საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრა.

პროექტის მთავარ მიზანს ბენეფიციართა წრის გაფართოება, დაავადებებისა და მედიკამეტების ჩამონათვალის გაზრდა წარმოადგენს.

დავით სერგეენკომ ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს უკვე მოქმედი, მოსახლეობის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების გზა შესთავაზა, რაც მედიკამენტების რაოდენობის გაზრდას (23-დან დაახლოებით 50-მდე) და პროგრამით მოსარგებლეებად სხვა ჯგუფების, კერძოდ კი, ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამატებას გულისხმობს.

გასული წლიდან სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლებია, მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად იღებდნენ. ინიციატივის მიხედვით კი ასაკით პენსიონერები და შშმ პირები მედიკამენტებს ნახევარ ფასად მიიღებენ.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა, სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

პროგრამის წარმატებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს, ადგილობრივი  მწარმოებლებისა და ფარმაცევტული იმპორტიორების კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის ჩართულობით, შესაძლებელი გახდება მედიკამენტებზე ფასების შემცირება. პროექტის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით სარგებლობა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეძლოს.

კერძო სექტორი, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს 2 კვირის ვადაში წარმოადგენს.

წყარო