ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებისა და საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს ორგანიზებით 6 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღში პროექტი „მამაკაცები აღმზრდელებად“ განხორციელდა.

„დილიდან ხარაგაულის საბავშვო ბაღების ყველა ჯგუფში ბავშვებს მამაკაცი აღმზრდელები დახვდნენ, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – წინასწარ შერჩეულმა, სხვადასხვა პროფესიის, საზოგადოებრივად აქტიურმა პიროვნებებმა აღსაზრდელებთან სამუშაოდ კონსულტაციები გაიარეს.

ამ პროექტის მიზანია, ბავშვის აღზრდაში მამაკაცის ჩართულობა გავზარდოთ; საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელობა მხოლოდ ქალის პროფესია არ არის. ბავშვის აღზრდაში ქალი და მამაკაცი თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ.“

„შერჩეული „აღმზრდელები“ წინასწარ გაეცვნენ საბავშვო ბაღის დღის განრიგსა და აქტივობებს, – ამბობს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მეთოდისტი თამარ ავალიშვილი, – ისინი ძალიან დაინტერესდნენ და დიდი სერიოზულობით შეუდგნენ საქმიანობას. ბავშვის აღზრდაში დედისა და მამის როლი თანაბარი უნდა იყოს. პროექტში „მამაკაცები აღმზრდელებად“ მერიის სამსახურების უფროსები და თანამშრომლები ჩავრთეთ. ვფიქრობ, ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას კარგად შეახსენებენ, თუ რა პასუხისმგებლობისა და მოვალეობების წინაშე დგანან აღმზრდელები საბავშვო ბაღებში“.

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში „აღმზრდელთა“ მოვალეობები თეიმურაზ ჩხეიძემ, დავით კიკნაძემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, ზურაბ იჩქიტიძემ, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, დავით ჩადუნელმა, ალექსანდრე ტაბატაძემ შეითავსეს; ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღში – ვალერი ჭიპაშვილმა და ოთარ ლურსმანაშვილმა, ხუნევში – იოსებ სახვაძემ, ვერტყვიჭალაში – დიმიტრი ბარბაქაძემ, ღორეშაში – იულონ კოპაძემ, ნადაბურში მერაბ ნოზაძემ და ზურაბ გრიგალაშვილმა, წყალაფორეთში – სოსო და თეიმურაზ ხიჯაკაძეებმა, ხიდარში – კოტე და ირაკლი ბერაძეებმა, კიცხში ბესო ზვიადაძემ, ვარძიაში – მამუკა ღონღაძემ, ბორითში ლევან დონაძემ, ელდარ ბარბაქაძემ და ავთანდილ ზუმბაძემ, ზვარეში – გოგი მაღლაკელიძემ. ხევის, ლეღვანისა და მოლითის საბავშვო ბაღებში პროექტი „მამაკაცები აღმზრდელებად“ მომავალ კვირაში განხორციელდება.

ხარაგაულის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსმა ზურაბ იჩქიტიძემ ამ პროექტის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგო და შეეცადა აღსაზრდელებთან ერთად შინაარსიანი და აქტივობებით დატვირთული დღე გაეტარებინა.

„მასწავლებლის შრომა საბავშვო ბაღში ჯეროვნად უნდა დაფასდეს, მთელი დღის განმავლობაში პედაგოგმა უდიდესი ყურადღება უნდა გამოიჩინოს თითოეული ბავშვის მიმართ, ყველას აზრი უნდა მოისმინოს. ეს ძალიან რთულია, – მიაჩნია ზურაბ იჩქიტიძეს.

ხარაგაულის მერის მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე ამბობს, რომ ბავშვის აღზრდაში მამაკაცის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსაზრდელთა მშობლები სოფო ლომსაძე და თამთა მეტრეველი მიიჩნევენ, რომ მამები ბავშვებთან ცოტა დროს ატარებენ. ამიტომ მათი ჩართვა სააღმზრდელო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ამბობენ, რომ მამაკაცი „აღმზრდელები“ ძალიან მოეწონათ.

თამთა გოგოლაძე