ბაზალეთის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ პროექტში „ერთად გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“.

პროექტის  ფარგლებში 16 თებერვალს სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა 30 სკოლის 400-მდე მოსწავლეს, მათ შორის ბაზალეთის საჯარო სკოლას.

ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. უნივერსიტეტში მისულებს დღის განრიგი დაგვირიგეს და 12:00 საათზე პირველი ლექცია დაიწყო. ლექცია თემაზე: ,,საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შარაშიძემ ჩაატარა.

ბატონმა გიორგიმ მოსწავლეებს გვიამბო უნივერსიტეტის დაარსების ისტორია და ისაუბრა დღევანდელ შესაძლებლობეზე, გაცვლით პროგრამებსა და ყველა იმ საინტერესო თემაზე, რაც მოსწავლეებს დაგვეხმარება მომავალი პროფესიისა და უმაღლესი სასწავლებლის არჩევაში.

ლექცია ძალიან საინტერესო იყო. დასასრულს დისკუსია გაიმართა.

შეხვედრას განათლების მინისტრის, ბატონი მიხეილ ჩხენკელის, მოსვლა იყო დაგეგმილი, თუმცა სამწუხაროდ, მან ღონისძიებაში მონაწილეობა ვერ მოახერხა.

ჩვენთვის არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თინათინ მარგალიტაძის ლექცია თემაზე: „თანამედროვე ქართულ ენაში ინგლისური ენის გავლენით მიმდინარე პროცესები და მათი გამომწვევი მიზეზები“. ქალბატონმა თინამ სხვადასხვა ბარბარიზმები და მათი მნიშვნელობები გაგვაცნო. ისაუბრა იმაზე, თუ რაოდენ აბინძურებს ენას ბარბარიზმების გამოყენება და რომ ახალგაზრდებს შეგვიძლია ქართული ენის გადარჩენა.

საინტერესო ლექციების შემდეგ უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის პანთეონი დავათვალიერეთ, მისი დამაარსებლების ბიოგრაფიები მოვისმინეთ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში უნივერსიტეტის პირველი თაობის კურსდამთავრებულთა ფოტოები, მათი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები და პირადი  ნივთები იყო გამოფენილი. ასევე დავათვალიერეთ უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები. გიდმა გაგვაცნო უნივერსიტეტის გერბის შექმნის  ისტორია.

შემდეგ კი ბუმბერაზი მთების შვილის – ვაჟა-ფშაველას ოთახ-მუზეუმს ვეწვიეთ, რომელიც მგოსნის საიუბილეოდ 2015 წელს გაიხსნა. ამ ოთახში გაატარა ვაჟა-ფშაველამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. ტკივილი და მშობლიური მთის მონატრება რომ შეემსუბუქებინათ, აქვე მოუტანეს მედდებმა ბალახი და და ყვავილები სიკვდილთან შეჭიდებულ პოეტს. ოთახში გამოფენილია პოეტის ბოლო დროინდელი კადრები, პირადი ნივთები და ნიღაბი, რომლითაც გარდაცვლილს სახის ასლი აუღეს. გიდმა ვაჟას ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ამბები მოგვითხრო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მრავალი ათასი წიგნი ყოფილა დაცული. აღფრთოვანებას იწვევდასუძველესი ხელნაწერები, პირველი ნაბეჭდი წიგნები, მეთვრამეტე საუკუნის ,,ვეფხისტყაოსანი“ და მრავალი სხვ. უნივერსიტეტის თანამედროვე ბიბლიოთეკაში სტუდენტებს საშუალება აქვთ იმუშაონ ბეჭდურ, ან ელექტრონულ წიგნთან. განათლების მისაღებად აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი.

პროექტის მონაწილე მოსწავლეები აღფრთოვანებული დარჩნენ უნივერსიტეტში სტუმრობით.

თებერვალსა და მარტში კონკურსში მონაწილე მოსწავლეები შექმნიან ესეებს თემაზე: ,,რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“. კონკურსის მონაწილე სკოლები კი ჩაატარებენ ქართული ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

2018 წლის აპრილში კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ მოსწავლეებსა და სკოლებს, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაჯილდოვდებიან 14 აპრილს, ქართული ენის დღეს.

ბაზალეთის საჯარო სკოლა ორივე კონკურსში ჩართულია.

პროექტი „ერთად გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ თსუ-ს 100 წლის იუბილეს ეძღვნება. საინტერესო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

კესო ჩხიკვაძე
ბაზალეთის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე