საჯარო სამსახურში განხორციელებული რეფორმისა და საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების წესში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ხელფასები მოემატებათ.

100-100 ლარით იზრდება მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსების ხელფასები, 130 ლარით – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება, 70 ლარით – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის.

ხელფასების მატება არ შეეხო მხოლოდ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს.

ამ დრომდე მერიის სამსახურების უფროსების სახელფასო ანაზღაურება 1 400 ლარია, განყოფილების უფროსების – 1 100 ლარი, პირველი და მეორე კატეგორიების უფროსი სპეციალისტების – 700-700 ლარი.

რაც შეეხება საკრებულოს, გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურება – 2 360 ლარიდან 2 650 ლარამდე. საკრებულოს აპარატის უფროსისა და მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასები 100-100 ლარით გაიზარდა. 2018 წლის თებერვლიდან საკრებულოს აპარატის უფროსის ანაზღაურება 1 500 ლარი, ხოლო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – 800 ლარი გახდება.

განისაზღვრა საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების სახელფასო სარგოები – ისინი ყოველთვიურად 1 100-1 100 ლარს აიღებენ.

საკრებულოსა და მერიაში ხელფასების ზრდის საკითხი დღეს, 30 იანვარს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს.

დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი ხელფასების გაზრდის წინააღმდეგი არა არის, თუმცა ის თანამდებობრივი სარგოების გაზრდის შესახებ დადგენილების „საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონთან შესაძლო შეუსაბამობაზე საუბრობს. ამიტომ მან მოითხოვა, რომ საკითხი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ დეტალურად შეისწავლოს.

დეპუტატ ინგა მაღრაძესთვის გაუგებარია, რატომ არ გაუზარდეს ხელფასები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლებს. ის თანამდებობრივი სარგოების გაზრდას ეთანხმება, რადგან ეს საჯარო სამსახურის რეფორმის შემადგენელი ნაწილია. რეფორმის მთავარი მიზანი კი ადმინისტრირებისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნაა. ინგა მაღრაძე ამბობს, რომ ხარაგაულის მერიაში რანგები ზოგიერთ საჯარო მოხელეს პერსონალური მიდგომებით მიანიჭეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების გამგის – ინგა ლურსმანაშვილის განმარტებით, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური დელეგირებული უფლებამოსილების თანხებიდან ფინანსდება და ამიტომ ამ სამსახურში ხელფასები არ გაიზარდა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი ამბობს, რომ ხელფასების გასაზრდელად ბიუჯეტში თანხა საკმარისია.

დეპუტატები ამ საკითხს საკრებულოს 5 თებერვლის სხდომაზე განიხილავენ.

ნინო კაპანაძე