სიახლეების ძიება, გამოწვევების დაძლევა და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნვა კიცხის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ეკა მელქაძის, საქმიანობის მთავარი მიზანია.

2018 წლის ნოემბერში ეკა მელქაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. მანამდე ამ სტატუსს ხარაგაულში მხოლოდ ერთი – საღანძილის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ირმა ყრუაშვილი ფლობდა.

ეკა მელქაძე მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის გასაძლიერებლად გამოყენებულ საკუთარ ხერხებსა და მეთოდებს გვიზიარებს, თანამედროვე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე გვესაუბრება.

„პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე წარმატებებს ჩემი ოჯახის თანადგომით მივაღწიე, – გვიამბობს ეკა მელქაძე, – ოჯახი სკოლის დამთავრებამდე, 1992 წელს, შევქმენი. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, უმაღლესი განათლება მიმეღო და მემუშავა. მეუღლე და მისი მშობლები გვერდით დამიდგნენ. ხარაგაულის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე ისტორიისა და სამართალმცოდნის სპეციალობით. უმაღლესში სწავლის პარალელურად, 1994 წელს, მუშაობა კიცხის საშუალო სკოლაში დავიწყე. 25 წელია, ამ სკოლაში ვასწავლი.

ვთვლი, რომ მიზანდასახული და შრომისმოყვარე ვარ. უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება ამ კონკურსის გამოცხადების პირველივე წელს მივიღე. მაშინ ტესტებში ასიდან ასივე შეკითხვას სწორად ვუპასუხე. 2010 წელს გავხდი სერტიფიცირებული, გასულ წელს კი – წამყვანი მასწავლებელი.

ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც წამყვანი მასწავლებლის წოდების მოსაპოვებლადაა საჭირო, მოსწავლეებში წიგნიერების დონის გაზრდას ეხება. სამი წლის წინ სკოლის დირექტორმა მეექვსე კლასის დამრიგებლობა მომანდო. სამწუხაროდ, მათი განათლების საერთო დონე ათი წლის წინანდელი თაობისას ძალიან ჩამორჩებოდა. ზოგს წერა-კითხვა უჭირდა. ყველაზე საგანგაშოდ მომეჩვენა ის, რომ მოსწავლეები კლასგარეშე ლიტერატურას საერთოდ არ კითხულობდნენ. ერთხელაც, ისინი ბიბლიოთეკაში წავიყვანე. თითოეულს მისთვის საინტერესო წიგნი შევარჩევინე. გარკვეული დროის შემდეგ კლასში წაკითხულის პრეზენტაცია უნდა მოეწყოთ. გამოვაცხადე კონკურსი – სასწავლო წლის ბოლოსთვის ვისაც ყველაზე მეტი წიგნი ექნებოდა წაკითხული, დავაჯილდოებდი. მეექვსე კლასში ათი მოსწავლე სწავლობდა. პრეზენტაციების დროს ისინი, ფაქტობრივად, ათი წიგნის მოკლე შინაარსს ეცნობოდნენ. მშობლებს უხაროდათ, – რა კარგია, ჩვენი შვილებს, თქვენი წყალობით, წიგნის კითხვა შეუყვარდათო.

ჩემს მიერ დანერგილი ეს მეთოდი კვლევაში დოკუმენტურად ავსახე, უმაღლესი შეფასება მივიღე და წამყვანი მასწავლებელი გავხდი.

-ქალბატონო ეკა, თქვენ ბრძანეთ, რომ მოსწავლეები წიგნებს აღარ კითხულობენ. რა არის ამის მიზეზი, რატომ აღარ გვყავს წიგნიერი თაობა?

-მოსწავლეებში წიგნიერების დაბალი დონე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევითაც დადასტურდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, სასწავლო პროგრამებია. სწავლების სტრატეგიები და მეთოდები, ცოდნის დონის ტესტირებით შემოწმება ხელს ვერ უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარებისა და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, სიღრმისეული ცოდნის მიღებას.

განათლების სამინისტრო მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში სიახლეს გვთავაზობს. კერძოდ, კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება. პრაქტიკოსი მასწავლებელი ნებისმიერი სტატუსის მიღებისთვის შესაბამის გამოცდას ჩააბარებს. კრედიტქულები სხვადასხვა აქტივობებით გროვდებოდა, რა დროსაც მასწავლებლები და მოსწავლეები მოტივირებული იყვნენ. მე მგონია, სისტემის გაჯანსაღებისთვის ახლახან შემოთავაზებული სიახლე არასაკმარისია.

25 წელია, მასწავლებელი ვარ და ამ წლების განმავლობაში რამდენჯერაც შეიცვალა განათლების მინისტრი, იმდენჯერ ძირეულად შეიცვალა სისტემა. სიახლეები აუცილებელია, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, როცა ასე ხშირად გვეუბნებიან – რასაც აქამდე აკეთებდით ცუდია და ახლა უკეთესს ვიწყებთო.

-ქალბატონო ეკა, რამდენადაა შესაძლებელი, რომ მაგალითად, ისტორიაში სკოლაში მიღებული ცოდნით, მოსწავლემ ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება შეძლოს?

-მიმაჩნია, რომ თუ მოსწავლე სისტემატურად და თანმიმდევრულად სწავლობს, გაკვეთილებს არ აცდენს, ისტორიაში ეროვნულ გამოცდას დამატებითი მომზადების გარეშე ჩააბარებს. ჩემი გაკვეთილი უფრო მეტად დატვირთულია აქტივობებით, უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე აბიტურიენტებთან მთელი მასალის მოკლე პერიოდში ათვისება. ჩემი მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებზე, დამატებითი მომზადების გარეშე, მაღალ შეფასებას იღებენ.

-აბიტურიენტთა უმრავლესობა მომავალ პროფესიად მასწავლებლობას აღარ ირჩევს. როგორ უნდა გახდეს მასწავლებლის პროფესია უფრო მეტად ავტორიტეტული და მიმზიდველი?

-ხელფასი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩემთვის ეს გადამწყვეტი არასდროს ყოფილა. ვფიქრობ, მასწავლებელი რომ გქვია, უკვე ავტორიტეტულიც ხარ და დაფასებულიც.

ყველაზე მთავარია, რომ განათლების სამინისტრომ სკოლაში ახალგაზრდა მასწავლებლების შემოსვლას ხელი შეუწყოს. ვიცნობ ახალგაზრდებს, რომლებსაც მასწავლებლობა სურთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. 19 წლის ვიყავი, სკოლაში მუშაობა რომ დავიწყე. გამოცდილება დროთა განმავლობაში გროვდება. განათლების სამინისტრო გვეუბნება, რომ ახალგაზრდების სკოლაში შემოსვლის პროცედურებს გაამარტივებს. თუმცა კონკრეტულად როგორ მოხდება ეს, ჯერ არ უთქვამთ.

-ქალბატონო ეკა, თქვენს პიროვნულ და პროფესიულ ზრდას რამ შეუწყო ხელი?

-ძალიან შრომისმოყვარე ვარ. როგორც კი ერთ სირთულეს დავძლევ, იმ დღესვე ახალ საქმეზე მუშაობას ვიწყებ. ახალი გამოწვევები და ამოცანები უფრო მიზიდავს. როგორც ისტორიკოსი, უფრო კონსერვატორი ვარ, მაგრამ როცა სისტემაში სიახლე შემოდის, მინდა, არ ჩამოვრჩე და ფეხი ავუწყო.

-რა არის დღეს ყველაზე მნიშნელოვანი თემა, რაზეც თქვენს მოსწავლეებთან საუბრობთ?

-მოსწავლეებთან მეგობრული ვარ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ბულინგი და ამაზე ხშირად ვაწყობთ დისკუსიებს. საუბრის გარდა, სხვადასხვა აქტივობებით ვცდილობ დავარწმუნო მოსწავლეები, რომ ბულინგი დაუშვებელია.

-თქვენი აზრით, რამდენად აძლევს დღეს სკოლა მოსწავლეებს ისეთ ცოდნას, რომელსაც ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოიყენებენ?

-წარსული მომავალი ცხოვრების გონივრულად დასაგეგმად უნდა გამოვიყენოთ. ისტორიის ცოდნა გაანალიზების საშუალებას იძლევა. მეცნიერი დეივიდ იუმი ამბობდა, რომ არც ერთი სხვა მეცნიერება არ იძლევა განვითარების ისეთ საშუალებას, როგორც ისტორია. წარსულის კარგად ცოდნა გვეხმარება, რომ შეცდომები არ გავიმეოროთ.

ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, აირჩიონ ის პროფესია, რომელიც მათ გამოადგებათ, მუდმივად იზრუნონ განვითარებისა და წინსვლისთვის. თუმცა, მარტო ჩემი თქმით არაფერი გამოვა, თუ ახალგაზრდას შინაგანი მოტივაცია არ აქვს. განათლებული ადამიანები ჩვენს ქვეყანას დღეს ყველა მიმართულებით ძალიან სჭირდება. იმედი მაქვს, მომავალი თაობა მეტად კრიტიკული, ქვეყნის განვითარებასა და სასიკეთო ცვლილებებზე ორიენტირებული იქნება.

ნინო კაპანაძე