ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს 2018 წლის 3 იანვრიდან ჟანა ნემსაძე ხელმძღვანელობს. ის ამ დრომდე ამავე ბიუროში სპეციალისტად მუშაობდა.

პარლამენტარის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ მოვალეობის შემსრულებელი ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ჟანა ნემსაძემ 2010 წელს ხარაგაულის #3 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე გააგრძელა. პარალელურად თბილისის სასულიერო სემინარიის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. დაამთავრა სასულიერო სემინარია და საჯარო ორგანიზაციების მართვის ორთვიანი კურსი ჟვანიას სახელობის სკოლაში.

ხარაგაულში დაბრუნების შემდეგ, 2014 წლიდან, მუშაობა გამგეობაში გამგებლის მდივან-რეფერენტად დაიწყო. 2017 წლის იანვრიდან ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატატის ბიუროს თანამშრომელია.

„ერთი წელია, დეპუტატის ბიუროში ვმუშაობ და მოსახლეობის პრობლემებს კარგად გავეცანი, – ამბობს ჟანა ნემსაძე, – მოქალაქეები, ძირითადად, სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის მოგვმართავენ. ოჯახები სოციალური მომსახურების სააგენტოდან ხელახალი გადამოწმების მიზნით დეპუტატისგან შუამდგომლობას ითხოვებ. ხშირია პრობაციონერთა მომართვიანობა სასჯელის შემსუბუქებაზე. მოქალაქეებისთვის აქტუალურია დასაქმების საკითხი. 2017 წელს ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში წერილობით 220-მდე მოქალაქემ მოგვმართა.“

ჟანა ნემსაძის ინფორმაციით, ერთწლიანი საპარლამენტო საქმიანობის ანგარიშით ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი მოსახლეობის წინაშე, სავარაუდოდ, თებერვალში საჯაროდ წარდგება.

რაც შეეხება უშუალოდ მოსახლეობასთან შეხვედრებს, პარლამენტარის ბიურო გეგმავს, რომ საპარლამენტო არდადეგების პერიოდში დეპუტატი რამდენიმე თემის მოსახლეობას შეხვდეს.

„სამომავლოდ ახალგაზრდული კლუბის შექმნას ვგეგმავთ, – ამბობს ჟანა ნემსაძე, – დაინტერესებულ მოსწავლეებს საპარლამენტო საქმიანობას ახლოს გავაცნობთ. ვგეგმავთ სპორტულ ღონისძიებებს.“

ნინო კაპანაძე