დღეს, 30 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამი სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დაკავების მსურველებთან გასაუბრება გაიმართა.
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე www.hr.gov.ge განაცხადი 6-მა პირმა ატვირთა;
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად – 7-მა მსურველმა;
ხოლო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად – 5-მა პირმა.
მერიის ამ სამი სამსახურის უფროსის თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც შიდა აუდიტისა და მონიტორინგის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურების უფროსები – პაატა გოგოლაძე და მალხაზ ფხალაძე საკრებულოში თანამდებობებზე აირჩიეს; ხოლო ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თემურ თაბუკაშვილმა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე შეიტანა განაცხადი.
მერიის სამსახურების უფროსის თანამდებობების დასაკავებლად დახურული კონკურსები გაიმართა, რაც შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან გულისხმობს (კანდიდატების შერჩევა ასევე შესაძლებელია მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის კახა გოლუბიანის განცხადებით, დახურული კონკურსის მოთხოვნებს 18 აპლიკანტიდან მხოლოდ სამი აკმაყოფილებდა. ამიტომ გასაუბრება მხოლოდ სამმა კონკურსანტმა გაიარა – თითო კანდიდატმა თითოეულ ვაკანსიაზე.
გამარტივებული კონკურსია გამოცხადებული ხარაგაულის მერის თანაშემწის შესარჩევად. ამ პოზიციაზე დანიშვნა 24 პირს სურს. გასაუბრება 2 თებერვალს შედგება. გამარტივებული კონკურსის შემთხვევაში გადაწყვეტილებას საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი (მერი) იღებს.
ღია კონკურსებია გამოცხადებული შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
–ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი საარქივო საკითხებში (ყოველთვიური ანაზღაურება – 500 ლარი). ვაკანსიაზე 13 განაცხადია შესული.
–შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საკითხებში პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (ყოველთვიური ანაზღაურება – 600 ლარი.) ამ ვაკანსიაზე განაცხადი ცხრა კონკურსანტმა შეიტანა.
–შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საკითხებში მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (ყოველთვიური ანაზღაურება – 500 ლარი). განაცხადი 13-მა კონკურსანტმა შეიტანა.
ღია კონკურსი მიმდინარეობს ხარაგაულის მერის წარმომადგენლების თანამდებობების დასაკავებლად ხიდარში (კონკურსში ჩართულია 3 აპლიკანტი), წიფაში (6 აპლიკანტი), სარგვეშში (5 აპლიკანტი), ვახანში (6 აპლიკანტი), ფარცხნალსა (7 აპლიკანტი) და დაბა ხარაგაულის (13 აპლიკანტი) ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მერის წარმომადგენლის ასისტენტების თანამდებობების დასაკავებლად კონკურსში ჩართულია კიცხში 5 აპლიკანტი, ვახანში – 9, ღორეშაში – 6, წიფაში – 6 და ბორითში ორ ვაკანტურ ადგილზე – 12 კონკურსანტი.
მერის წარმომადგენელთა ხელფასი 1 100 ლარი, ხოლო მათი ასისტენტების – 500 ლარია.
ღია კონკურსებში მონაწილეებისათვის გასაუბრება 6 თებერვალს გაიმართება.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის კახა გოლუბიანის ინფორმაციით, კომისია შედეგებს გასაუბრებიდან 5 დღეში წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. ამის შემდეგ გამარჯვებული კონკურსანტები თანამდებობებზე 11 დღეში დაინიშნებიან.
ამჟამად ღია კონკურსი გამოცხადებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე (ანაზღაურება 650 ლარი) ხარაგაულის საკრებულოში. აღნიშნული შტატი 2014 წლის მოწვევის საკრებულოს ფუნქციონირების დროს შეიქმნა, თუმცა დღემდე ვაკანტური იყო.
ამ მომენტისათვის აღნიშნულ ვაკანსიაზე 7 განაცხადია გაკეთებული. განაცხადების ატვირთვა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე www.hr.gov.ge 3 თებერვლამდეა შესაძლებელი.
ლაურა გოგოლაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი