
ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ 17-21 ივნისს ბაქოში დაგეგმილ საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალში ჩაერთვება.
ანსამბლის ბაქოში გასტროლის თანადაფინანსებისთვის საჭირო თანხა – 10 ათასი ლარი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ამ გადაწყვეტილებას საკრებულომ მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, განსხვავებული მოსაზრებებიც გამოითქვა. დეპუტატები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედი ქორეოგრაფიული წრეები ასეთ მხარდაჭერას მოკლებულია.
ელენე ტალახაძე მეცხრე წელია, რაც „უბისის“ მოცეკვავეა. ელენეს დედა, ნინო ფცქიალაძე ამბობს, რომ მათი ოჯახისთვის დიდი შეღავათია ფესტივალში ანსამბლის მონაწილეობის თანადაფინანსება. გასულ წლებში ბულგარეთში ელენე ვერ წავიდა – ოჯახს ამის ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. ნინო ფცქიალაძე მოხარულია, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდები მეზობელი ქვეყნის კულტურას გაეცნობიან და ახალ მეგობრებს შეიძენენ.
რა მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას, რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ქორეოგრაფები რეგიონებში, – ამ საკითხებზე „უბისის“ ხელმძღვანელები, და-ძმა ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები გვესაუბრებიან.
მათ ხარაგაულში საქმიანობა 25 წლის წინ დაიწყეს. ხარაგაულის სკოლა-ბაღის დირექტორმა ნანა მენაბდემ ზაზას შესთავაზა, რომ სკოლაში ცეკვის წრე შეექმნა.
ორწლიანი მეცადინეობის შემდეგ მოსწავლეები კინოთეატრის სცენაზე გამოიყვანეს.
„იმ ღონისძიებას ჩემი მასწავლებელი, დიდებული პიროვნება და ქორეოგრაფი ლევან ლურსმანაშვილი ესწრებოდა, – იხსენებს ზაზა ლურსმანაშვილი, – კონცერტი რომ დამთავრდა, ლევანი მასწავლებელი ჩემთან ხელებგაშლილი მოვიდა, გულში ჩამიხუტა და მითხრა, – აღარ მოვკვდები, რადგან ხარაგაულში ჩემი საქმის გამგრძელებელი ვნახე, ყველაფერი შენ უნდა გადმოგაბარო და აბა, შენ იცი, როგორ მიხედავო. მოცეკვავეთა ფორმები, ქამარ-ხანჯლები და „აზიაცკები“გადმომცა. ეს ჩემთვის დიდი სტიმული და აღიარება იყო. მივხვდი, რომ ამ საქმეს თავს ვეღარ დავანებებდი.
შემდგომ წლებში მოსწავლეთა მიღება ხარაგაულის მასშტაბით გამოვაცხადეთ. 2008 წელს, საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, გიგა გლუნჩაძის ინიციატივით, ჩვენმა ანსამბლმა სტატუსი შეიცვალა და კულტურის ცენტრთან არსებული გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ანაზღაურებას ბიუჯეტიდან ვიღებთ. ანსამბლის წევრობა უფასოა, ხოლო ქორეოგრაფიულ წრეზე მეცადინეობისთვის თვიურად 10 ლარია გადასახადი. ეს ძალიან მცირე თანხაა, მაგრამ ხარაგაულის მოსახლეობის მდგომარეობას ვითვალისწინებთ. სარეპეტიციო დარბაზის ქირას და მედოლის ანაზღაურებას ამ თანხით ვფარავთ. ხშირად მშობლებს ათი ლარის გადახდაც უჭირთ.
ანსამბლის სახელი უბისის მონასტერს უკავშირდება. წლების განმავლობაში მეგობრები უბისის ტაძარში ყოველ კვირას, მამა მათეს (ბუაჩიძე) თხოვნით, დავდიოდით და ვგალობდით. მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ ქორეოგრაფიული ანსამბლისთვის „უბისი“ მეწოდებინა.“
„უბისი“ საქართველოში დღეს უკვე წარმატებული და სახელგანთქმული ანსამბლია. ფესტივალებსა და კონკურსებზე მრავალი წარმატება და უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. 2013 წელს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა ანსამბლს სანიმუშო საბავშვო სახალხო ანსამბლის წოდება მიანიჭა, 2015 წელს კი ქორეოგრაფი ზაზა ლურსმანაშვილი ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირმა ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „ამაგდარი ქორეოგრაფის“ ორდენით დააჯილდოვა.
2009 წელს ზაზა ლურსმანაშვილმა ხარაგაულში ქორეოგრაფიული ფესტივალი „კიდევაც დაიზრდებიან“ დააფუძნა. ამ ფესტივალში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობენ. 2017 წელს ფესტივალში ბაღდათის, ზესტაფონისა და ქუთაისის ქორეოგრაფიული ანსამბლები ჩაერთვენ. ფესტივალის მიზანი ქართული ცეკვის პოპულარიზაციასა და საუკეთესო ქორეოგრაფიული მონაცემების მქონე ახალგაზრდების წარმოჩენაა, რომელთაც ანსაბლ „უბისში“ იწვევენ.
„ცეკვას სპეციალისტი უნდა ასწავლიდეს, – ამბობს ზაზა ლურსმანაშვილი, – პროფესიონალმა იცის, ბავშვს რომელ ასაკში რა ილეთი შეასწავლოს. 8-9 წლის ბიჭს ისეთ ილეთებს აკეთებინებენ, რამაც შეიძლება კიდურები დაუზიანოს. საქართველოში, სამწუხაროდ, ქორეოგრაფიის მიმართ ყურადღება მოდუნდა. როცა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს გიორგი უშიკიშვილი ხელმძღვანელობდა, ქორეოგრაფებს მასტერკლასებს გვიტარებდნენ. პროფესორები თედო სულაბერიძე, რეზო ჭანიშვილი, უჩა დვალიშვილი გვასწავლიდნენ, რა და როგორ გაგვეუმჯობესებინა.
თბილისში, სერგო ზაქარიაძის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში, ქორეოგრაფი გაიოზ გოგოლიძე ცეკვასთან ერთად მოსწავლეებთან ურთიერთობას გვასწავლიდა. მისი ყველა დარიგება ვერ შევასრულე. ქორეოგრაფები, შესაძლოა, ზედმეტად მკაცრებიც ვართ, მაგრამ დღეს მიდგომები შეიცვალა. ამ ბოლოს ასეთი მეთოდი შემოვიღე, – მოსწავლეებს ხან ჯგუფში, ხან – ინდივიდუალურად ვესაუბრები. ზოგი მოსწავლის მშობელს უნდა, რომ მისმა შვილმა ცეკვის ელემენტარული ილეთები ისწავლოს, ზოგს სურს, რომ ქორწილებში ცეკვავდეს. ჩვენ გვინდა, რომ მაღალი დონის ანსამბლი გვყავდეს.
საქართველოში ქორეოგრაფიულ ფესტივალებს, ძირითადად, ქორეოგრაფთა კავშირი და ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი ატარებენ. ეს ორგანიზაციები, ჩვენი შედეგების მიხედვით, უცხოეთში ფესტივალებში მონაწილეობას გვთავაზობენ. ჩვენი სურვილია, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდები საზღვარგარეთ წავიყვანოთ. გარდა იმისა, რომ უცხო ქვეყნის კულტურას ეცნობიან, დიდ სცენაზე დგომის გამოცდილებას იღებენ. „უბისი“ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულია. ამიტომ ანსამბლის წევრთა მშობლებმა და მეც თანადაფინანსების მოთხოვნით ამ ცენტრის დირექტორს მივმართეთ. მოხარული ვიქნები, თუ ბიუჯეტიდან სხვა ანსამბლებსაც დააფინანსებენ“.
ქორეოგრაფი ელისო ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად მოსწავლეთა მშობლებს ფორმების შეკერვისთვის საჭირო თანხის გადახდა უჭირთ. ის მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ კუთხით თანადაფინანსება კარგი იქნება.
„ცეკვის ფორმა სპეციალისტმა უნდა შეკეროს, – ამბობს ელისო ლურსმანაშვილი, – წელიწადში ერთხელ უცხოეთში ფესტივალისთვის და ერთი ფორმის ღირებულების თანადაფინანსება დიდი შეღავათი იქნება.
რაც თავი მახსოვს, მე და ზაზა სულ ვცეკვავთ. მინდა, რომ ეს საქმე მომავალში ჩვენმა მოსწავლემ გააგრძელოს. ამაზე ხშირად ვფიქრობ და გოგონებსაც ვეკითხები, ხომ არ აქვთ ქორეოგრაფობის სურვილი. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენი მოსწავლე ჩვენს საქმეს გააგრძელებს. ვფიქრობ, რომ ხარგაულელ ახალგაზრდებს ცეკვა შევაყვარეთ. თითოეული ცეკვის შესწავლისას მოსწავლეებს მის ისტორიას ვაცნობთ. კარგია, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, სოფლებში ვიაროთ და უხუცესებისგან ძველი ილეთები შევისწავლოთ.“
ნინო კაპანაძე
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის