
საქართველოს საზღვრებთან – ლარსში, ბათუმში, პანკისის ხეობაში – პატრიარქის კურთხევით აშენებულ ყველა ეკლესიას ხარაგაულელი გოჩა სხილაძის ხელით შექმნილი ხის კარ-ფანჯრები, სამეუფეო ტახტი, კანკელი, ანალოგიები, კიოტი, ხატები ამშვენებს.
ლარსში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსისთვის სპეციალური ტახტი მან დაამზადა. საქართველოში თითქმის ყველა ქალაქის მოქმედ ეკლესიაში გოჩა სხილაძისგან მოჩუქურთმებული თუ მოჭედილი საეკლესიო ატრიბუტიკაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნამუშევარი მისთვის დღემდე ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის კარებია. მაშინ 16 წლის იყო. თოიძის სახელობის სასწავლებელში სწავლობდა. პირველ სერიოზულ საქმეს დიდი სიხარულით შეუდგა. თბილისში, მხატვარ დავით კიკნაველიძის სახელოსნოში მთელი ზაფხული დამოუკიდებლდ მუშაობდა.
„საბავშვო ბაღის ასაკიდან ხატავდა, – იხსენებს გოჩა სხილაძის დედა ედელა სხილაძე, – სკოლაში ხატვის გარდა არაფერი აინტერესებდა. ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ, ზურაბმა, გადავწყვიტეთ, თბილისში თოიძის სასწავლებელში გაეგრძელებინა სწავლა. ორწლიანი სასწავლებლის დამთავრებისთანავე სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა. აკადემიაში ჩარიცხვა ძალიან რთული იყო. გაუგებრობა მოხდა – სექტემბერში პირველ კურსზე რომ მივიდა, გამოუცხადეს, არ ჩარიცხულხარო. გაირკვა, რომ გოჩას მაგივრად გავლენიანი პირის შვილი მიიღეს. ვერაფერს გავხდით. აკადემიაში მეორე წელს ჩაირიცხა.“
1990 წელს გოჩა სხილაძემ სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი ხისა და ლითონის მხატვრული დამუშავების სპეციალობით დაამთავრა. ამბობს, რომ სტუდენტობის დროს განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია. თუმცა, არქაულ თემაზე შექმნილი მისი ჭედური ნამუშევრები საქართველოს კულტურის სამინისტრომ მოსკოვში წაიღო – სავარაუდოდ, საჩუქრებად. გოჩა სხილაძესთვის მტკივნეულია, როცა არ იცის, ვის ხელში მოხვდა ნაკეთობა, რომელშიც საკუთარი სული ჩადო, ღამეები გაათენა. თითოეული ნამუშევარი მისთვის სულიერია. ბედნიერია მაშინ, როცა ეკლესიისთვის მუშაობს.
განსაკუთრებულ შეთხვევებში, მუშაობის დაწყებამდე, პატრიარქი აკურთხებს ხოლმე. ყველა საქმის დაწყებისა და დასრულების შემდეგ ლოცულობს. შეიძლება ხე ისე „გაჯიუტდეს,“ თვეები ხელი ვერ მოკიდოს, არ დაემორჩილოს, მაგრამ შეიძლება ერთ კვირაში დაასრულოს ერთი შეხედვით რთული საქმე. ამის ახსნა არ შეუძლია. მუშაობის პროცესი სიამოვნებას ანიჭებს და თვლის, რომ ეს ღვთის მადლია.
„გულში ენით უთქმელი სიხარული მეუფლება და მაქსიმალურად ვიხარჯები, – ამბობს გოჩა სხილაძე, – სანამ მასალას შევეხები, ბევრს ვფიქრობ, რა გამოვა. დამკვეთთანაც ხანგრძლივად ვმსჯელობ, ვესაუბრები, გამზადებულ ნაკეთობაში ძნელია რამის შეცვლა. მოთმინება, მონდომება, შინაგანი სიმშვიდე აუცილებელია, მაგრამ თუ სიყვარულით არ ქმნი, ნაკეთობა უსულო გამოვა. საეკლესიო ატრიბუტები ერთი დღისთვის ხომ არ კეთდება. მან თანამედროვე ეპოქასაც უნდა უპასუხოს და ისტორიასაც. ამას ყველაფერს ვითვალისწინებ. ყველა ორნამენტში გარკვეული შინაარსი დევს.
ჩემი ურთიერთობა ეკლესიასთან სტუდენტობის დროს დაიწყო. ბოლნისის სიონის კანკელის გაკეთება შემომთავაზეს. ვერ შევძელი. როგორც ჩანს, მაშინ ამისთვის მზად არ ვიყავი. აკადემიას რომ ვამთავრებდი, რკინის ემბაზი დავამზადე და ვერაზე, ლურჯ მონასტერს შევწირე. ის ჭედური ემბაზი ჩემი სადიპლომო ნამუშევარია. 17 წლის წინ იმ ემბაზში ჩემი უმცროსი შვილი ლუკა მოინათლა. 12 წელია, თბილისში, ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სტიქაროსანი ვარ.
საქართველოში, 50-ზე მეტ ტაძარშია ჩემი ნაკეთობები და სამწუხაროდ, ჩემ მშობლიურ ხარაგაულში – არა. მიხარია, რომ ხარაგაულში საკათედრო ტაძარი შენდება. ალბათ, თუ საჭირო გავხდები, დამიძახებენ. ჩემი სურვილით რასაც შევწირავ, ეს სხვა საქმეა.
ცხოვრებაში ბევრი ადამიანი გვხვდება. ყველასგან რაღაცას სწავლობ, მაგრამ არიან ისეთები, გადამწყვეტ როლს რომ თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში. 30 წელი მამა, ზურაბ სხილაძე, საპროექტოს უფროსი იყო ხარაგაულში და ცდილობდა, მისი პროფესიით დავინტერესებულიყავი. მე კი ხატვის გარდა არაფერი მინდოდა. ჩემმა მშობლებმა თავი არ დაზოგეს, რომ ის მესწავლა, რაც მაინტერესებდა.
14 წლის ვიყავი, თბილისში საცხოვრებლად რომ ჩავედი. ბევრი რამ ვისწავლე კაკო თევზაძისგან. კარგი მხატვარი იყო, – ნახატთან და მხატვრობასთან თავისი მიდგომით გამორჩეული. აკადემიაში ჩასაბარებლად მასთან ვემზადებოდი. ჩემთვის დღემდე ობიექტურობისა და სამართლიანობის მაგალითია ალექსანდრე კალანდაძე. ხატვის კათედრის უფროს პედაგოგად მუშაობდა. შრომისმოყვარე და ნიჭიერი სტუდენტების დაფასება უყვარდა.“
გოჩა სხილაძის მეუღლე ქალბატონი მარინა ხატმწერია. ორი შვილი ჰყავთ – 27 წლის ზურაბი და 20 წლის ლუკა. ლუკა დაბადებიდან ხატავდა და ოჯახის წევრებს ეგონათ, სამხატვრო აკადემიაში სწავლას მოინდომებდა. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა კვების ტექნოლოგიას ეუფლება. წერს ელექტრონულ მუსიკას.
გოჩა სხილაძის ოჯახში თვლიან, რომ სიყვარულის გარეშე საქმეს ვერ გააკეთებ.
„…ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ისაა, წირვის დროს ლოცვებში რომ მოგვიხსენიებენ, – ამბობს გოჩა სხილაძე, – ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს. ფულს აიღებ და დახარჯავ. ტაძარში კი, სადაც რამეს შექმნი, საუკუნეთა განმავლობაში გლოცავენ. ხალხს ვემსახურები, – ცოტა ბანალურად ნათქვამია, მაგრამ ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მაბედნიერებს. თუ ხვდები, რომ ის საქმე შენი საკეთებელია, ძალა და ენერგია არ უნდა დაიშურო. ისტორია გამოაჩენს, რამდენად მართალი იყავი, რადენად სწორად იმსახურე.“
ნინო კაპანაძე
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე,
2025 წლის 8 სექტემბერს თბილისში,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის