ხარაგაულის ხალხური შემოქმედების სახლმა საქართველოში შობა-ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციების ამსახველი ფოლკლორული კონცერტი გამართა.
მოსწავლეებმა ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ალილოს, მეკვლეობისა და სადღესასწაულო სუფრის წეს-ჩვეულებები გვიამბეს.
შეასრულეს სიმღერები და ცეკვები იმერული, კახური, მეგრული, მთიულური, აჭარული და აფხაზური ფოლკლორიდან.
კონცერტზე მოსწავლეებმა მაღალი საშემსრულებლო დონე აჩვენეს. მათგან შესრულებულ თითოეულ მხატვრულ ნომერში ქართული ფოლკლორისადმი განსაკუთრებული სიყვარული იგრძნობოდა. ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორს, დალი მაღრაძეს, ზეპირსიტყვიერების მასწავლებელ თამარ ავალიშვილს, ლოტბარ მაია მაღრაძესა და ქორეოგრაფ რომან ბუაჩიძეს მიუძღვით.
„არაჩვეულებრივი ბავშვები არიან, თქვენი თავდადებული შრომა, მშობლების ხელშეწყობა და ფოლკლორისადმი პატივისცემა ნათლად გამოჩნდა, – აღნიშნა კონცერტის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან გიორგაძემ, – მთავარია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხალხური შემოქმედების სახლის პრობლემები დროულად მოვაგვაროთ.“
„მრავალფეროვანი, დახვეწილი და საინტერესო კონცერტი ვნახეთ ახალი რეპერტუარით, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, – ეს არის ნამდვილი ფოლკლორი. ქართულ ხალხურ შემოქმედებასთან შეხვედრა კი ყოველთვის სასიხარულო და მნიშვნელოვანია.“
ხალხური შემოქმედების სახლს არ აქვს სამუშაო პირობები – შენობაში არ არის წყალი, ელექტროენერგია, მოსაწესრიგებელია სარეპეტიცო და საკონცერტო დარბაზები.
„20 წლის იუბილესთვის ვემზადებით, – ამბობს ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი დალი მაღრაძე, – მასშტაბურ ღონისძიებას გავმართავთ. ჩვენს საქმიანობაში სიახლეა ის, რომ ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ხარაგაულში, სავარაუდოდ, მარტიდან სალოტბარო სკოლა გაიხსნება. საამისოდ, აუცილებელია შენობაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს. იმედია, ადგილობრივი ხელისუფლება გვერდით დაგვიდგება.“
სალოტბარო სკოლას მაია მაღრაძე უხელმძღვანელებს. „მოსწავლეები გალობას და ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან, – ამბობს მაია მაღრაძე, – სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად კურსდამთავრებულებმა გამოცდა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში უნდა ჩააბარონ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ისინი შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ. სალოტბარო სკოლაში სწავლის მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის. მოსწავლეები სოლფეჯიოს შესწავლიან, რომ ნოტების წაკითხვა შეძლონ.“
წარმატებებს ვუსურვებთ ხალხური შემოქმედების სახლის მოსწავლეებსა და კოლექტივს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი