ღია მმართველობის პარტნიორობა, რაც ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოყალიბებას გულისხმობს, 2011 წელს აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერაა ინიცირებული. ამ ინიციატივის წევრია საქართველო მსოფლიოს 62 ქვეყანასთან ერთად. ღია მმართველობის მთავარი მიზანია, რომ ქვეყნის ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, რომ მოქალაქეები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა, რომელიც აპრილში უნდა დამტკიცდეს. გეგმაში უნდა აისახოს მოქალაქეთა მოსაზრებები, თუ როგორ გახდეს სახელმწიფო ანგარიშვალდებული, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის, რა უნდა გაკეთდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად.

ღია მმართველობის სამოქმედო გეგმას ა/ო „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები აცნობენ მოსახლეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

22 მარტს შეხვედრა ხევის იუსტიციის სახლში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სოფლის მოსახლეობის მონაწილეობით გაიმართა.

„ვეცნობით მოსახლეობის მოსაზრებებს, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საჯარო მომსახურება, მოქალაქეთა ჩართულობა, საჯარო რესურსების მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და ბიზნესის პასუხისმგებლობის გაზრდა, – მიმართა შეკრებილთ  იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ნატალია ბარათაშვილმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლის, ლევან ავალიშვილის თქმით, ერთ-ერთი იდეა, რომელიც 2013 წელს კანონმდებლობაშიც აისახა, გახლავთ პროაქტიული გამოქვეყნება. მთავრობამ იმ ინფორმაციების ნუსხა შეადგინა, რომელთა გამოქვეყნებაც სავალდებულოა სამინისტროების ვებ-გვერდებზე – ინფორმაცია შესყიდვების, ხარჯების, ვაკანსიების, კონკურსების შესახებ და სხვ.

„გამგეობამ და საკრებულომ უნდა დაადგინონ გამჭვირვალობის საკუთარი სტანდარტი, როგორც ეს გააკეთა მთავრობამ, – ამბობს ლევან ავალიშვილი, – მზადდება კანონპროექტი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით და განისაზღვრება გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის კონკრეტული ჩამონათვალი.“

ლევან ავალიშვილის ინფორმაციით, ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი იდეაა იუსტიციის სახლების შემდგომი განვითარება, მოსახლეობისთვის მეტი სერვისების მიწოდება.

„უნდა განხორციელდეს საჯარო სამსახურის მასშტაბური რეფორმა, რომლითაც ბევრი რამ შეიცვლება ვაკანსიების, კონკურსების, დაწინაურებისა და ანაზღაურების წესში, – – ამბობს ლევან ავალიშვილი, – საჯარო სამსახურში დასაქმების პრობლემები ყველგან აქტუალურია. ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრება, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს ეს პროცესი.“

ერთ-ერთი ახალი სერვისია მოქალაქის პორტალი  (www.my.gov.ge). აქ დარეგისტრირების შემდეგ მოქალაქე ელექტრონულად მოითხოვს ნებისმიერ მისთვის საჭირო საჯარო ინფორმაციას.

საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე შეიძლება საკანონმდებლო პროცესში ჩართვა, შენიშვნების მიწოდება, სხვების კომენტარების შეფასება. თუმცა კომენტარების შესწავლის ვალდებულება არ არსებობს. ამიტომ უნდა შემუშავდეს უკუკავშირის ფორმა.

მოქალაქეთა ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ პეტიციის წარდგენა. მთავრობას უნდა ჰქონდეს ვალდებულება, დააფიქსიროს პოზიცია და დაასაბუთოს პეტიციაზე თავისი არგუმენტი.

nშეხვედრაზე ხევის მოსახლეობამ და საკრებულოს წევრმა რუსუდან გურგენიძემ აღნიშნეს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე. ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლის, მაია გელაშვილის წინადადებით, გამჭვირვალობისთვის რადიკალურად შესაცვლელია კონკურსების დროს განაცხადების მიღებისა და გასაუბრების წესი.

ხევის იუსტიციის სახლის წამყვანი სპეციალისტის, თინათინ კოტიშაძის თქმით, სოფლის ახალგაზრდობა და მოსწავლეები სარგებლობენ იუსტიციის სახლში ინტერნეტით. მისივე თქმით, მოსახლეობა ითხოვს ადგილზე ნოტარიუსის მომსახურებას.

გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ინგა ბერაძის თქმით, აპირებენ ვებგვერდის შექმნას, სადაც გაშუქდება ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა. მისივე ინფორმაციით, ფიქრობენ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, ხარაგაულში აქტიურად მუშაობს არასამთავრობო სექტორი. „მათ ძალიან კარგად იციან, რაზეა მოთხოვნა საზოგადოებიდან. საჯარო ინფორმაციებს იღებენ და შემდეგ ავრცელებენ. ასე რომ, ხელმისაწვდომობა ნამდვილად არსებობს“. გამგებლის ინფორმაციით, 2013 წლის ბიუჯეტის ანგარიში უნდა გამოსცენ ბუკლეტის სახით. „ჩვენ ისე მოვიქცევით, რომ მოსახლეობამ მიიღოს ინფორმაცია,“ – აღნიშნა გამგებელმა.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას ითხოვს. „ვგეგმავთ, რომ უახლოეს მომავალში ამ კუთხით ფული დავხარჯოთ. შენობაში, სადაც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს მოსახლეობას.“

გამგებლის ინფორმაციით, ღორეშაში სოფლის ცენტრში მრავალპროფილური შენობის რეაბილიტაციის შემდეგ ამოქმედდება სახელმწიფო სერვისებით მომსახურება. იუსტიციის სახლების მშენებლობა კი დაგეგმილია კიცხისა და მოლითის ტერიტორიულ ორგანოებში.

„თქვენ უნდა იცოდეთ, რა სახის პროგრამები არსებობს, რა შესაძლებლობები გვაქვს და უფრო აქტიურად ჩავერთოთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ძირითადი პრობლემა მაინც მოსახლეობის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობაა. ღია მმართველობა მხოლოდ ვებგვერდსა და ინტერნეტს არ გულისხმობს. თუ არის სხვა გზები ჩართულობისთვის, უნდა გამოვიყენოთ, – მაგალითად, დავესწროთ საკრებულოს სხდომებს,“ – მიმართა მოსახლეობას ლევან ავალიშვილმა.

ხევის საჯარო სკოლის მასწავლებელ ეკა ხარაიშვილს ამ შეხვედრის შემდეგ გაუძლიერდა სურვილი, ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ სოფლიდან ერთი აქტიური მოქალაქე მაინც დაესწრება საკრებულოს სხდომებს სისტემატურად და შემდეგ ყველას გააცნობს რეალურ სიტუაციას. ქალბატონი ეკა მიიჩნევს, რომ იუსტიციის სახლში ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისთვის ძალიან კარგი პირობებია.

ნინო კაპანაძე