დღეს, 21 დეკემბერს, ზესტაფონის დღის ცენტრი „ორიონი“ 14:00 საათზე ხარაგაულის კინოთეატრში კონცერტს გამართავს.
ნოემბრის მიწურულს კი „ორიონმა“ ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრის დარბაზში მიგვიწვია. შემოდგომის ნობათით გაფორმებულ და წითელ-ყვითელი ფოთლების ხალიჩით დამშვენებულ დარბაზში საინტერესო სიურპრიზი გველოდა. უფროსი თაობის „ორიონელებმა“ და ამ დღის ცენტრის 18 წლამდე ასაკის აღსაზრდელებმა საკუთარი შემოქმედება წარმოგვიდგინეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ორიონის“ დამფუძნებელმა ჟანა ფერაძემ დღის ცენტრის შექმნისა და განვითარების ისტორია გვიამბო. 2004 წელს „ორიონმა“ – მომავლის განთიადმა – ფუნქციონირება ოროთახიან ბინაში ენთუზიაზმით დაიწყო. ფაქტობრივად, არაფერი გააჩნდათ. თუმცა იყო მთავარი – სიყვარული, ერთგულება და მოტივაცია, რომ ებრძოლათ „ორიონელთა“ უკეთესი მომავლისთვის, მიენიჭებინათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სიხარული და ამით თავადაც ბედნიერები ყოფილიყვნენ.
„ორიონის“ დამფუძნებლები დღესაც ისეთივე შემართებით საქმიანობენ, როგორც თორმეტი წლის წინ დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა შემოქმედების ფესტივალი, საქართველოში პირველად, სწორედ „ორიონის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, 2007 წელს გაიმართა ქალაქ ზესტაფონში.
„ორიონი“ 2015 წლიდან პოლონეთის საერთაშორისო ფესტივალში – „არაჩვეულებრივი თეატრი“ ჩაერთო. წელს ფესტივალი მეთექვსმეტედ გაიმართა და მასში 35 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. „ორიონელთა“ სპექტაკლმა „განსხვავებული“ ჟიურისა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. ჟიურიმ საუკეთესო ქორეოგრაფიისათვის და საკუთარი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციისთვის „ორიონის“ გუნდს ლაურეატის წოდება მიანიჭა. ამაში უდიდესი წვლილი ანსამბლ „ძმების“ ქორეოგრაფ საბა ჩალხაშვილს მიუძღვის.
ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში უმცროსი ასაკის „ორიონელებმა“ სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ წარმოგვიდგინეს, უფროსებმა კი სპექტაკლი – „განსხვავებული.“ სპექტაკლის მონაწილე მერი ჭყოიძე ღონისძიებაზე დამსწრეთ მიესალმა და აღნიშნა, რომ პოლონეთში საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვება ყველა მათი გულშემატკივარისა და მხარდამჭერის გამარჯვებაა.
„ორიონის“ შემოქმედებით საღამოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახა მახათაძე დაესწრო. მან ბავშვებსა და მათ პედაგოგებს პოლონეთში მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ორიონში“ ყველა პირობაა შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. კახა მახათაძემ გაიხსენა ზესტაფონის დღის ცენტრში პოლონეთის ელჩის ვიზიტი, როცა ელჩი გაოცებული დარჩა „ორიონის“ საქმიანობით. მერმა დღის ცენტრს ტკბილეული გადასცა და მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.
ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელმა ხათუნა კაპანაძემ ღონისძიების შემდეგ მადლობა გადაუხადა „ორიონის“ პედაგოგებს ბავშვებზე გაწეული დიდი შრომისათვის.
„ორიონს“ წარმატებები უსურვა მშობელმა მარინა ფუტკარაძემ, რომლის შვილიც უკვე 18 წლისაა და ფაქტობრივად, დღის ცენტრში გაიზარდა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და დღის ცენტრის აღსაზრდელები ჩვენზე უკეთ ფლობენ ცეკვის, სიმღერისა და სამსახიობო უნარებს, – აღნიშნა ღონისძიების შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის მასწავლებელმა თეა ტალახაძემ, – ეს ადამიანები ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად უნდა ჩაერთონ და მათმა დანახვამ არ უნდა „შეგვაშფოთოს.“
თუ ამას შევძლებთ, უფრო ფერადი, ბედნიერი, ლამაზი დედამიწა გვექნება და სრულ ჰარმონიასაც მივაღწევთ, ღონისძიებაზე დარბაზში ცარიელ სკამს ვერ დავინახავთ, სპექტაკლი ანშლაგით ჩაივლის, აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს უფრო მეტი სტიმული მიეცემათ. მინდა, რომ ხარაგაულში იყოს დღის ცენტრი, რითაც ჩემს მოსწავლეებს დღის ცენტრის აღსაზრდელებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცემათ. მინდა, ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს ამ სამყაროში, რომ არც ერთი მშობელი არ ცდილობდეს მათ დამალვასა და ჩაკეტვას…
მადლობა „ორიონის“ დამფუძნებლებს, ხელმძღვანელსა და თითოეულ თანამშრომელს, რომ ძალებს არ იშურებენ ამ საოცარი ბავშვების განვითარებისათვის. ამ ღონისძიების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.“
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი