narmaniaრეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გასულ პარასკევს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეგვხვდა. მინისტრმა სამინისტროს 2013 წლის საქმიანობის შედეგები გაგვაცნო და 2014 წელს დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელები.

nმინისტრ დავით ნარმანიას ინფორმაციით, 2014 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 875 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 501 მილიონი ლარი დაიხარჯება, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის – 187 მილიონი ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის – 131 მილიონი ლარი, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისთვის – 50 მილიონი ლარი, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და მართვისთვის – 5 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, დამატებითი დაფინანსება გამოეყო: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას – 16 მილიონი ლარი, „თეთნულდ დეველოპმენდს“ – 10,6 მილიონი ლარი, მყარი ნარჩენების კომპანიას – 10 მილიონი ლარი. ჯამში, 2014 წელს, სამინისტრო 911 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

n2014 წელს სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია მინიმალურად აუცილებელი სარეკომენდაციო ხასიათის სტანდარტების კონტროლი და ახალი რეგულაციების მომზადება; სატენდერო პირობებში უფრო მკაცრი და მკაფიო ხარისხის მოთხოვნების ჩადება; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან თანამშრომლობით ხარისხის კონტროლის გაძლიერება.

nშეხვედრაზე აღინიშნა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მონიტორინგისას გამოკვეთილი ხარვეზები. კერძოდ ის, რომ მთელ რიგ სოფლებში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცოდა, თუ რა პროექტები ხორციელდებოდა მათ სოფლებში. ამავე დროს პრობლემაა განხორციელებული პროექტების ეფექტურობა. მაგალითად, დახრეშილი გზები ორ-სამჯერ უამინდობის გამო, მალევე გაფუჭდა.

დავით ნარმანიას განმარტებით, სამინისტრომ დაიწყო რეაგირება მოსახლეობის ჩართულობასთან დაკავშირებით. „მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ვეუბნები, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააფრთხილონ კრების ჩატარებასთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, პრობლემაა ის, რომ მოსახლეობის ნაწილი, წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ინდიფერენტულად არის განწყობილი და ფიქრობს, – მე ახლა მივალ, მაგრამ თვითონ რაც უნდათ, იმას გააკეთებენო. მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მონიტორინგის ჯგუფს უფრო მეტად გააძლიერებს – მეტი მონიტორინგი იქნება კრებების ჩატარებასთან და პრიორიტეტების გამოკვეთასთან დაკავშირებით.

„მეორეა, რამდენად ეფექტურად იხარჯება ის თანხა, რაც გამოყოფილია, – ამბობს მინისტრი, -მაღალმთიან სოფლებში გზების მოხრეშვა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდზეა გათვლილი. ვერ მივაღწიეთ ჯერ თანხის გაზრდას. უფრო მეტი თანხა რომ იყოს, ნაცვლად 50 მილიონისა, შესაძლებელი იქნება, რომ უფრო ფუნდამენტურად გაკეთდეს, არა მარტო დაიხრეშოს, არამედ გზის საფარიც მოეწყოს.

პრიორიტეტების შერჩევის დროს გამგეობებს ვეუბნებით, რომ ხარისხს მიაქციონ ყურადღება. მოსახლემ არ იცის პროექტის ტექნიკური მხარე. მან იცის, რომ უნდა გზა. ამიტომ ტექნიკური მითითებები ხარისხობრივ კომპონენტზე დაეგზავნებათ გამგეობებს.“

nმინისტრთან შეხვედრაზე ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელმა რუსუდან გურგენიძემ ხარაგაულის წყალმომარაგებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლის, თემურ კიკალიშვილის თქმით, „ხარაგაულში წყლის ხარისხი არ არის საგანგაშო. კომპანიის ვალდებულებაა, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ისეთი წყალი, როგორი რეგულაციაც შეიმუშავა 2007 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ.“ თემურ კიკალიშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის წყლის ქიმიური ანალიზი ყოველ კვირაში ტარდება. მისივე თქმით, წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები უახლოეს ხანში გეგმავენ ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის ადგილზე მონახულებას. მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში არ არის გათვალისწინებული ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

მინისტრ დავით ნარმანიას თქმით, სამინისტროს მობილური ლაბორატორიით შესაძლებელია წყლის ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზის ჩატარება. „ყველგან ვერ ვწვდებით, ჩვენდა სამწუხაროდ, მაგრამ შემდეგ პრიორიტეტებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მოხვდება. წელს წყალმომარაგების კუთხით 25 მუნიციპალიტეტს რომ წავწევთ წინ, მერე ამასაც მივხედავთ.“

nგასულ წელს ხარაგაულში სტუმრობისას რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილია ჩუმათელეთი-მოლითი-ძირულას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. დავინტერესდით, ამჟამად რა ეტაპზეა ეს საკითხი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნუგზარ გასვიანის ინფორმაციით, „აღნიშნული გზა, ჩუმათელეთიდან დაწყებული ძირულათი დამთავრებული, აზიის განვითარების ბანკის დაინტერესების სფეროა. ამ ეტაპზე მათ ოფისში მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად. ჩვენ გვაქვს ინფორმაციები პერიოდულად. სავარაუდო განრიგი ასეთია: წელს მომზადდეს ტექნიკური დასაბუთება, რომელიც განიხილება ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან. მომდევნო, 2015 წლისთვის, გამოიყოფა სესხი 50 კილომეტრიანი, ერთ-ერთი ყველაზე რთული გზის რეკონსტრუქციის სამუშაოების პროექტირებისა და მშენებლობისთვის.

მინისტრმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ როდესაც პროექტებს დონორები აფინანსებენ, პროცედურები გაცილებით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე – ჩვენი კანონმდებლობით. ამიტომ პროექტები უფრო გვიან ფინანსდება და გვიან ხორციელდება.

ნინო კაპანაძე