ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებისთვის ტრენინგის ციკლი ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში. დამოუკიდებელმა ტრენერებმა ნანა გოგოხიამ და მარი ზაქარაიამ ოთხი კვირის მანძილზე, კვირაში ორ-ორი დღე – პარასკევობითა და შაბათობით, – 18 საჯარო მოხელესთან იმუშავეს.
ტრენინგებზე განიხილეს საკითხები: პროექტის წერა, დროის მართვა, ლიდერობა, გუნდურობა, ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა.
ტრენერი მარი ზაქარაია ამბობს, რომ მარტში ანალოგიური ტრენინგების ციკლს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები გაივლიან.
-მარტშიც ანალოგიური გრაფიკით ვიმუშავებთ, ანუ კვირაში ორი დღე – რვა ტრენინგი ოთხ ეტაპად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს დიდი გამოცდილება – მეც საჯარო მეხელე ვარ, – ყოველთვის არის რაღაც ახალი, ინოვაციური, რაც ყველა ჩვენგანს გამოადგება არა მარტო სამსახურში, არამედ პირად ურთიერთობებში.
საჯარო მოხელეები ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ხვდებიან საზოგადოების წარმომადგენლებს, სოციალურ თემატიკაზე მუშაობენ. ტრენინგის მონაწილეები ამბობენ და თავადაც მიმაჩნია, რომ ეს ტრენინგები იყო ძალიან დროული, სასარგებლო და მნიშვნელოვანი.
მინდა აღვნიშნო მონაწილეთა ერთსულოვნება, რაც იგრძნობოდა ტრენინგებზე. მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ტრენინგებზე გავიცანი, ნამდვილად იმსახურებენ, რომ იყვნენ სამსახურის უფროსები. მადლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკო თოფურიძეს იმისათვის, რომ ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიციის ამაღლებაზე.
ნანა კიკნაძე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი:
-დღეს მერვე სალექციო დღეა. ერთი თვის მანძილზე მოვისმინეთ ლიდერობის თეორია და გუნდური მუშაობის პრინციპები, ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტის გადაჭრის გზები. გუშინ დავიწყეთ და დღეს დავასრულებთ თემას „პროექტის წერა“. დღესვე შემაჯამებელი ტესტებით გამოვლინდება ტრენინგზე ჩვენგან შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები. ეს ის უნარ-ჩვევებია, რომელიც ყველა საჯარო მოხელეს და არა მხოლოდ მათ უნდა ახასიათებდეს. ვფიქრობთ, რომ ტრენინგი ბევრის მომცემია ჩვენთვის, გამოვიყენებთ ჩვენს მუშაობასა და ურთიერთობებში.
კარგია, რომ ხარაგაულში, სამსახურიდან მოუწყვეტლად ჩატარდა. ძალიან კარგი ტრენერები არიან, – საკმაოდ დატვირთული ინფორმაცია შეჯერებული იყო სავარჯიშოებით. ტრენინგის მონაწილეებისგანაც კარგი გუნდი შეიკრა. ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო შეერწყა სასარგებლოს.
ნანა გიორგაძე, მერიის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი:
-თავიდან მეგონა, რომ უქმად დახარჯული დრო იქნებოდა, მაგრამ ტრენინგის პერიოდში მივხვდი, რომ ეს ძალიან სასარგებლოა ყველა საჯარო მოხელისთვის – მართლაც ბევრი რამ ვისწავლეთ.
თემა „კონფლიქტის მართვა“ მომეწონა განსაკუთრებით. არის ისეთი ნიუანსები, რომელიც თუ იცი, შეიძლება, მშვიდობიანად მოაგვარო საკუთარი მოქმედებებითა და გაწონასწორებული ქმედებებით. საინტერესო იყო „ლიდერობა და გუნდურობა“. მეც ვიცოდი ამის შესახებ, თუმცა ტრენინგზეც ბევრი ისეთი ახალი გავიგე, რასაც გამოვიყენებ გუნდურად მუშაობაში.
მადლობა ბატონ ნიკოს ასეთი საჩუქრისთვის. მუნიციპალიტეტს ადრე არასდროს გადაუმზადებია საჯარო მოხელეები. ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება იყო.
ზურაბ იჩქიტიძე, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი:
-ვიმედოვნებ, რომ ამ ტრენინგებზე შეძენილ ცოდნას გამოვიყენებთ სამსახურებრივ საქმიანობასა და ასევე პირად ცხოვრებაში. გუნდურ მუშაობაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თემას რომ გუნდში დაამუშავებ და ამის შემდგომ მიიღებ გადაწყვეტილებას, უკეთეს შედეგს მიიღებ. გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებასთან შედარებით, გაცილებით სწორი მიმართულებით მიდიხარ გუნდური მუშაობით.
ხომ ერთი მუნიციპალიტეტის მერიაში ვმუშაობთ და ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ ამ ტრენინგებზე უკეთესად გავიცანით და უფრო მეტი დადებითი კუთხით დავინახეთ ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთი. პირადად მე კმაყოფილი ვარ ამ ერთთვიანი სწავლებით.
სატრენინგო მომსახურებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით შეისყიდის.
ლაურა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი