ორშაბათს, 17 სექტემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდება.

როგორ ხვდება ახალ სასწავლო წელს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, რა სიახლეებია და რა პრობლემები დარჩა გადასაჭრელი, – ამ და სხვა საკითხებზე გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი გვესაუბრება.

-ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კონტინგენტი გაიზარდა. სკოლებში 170 კურსდამთავრებული გავაცილეთ და 17 სექტემბერს 200 აღსაზრდელს ველოდებით. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების 17 საბავშვო ბაღში ახალ სასწავლო წელს სწავლას 600-მდე აღსაზრდელი შეუდგება.

-რომელ სოფლებშია ახალი საბავშვო ბაღების გახსნის აუცილებლობა?

-17 სექტემბერს სარგვეშში, საჯარო სკოლის შენობაში, 18 აღსაზრდელისთვის სასკოლო მზაობის ჯგუფი ამოქმედდება. წინა წლებში სარგვეშიდან ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. ერთი წელია, რაც ახალარჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსუდან გიორგიძემ ამ საკითხზე ზრუნვა დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან, ერთად სოფლის მოსახლეობას შევხვდით. 8 ბავშვი სასკოლო ასაკისაა, ამდენივე – სამი-ოთხი წლის ასაკის. მუნიციპალიტეტის მერიამ განათლების სამინისტროს მიმართა და სარგვეშის სკოლაში ორი ოთახი გამოგვიყვეს. ჩვენთან შეთანხმებით, რუსუდან გიორგიძემ სარგვეშის საჯარო სკოლის ორი ოთახი შეაკეთა და ავეჯიც შეიძინა. სარგვეშის სასკოლო მზაობის ჯგუფის ერთი აღმზრდელის შტატს ჩვენ დავაფინანსებთ.

მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა, რომ იმ სოფლებშიც კი, სადაც საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს, სასკოლო უნარ-ჩვევების მიღების შესაძლებლობით ყველა ბავშვი უზრუნველყოს.

სასკოლო მზაობის ჯგუფების გახსნას ასევე ითხოვენ გედსამანიასა და ბაზალეთში. ჩვენ ამ საკითხს ვსწავლობთ. მშობლებს ადგილზე შევხვდებით და იმედია, ამ სოფლების მოსახლეობის მოთხოვნაც დაკმაყოფილდება. ახლახან ა/ო „კივიტას გეორგიკას“ სასკოლო მზაობის პროექტის კოორდინატორ ალექსანდრე კალანდაძეს ვესაუბრე. სოფლებში სკოლამდელი განათლების ცენტრების ასამოქმედებლად, „კივიტას გეორგიკა“ პოლონეთის მხარდაჭერის განახლებას ელის. შევეცდებით, რომ გედსამანია და ბაზალეთი ამ პროექტში ჩავრთოთ.

საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის ოთხი სოფლის მოსახლეობა საღანძილეში საბავშვო ბაღის გახსნას, რამდენიმე წელია, ითხოვს.

-ბატონო მამუკა, წელს ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღში, შენობაში სივიწროვისა და ავარიულობის გამო, ათამდე ბავშვი უბაღოდ, ხოლო 46 აღსაზრდელი, – როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკო თოფურიძემაც განაცხადა, – „კატასტროფულ“ პირობებში რჩება.

-საბავშვო ბაღების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობა იღებს. ხარაგაულში თუკი რამ უნდა გაკეთდეს, უპირველესად, ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობაა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისთვის გასაგზავნ წერილშიც დავადასტურე, რომ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების პრიორიტეტი ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობის აგებაა. ასევე მოძველებულია ხუნევის საბავშვო ბაღის შენობა.

-ბატონო მამუკა, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას სექტემბრიდან ბორის საბავშვო ბაღი უნდა შემოერთებოდა. რამ შეაფერხა ამ საბავშვო ბაღის გადმოცემა?

-ბორის საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურა – სამზარეულო, საძინებლები, სველი წერტილები სტანდარტების შესაბამისადაა მოსაწესრიგებელი. ამისთვის კი 30 ათას ლარამდე თანხაა საჭირო, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. თუკი რამ ისე არ არის, როგორც საჭიროა, ეს ფინანსების სიმცირის ბრალია.

ღორეშის საბავშვო ბაღში მეორე ჯგუფია გასახსნელი. ამ საბავშვო ბაღის შენობაში არის თავისუფალი, გასარემონტებელი ოთახები. მომავალი წლის ბიუჯეტში, მათ გასარემონტებლად, სავარაუდოდ, თანხას გავითვალისწინებთ.

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის ღობე გამოსაცვლელია. მავთულის მესერი დაჟანგებული და ბევრ ადგილას გარღვეულია. ვფიქრობდით, რომ წელს კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესში საბავშვო ბაღის ღობეც შეიცვლებოდა. ამიტომ დამატებითი ხარჯის გაწევა საჭიროდ არ მივიჩნიეთ. თუ პარკის რეაბილიტაცია არც მომავალ წელს იგეგმება, მაშინ ღობე საკუთარი ფინანსებით უნდა შევცვალოთ.

ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში რამდენიმე ჯგუფში სველი წერტილები მოსაწესრიგებელია. წლებია, ვსაუბრობთ ამ შენობის გაზიფიცირებაზე. შენობის გაზიფიცირების შემთხვევაში სამზარეულოსთვის ცალკე შენობა დაგვჭირდება. თუ არადა, სამზარეულოსთვის ელექტრო ღუმელები უნდა შევიძინოთ. წელს ბიუჯეტი დეფიციტით დავგეგმეთ და გაზიფიცირებისთვის თანხა ვეღარ გავითვალისწინეთ. იმედია, მომავალ წელს მუნიციპალიტეტი შეძლებს და ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირების თანხას გამოგვიყოფს.

2018 წლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ფუნქციონირებისთვის 1 200 000 ლარი მოვითხოვეთ. ერთი მილიონი ლარი დაგვიმტკიცეს და გვითხრეს, რომ 200 ათას ლარს წლის განმავლობაში დაგვიმატებდნენ. გარკვეული თანხა ტენდერებით დავზოგეთ. წლის ბოლომდე დაახლოებით 120-130 ათასი ლარის დამატება გვჭირდება.

გასული სასწავლო წლის ბოლოს ჩვიდმეტივე საბავშვო ბაღის მთავარი პრობლემები გამოვკვეთეთ და შეძლებისდაგვარად მოვაგვარეთ. ამჟამად, ინფრასტრუქტურის მხრივ, ყველგან დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა.

გაერთიანებაში შემავალ ყველა საბავშვო ბაღს ჭურჭლისა და სათამაშოების ახალი კომპლექტები შევუძინეთ. ნადაბურის, ღორეშის, ხევის, ზვარეს, წიფისა და ხიდარის საბავშვო ბაღებისთვის ეზოს სათამაშოები დავამზადებინეთ და ამ დღეებში დავამონტაჟებთ.

საბავშვო ბაღები ჰიგიენური საშუალებებით მომარაგებულია. ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრთან თანამშრომლობით დეზობარიერებისთვის სპეციალურ ხსნარს შევიძენთ.

საბავშვო ბაღების სათბობი შეშით მომარაგებაზე სატყეო სააგენტომ იზრუნა. ძირულას ხეობის საბავშვო ბაღებში შეშა უკვე მიიტანეს. 10 ოქტომბრამდე შეშით ყველა საბავშვო ბაღს მოვამარაგებთ.

რამდენიმე საბავშვო ბაღში, პროდუქტების შესანახად, მაცივარი საკმარისი აღარაა და საყინულეების შეძენა გვჭირდება. უახლოეს ხანში ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ.

სასმელი წყალი ყველა საბავშვო ბაღს უწყვეტად მიეწოდება. თუმცა, იმ პერიოდისთვის, როცა წყლის დებეტი იკლებს, ყველა საბავშვო ბაღში, წყლის მოსამარაგებლად, ავზები გვაქვს. მარელისის სასკოლო მზაობის ჯგუფისთვის ეზოდან შენობაში წყალია შესაყვანი. ამისთვის საჭირო მასალები შეძენილია. ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ (თავმჯდომარე ხათუნა მანჯავიძე) სასმელი წყლის ლაბორატორიულ შემოწმებაში დაგვეხმარა. იქ, სადაც პრობლემა აღმოჩნდა, წყლის რეზერვუარებს სისტემატურად ასუფთავებენ.

ყველა საბავშვო ბაღის შენობასთან ნარჩენების შემკრები კონტეინერი განთავსდა და ამით ნარჩენების გატანა გამარტივდა. მადლობა „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას,“ მის ხელმძღვანელებს თემურ ფურცელაძესა და დავით ლაცაბიძეს.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებკანონმა ინფრასტრუქტურის, კვების, წყლის, სანიტარიის, ჰიგიენისა და აღმზრდელპედაგოგის პროფესიული სტანდარტები განსაზღვრა. ეს სტანდარტები ეტაპობრივად უნდა დაინერგოს და 2020 წელს სრულად ამოქმედდეს. ერთ-ერთი უმთავრესი აღმზრდელების გადამზადებაა. რა ეტაპზე ვართ ამ მხრივ ხარაგაულში?

-განათლების სამინისტრომ ზაფხულზე ქალაქის საბავშვო ბაღების მეთოდისტების გადამზადება დაიწყო. ველოდებით, რომ სექტემბრის ბოლომდე ჩენც შეგვეხმიანებიან. მანამდე ჩვენი მეთოდისტი თამარ ავალიშვილი აღმზრდელებს ორდღიან ტრენინგს ჩაუტარებს. გარკვეულ სტანდარტებს ჩვენ დღესაც ვაკმაყოფილებთ, მაგალითად, 30 აღსაზრდელს ორი აღმზრდელი ემსახურება. ტოლერანტობასა და პროსოციალურ ქცევებს ვასწავლით. ა/ო „თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი“ საერთო კვლევას რომ ატარებდა, თამარ ავალიშვილისგან სწავლების მეთოდები გაიზიარა.

-რამდენიმე საბავშვო ბაღში მზარეულს დამხმარე სჭირდებოდა.

-ხარაგაულის #1 და ბორითის საბავშვო ბაღებში მზარეულებს დამხმარე ჰყავთ. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ჩვენს საბავშვო ბაღებში მეტი ანაზღაურებაა, ვთვლი, რომ მაინც სავალალო მდგომარეობაა. ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში 160 აღსაზრდელისთვის მზარეული, დამხმარესთან ერთად, დღეში სამჯერ საკვებს ამზადებს და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 300 ლარია. ეს ძალიან მცირეა. აღმზრდელი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, ხელზე 400 ლარსაც ვერ იღებს. მეორე ცვლის აღმზრდელს ამ თანხის ნახევარი ხელფასი აქვს. ეს საკითხი სერიოზულად გადასახედია.

მომავალი, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით აღმზრდელებისთვის ხელფასების 10%-ით მატებას ვგეგმავ. ვნახოთ, რისი საშუალება გვექნება. ვფიქრობ, რომ მათ გაცილებით მეტი ხელფასი ეკუთვნით.

ნინო კაპანაძე