ამ დილით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან ინფორმაციის მისაღებად მისულებს მისმა პირადმა მდივანმა გვითხრა, რომ ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ერთი კვირით საზღვარგარეთაა მივლინებული.

კახაბერ გოლუბიანმა – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა – ეს ინფორმაცია დაადასტურა: „ნიკოლოზ თოფურიძე იმერეთის გუბერნატორთან და იმერეთის სამი მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფება. მხოლოდ ზუსტად არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია და ვერ დავაკონკრეტებ.“

რა სარგებლობას მოუტანს მერის საზღვარგარეთ სამსახურებრივი ვიზიტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, – ამ ინფორმაციის მოძიებას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შევეცადეთ.

გაირკვა, რომ იმერეთის გუბერნატორი საქართველოშია და დღეს, 6 თებერვალს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში იმერეთის მუნიციპალიტეტებში 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვაში მონაწილეობს.

რაც შეეხება მერების ქვეყნის გარეთ მივლინებას, იმერეთის გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილე სალომე ჩინჩალაძე ამბობს, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას იმერეთის რომელიმე მუნიციპალიტეტის მერის საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინების შესახებ.