. შრომა ბრძოლის ერთ-ერთი სახეა. ბრძოლის გარეშე გამარჯვება არ არსებობს. თუ არ ისწავლი და არ იშრომებ, გამარჯვებამდე ვერ მიხვალ. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უფრო მეტად სახელმწიფოებრივი აზროვნება ჭარბობს ჩემში. ისე, ალბათ, წარმატებას ვერ მივაღწევდი.
-არსებობს მოსაზრება, – როცა ადამიანს ენდობი, მას ისეთ იარაღს აძლევ ხელში, რომლითაც შეუძლია ზიანიც მოგაყენოს და სარგებელიც მოგიტანოს. თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ნდობასთან დაკავშირებით?
-ორივენაირი გამოცდილება მაქვს. გული უტკენიათ, მაგრამ მიტევება შემიძლია. თუ ადამიანთან ვერაფერი გავაწყვე, მერე ვტოვებ მას და არ მენანება. ასეთი რამ შემემთხვა: უმუშევრად დარჩენილი პროფესიონალი სამსახურში მივიღე. მალე რეორგანიზაცია დაიწყო. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია და თუ მყარი ნებისყოფის არ ხარ, შეიძლება ადამიანობა დაკარგო. ყველა თანამშრომელი გავაფრთხილე, რომ ჩემთან ერთმანეთზე არაფერი ეთქვათ. ერთხელაც, ჩემი მიყვანილი პიროვნება მოდის და კოლეგაზე გაუგონარ ამბავს მიყვება. ვკითხე, თავად იმ ადამიანს თუ ესაუბრა და მასთან ერთად თუ განიხილა ის თემები. რას მიპასუხებდა, უდანაშაულოს ცილს სწამებდა. ამიტომ ვუთხარი, სამსახურში აღარ მოსულიყო.
-ბატონო პაატა, ყოველთვის ასრულებთ დანაპირებს, მაშინაც კი, როცა ის თქვენთვის ხელსაყრელი არ არის?
-დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ. როცა ვინმეს რამეს ვპირდები, არასდროს ვფიქრობ, ეს ხელსაყრელი იქნება, თუ არა.
-მიგრაცია დღეს, ფაქტობრივად, შეუქცევადი პროცესია. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს სოფლების გასაძლიერებლად? ხარაგაულის განვითარებას რა მიმართულებით ხედავთ?
-ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ეს ყველაფერი სპეციალურად ხომ არ ხდება. თუმცა, ძალიან ახლოს რომ გავიცანი სოფლად მცხოვრები ადამიანები, დავრწმუნდი, რომ მათ ნაწილს შრომა ეზარება. ვერტყვიჭალაში ბევრი რამ საკუთარი ხელით გავაკეთე, ფიზიკურად ვშრომობდი. ყველაფრის მოწყობაში ფულის გადახდას ვერ შევძლებდი.
ჩვენი მიწის მოცდენა არ შეიძლება. 30 წლის წინ დედამიწას სურსათის წარმოების რესურსი 4,5 მილიარდი ადამიანისთვის ჰქონდა. ახლა 7 მილიარდი ვართ და გამოდის, რომ ადამიანთა ნაწილი ან შიმშილობს, ან ბუნებრივ პროდუქტებს არ ჭამს. ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოცდენა. გარკვეული რაოდენობის მიწის ფართობის მფლობელი გადასახადისგან გათავისუფლებულია. ეს ცუდი არ არის, მაგრამ მიწას ფასი აღარ აქვს. ახალი კანონით, თუ კუთვნილ მიწას არ დაამუშავებ, შესაძლოა ჯარიმები დაწესდეს. წინააღმდეგი ვარ, რომ საქართველოში მიწა უცხოელმა იყიდოს, მაგრამ მიწაზე მუშაობა აღარავის უნდა. დამერწმუნეთ, ვერავინ ისე ვერ დაამუშავებს და მოუფრთხილდება აქაურ მიწას, როგორც ქართველი. მონდომება და დამოკიდებულებების შეცვლაა საჭირო.
რაც შეეხება ხარაგაულს, საქმით უნდა გვიყვარდეს და არა – სადღეგრძელოში. ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვერტყვიჭალაში დიდი ტურისტული ცენტრი უნდა გავაკეთოთ სასტუმროთი და საკონფერენციო დარბაზით. ვერტყვიჭალა, ფაქტობრივად, საქართველოს ცენტრია. ირგვლივ შესანიშნავი ბუნება, ბევრი კანიონია. შარშან ზაფხულში რუსეთის ქალაქ იჟევსკიდან ცოლ-ქმარი გვესტუმრა. მერე რთველზე ჩამოვიდნენ. წელს, მათი გავლენით, ათი ოჯახი ჩამოდის. მსურს, აქ მოსვლის შესაძლებლობა, პირველ რიგში ქართველებს, ხარაგაულელებს ჰქონდეთ.
ხარაგაულში მეღვინეობა უნდა განვითარდეს. ამის დიდი პოტენციალი გვაქვს. ჩვენთან ციცქისა და ცოლიკაურისგან უნიკალური ჯიშის საშამპანურე ღვინო-მასალა იწარმოება. ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ ციცქას სამშობლო სოფელი ციცქიურია. ძირულას ხეობის სოფლებში მართლაც საუკეთესო ციცქა მოდის. ამას პოპულარიზაცია სჭირდება. მითხრეს, ციცქიურში ხუთტონიანი ქვევრიაო. უნდა მოვიძიო და იქ, შესაძლოა, ექსკურსიები დაიგეგმოს. ქართველი კაცის ყოფა-ცხოვრება ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. ხარაგაული უნდა იყოს მეღვინეობის დარგში ერთ-ერთი წამყვანი. ამას შრომა სჭირდება და არ უნდა დავიზაროთ.
კიდევ ერთი – განვითარებისთვის სტაბილურობა აუცილებელია. მმართველი გუნდის ცვლილებამ ქვეყნის განვითარების მთავარი ღერძის მიმართულება არ უნდა შეცვალოს.
-ბატონო პაატა, ხარაგაული დატოვეთ და თან არც დატოვეთ. წასვლა-არწასვლის თქვენეული არგუმენტები რა არის?
-ხარაგაულიდან წასასვლელად ბევრი არგუმენტი მქონდა – პირველ რიგში, ბატონი ზურაბ გეგეჭკორი მთხოვდა თბილისში გადასვლას. როცა გამგებლის მოადგილედ დავინიშნე, სწორედ მაშინ შემომითვალა კიდევ ერთხელ. უარი ვუთხარი და შეცდომა დავუშვი. გამგებლის მოადგილედ მუშაობისას დიდი დრო ოპონენტებთან ომს მოვანდომე. სასამართლოზე ერთხელ წამოცდათ, რომ ჩემი თანამდებობა უნდოდათ. ჩემთვის წასვლის არგუმენტი ის იყო, რომ უფრო მეტი საქმის გაკეთება მინდოდა და ეს შევძელი. საქართველოში მიწის მართვის საკითხებში ახალი მიდგომები დავამკვიდრეთ.
თბილისში საცხოვრებლად წასვლა ჩემი შვილების განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. წავედი, მაგრამ ხარაგაულს არ მოვწყდი. აქ მუდმივად მაცხოვრებელ ბევრ ოჯახზე მეტი მოსავალი მომყავს.
-გაიხსენეთ ადამიანები, ვინც თქვენი ცხოვრება განსაზღვრეს?
-ასეთი ადამიანი ბევრია, მათ შორის ერთ-ერთი პირველი – იოსებ ბექტურაშვილი. ნათელი დაადგეს მის სულს. მისგან ადამიანობა, სიყვარული, საქმის ბოლომდე მიყვანა ვისწავლე.
იოსებ ბექტურაშვილი შრომის მასწავლებელი იყო და ამავე დროს პიონერთა სახლში ფოტოსაქმეს გვასწავლიდა. იოსებ მასწავლებელმა ფოტოხელოვნება შემაყვარა. 14 წლის ვიყავი, მოსწავლეთა რესპუბლიკურ ფოტოკონკურსზე პირველი ადგილი რომ დავიმსახურე. სამასი მანეთით და უკრაინის გმირ ქალაქებში ორკვირიანი მოგზაურობით დამასაჩუქრეს. ეზოში დავიჭირე კადრი, კატამ რომ ძაღლს ხეზე შეასწრო. თბილისში, ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში ფოტოგამოფენა ჩემი ფოტოთი იხსნებოდა.
მადლიერი ვარ ჩემი პედაგოგების, მეგობრების, იმ ადამიანების, რომელთა გვერდითაც ვმუშაობდი. ბევრი მათგანი, მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი სიყვარულით, უჩუმრად აკეთებდა თავის საქმეს.
-გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი ღირებულება.
-ოჯახი 1986 წელს, თამარ კურტანიძესთან ერთად, სიყვარულით შევქმენი. ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი გვყავს. რაც გაგვაჩნია, ჩემი და თამრიკოს შრომით, უძილო ღამეებში ბევრი ფიქრით არის შექმნილი. ბევრი წუხილი გადავიტანეთ. იყო პერიოდი, მეორე დღის საჭმელი არ გვქონდა. 1993 წელს მთელ ოჯახს ბოტკინი შეგვხვდა. საავადმყოფოდან დაბრუნებულებს სახლში პური არც გვქონდა და არც იშოვებოდა. მჭადის ჭამა გვეკრძალებოდა, მაგრამ მჭადის ფქვილიც გამოლეულიყო. დიდთოვლობის გამო დენიც გათიშული იყო. გადავწყვიტე, ვინმესთვის მეთხოვა და სიმინდი წყლის წისქვილზე დასაფქვავად გამეტანებია. კარი რომ გამოვაღე, ოთახში პურის ფქვილით სავსე ტომარა გადმოვარდა. ოქრო რომ ყოფილიყო, ისე არ გაგვეხარდებოდა. პურის ფქვილით სავსე ტომარა თამრიკო მეიფარიანის ოჯახიდან მოუტანიათ და კარებთან დაუტოვებიათ. ყველაფერი ღმერთისა და ღვთისნიერი ადამიანების წყალობითაა. ბიზნესში შემთხვევით აღმოვჩნდი. აქაც ბევრი ბრძოლა გადაგვხდა. ჩვენს ოჯახში უმთავრესი ღირებულება შრომაა.
-რას უსურვებთ თქვენს შვილიშვილებს და მათ თაობას?
-უპირველესად, სიყვარულს ვუსურვებ, მათ შორის – მტრისას. მტერი გაფხიზლებს და ამიტომ უნდა გიყვარდეს. სიკეთის კეთების სურვილი არ უნდა გაგიქრეს. თუ გაჭირვებაში მყოფ ადამიანს გვერდით არ დაუდექი, ისე შენს ყოფნას რა აზრი აქვს?! მადლის უკან დაბრუნებას არ უნდა ელოდო. უფალი ყველაფერს წინ დაგახვედრებს. შვილიშვილებმა და მათმა თანატოლებმა არ უნდა დაივიწყონ მამული, ენა, სარწმუნოება. მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ ყველაზე უკეთ საკუთარ სამშობლოში იცხოვრებენ. ავკაცობა, ავგულობა, ავენიანობა გამოსავალი არ არის. „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო,“ ხომ გაგიგონიათ.
შრომისმოყვარეებად უნდა გაიზარდონ და იცოდნენ, მომავალი შრომის გარეშე არ არსებობს. ადამიანის გულის პოვნა უნდა შეძლონ. ფინანსების სწორად მართვა უნდა ისწავლონ. ყველგან უნდა ეძებონ და შეიძინონ მეგობრები – არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები, რა ეროვნებისა და რელიგიის იქნებიან. ჭეშმარიტი მეგობარი დიდი სიმდიდრეა. არ უნდა დაივიწყონ ნოდარ დუმბაძის მარადისობის კანონი: „ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…“
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: პაატა ჭიპაშვილი მეუღლესთან, თამარ კურტანიძესთან, ერთად.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის