ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თინათინ ბოჭორიშვილის, ინფორმაციით, მოლითისა და ზვარეს საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი შეჩერებულია.

„ამ ორ სკოლაში გასათბობად ნაწილობრივ ელექტოენერგიას იყენებენ, დიდთოვლობის გამო დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და სკოლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. სწავლის პროცესი გათბობის არქონის გამო შეწყდა. უამინდობის გამო სასკოლო ტრანსპორტი ზოგიერთი მიმართულებით ვერ მოძრაობს,“ – ამბობს თინათინ ბოჭორიშვილი.

სასკოლო ტრანსპორტი არ მოძრაობს წიფასა და ნადაბურში, ამ სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორის, დოდო ხაჩიძის, ინფორმაციით მძიმე თოვლის გამო მოითხარა ხეები და დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე ამბობს, რომ ძირულისა და კიცხის მიმართულებით საავტომობილო გზები გაწმენდილია, ამჟამად შიგა სასოფლო გზების გაწმენდა მიმდინარეობს.

დღეს დილით ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სახალხო მატარებელი სოფელ მარელისში რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერდა.

მარელისის რკინიგზის სადგურის მორიგის, მამუკა ცუცქირიძის, თქმით, ქვესადგურებს მაღალი ძაბვა არ მიეწოდებოდათ და მატარებელი ამის გამო გაჩერდა. მამუკა ცუცქირიძის ინფორმაციით, ამჟამად მატარებლის მოძრაობა აღდგენილია.