44 წლის წინ, 17 დეკემბერს სამშობიაროში შესულ ელზა მაღლაკელიძეს მომავალი სარძლო ორი დღის დახვდა. მაშინ, აბა, რას წარმოიდგენდა, რომ ბარბარობას დაბადებული მისი ვაჟი, უჩა შავიძე, წლების შემდეგ სამშობიაროში „გაცნობილ“ გოგონაზე იქორწინებდა.

დღეს გახარებულია უჩასა და ხათუნას ბედნიერებით. ოჯახის განსაკუთრებულ მფარველად წმინდა ბარბარეს თვლის. მას სთხოვს შვილებისა და შვილიშვილების ჯანმრთელობას.

„უჩა რომ დაიბადა, მაშინ საეკლესიო დღესასწაულები არ აღინიშნებოდა, – იხსენებს ელზა მაღლაკელიძე, – თუმცა დაბადების დღეს ახლობლები ყოველთვის ვიკრიბებოდით. აუცილებლად მოდიოდა უჩას ნათლია, ვახტანგ ლურსმანაშვილი. ბარბარობა ჩვენს ოჯახში ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაული იყო.

უფლისა და წმინდა ბარბარეს მადლია, ალბათ, ოჯახის წევრებს ერთმანეთი რომ ძალიან გვიყვარს. ისეთი მზრუნველი ქმარი, როგორიც უჩაა, ღმერთმა ჩემ შვილიშვილ თინათინს მისცეს.“

„უჩა ნამდვილად მზრუნველი და ყურადღებიანია, – ამბობს უჩას მეუღლე ხათუნა ლურსმანაშვილი. ამ თვისებით გამოირჩევიან ჩემი დედამთილიც და ჩვენი უფროსი შვილი არმაზი. პატარა დაიკო, როცა უფროსები დაკავებულები ვართ, გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეთა სახლში და მუსიკაზე არმაზის დაჰყავს.“

ხათუნა იხსენებს, ერთ მშვენიერ დღეს როგორ მიაკითხა სამსახურში უჩამ და პირდაპირ გამოუცხადა, ჩემი ცოლი უნდა გახდეო. გაბრაზებულმა ცივი უარით დაითხოვა, მაგრამ…

პატიოსნება, ხასიათი, უბრალოება – ამ თვისებებით გამოარჩია უჩამ ხათუნა.

„თითქმის ყოველდღე სამსახურში მაკითხავდა, – ამბობს ხათუნა, – მახსოვს, რვა მარტს ყვავილების თაიგული და სუნამო მომართვა. ოჯახშიც მოვიდა, ჩემ მშობლებს შეხვდა. ერთ დღესაც დაქორწინება გადავწყვიტეთ და გავიპარეთ.

სურამში ჩემ მულთან, ელისოსთან, წავედით. როგორი სითბოთი და სიხარულითაც პირველად შემხვდა, დღემდე ისე ვხდებით მე და ელისო ერთმანეთს. მას შემდეგ ჩემ მულთან თავს თითქოს მშობლიურ სახლზე თავისუფლად ვგრძნობ. “

„შვილის არჩევანში არ ჩავრეულვარ. ვთქვი, თუ უფლის ნებაა, ეს აუცილებლად მოხდებოდა, – ამბობს ქალბატონი ელზა, – იმ დღეს, როცა გაიპარნენ, ხათუნა ინფექციურ განყოფილებაში მორიგეობდა. ექიმ ლარისა უვაროვასთვის უთქვამს, ცოტა ხანს გარეთ გავალო. ოთახში დაბრუნება რომ დააგვიანა, ლარისა ექიმი შეწუხებულა. რომ გაიგო, უჩას წაყვაო, ჩემთან სახლში მოვიდა. „სად წეიღე ჩემი ხათუნა, სად წეიღეო,“ – ნერვიულობდა. „მე არა, ლარისა ექიმო, უჩას წაყვებოდა-მეთქი,“ – ვუთხარი.

– ქალბატონო ელზა, თქვენზე ამბობენ, კარგი დედამთილიაო. როგორია „კარგი დედამთილი?“

– ჩასაფრებული არ უნდა იყო, აბა, რძალს რა შეეშლება, რომ უსაყვედურო. გასარეცხი თეფშისა და მისალაგებელი ოთახის გამო ადამიანს გული არ უნდა ატკინო.

ეკლესიამ და რწმენამ ჩემში ძალიან ბევრი რამ შეცვალა. სულ სხვანაირ პიროვნებად ვიქეცი. ტაძარში მარტო პირჯვარის გადასაწერად ხომ არ უნდა ვიაროთ?! ოჯახში მთავარია ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ჩემთვის იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა ჩემი რძალი ხათუნა გახარებულია.

უჩას დამსახურებაცაა რძალ-დედამთილის ურთიერთობები. უჩა დედაჩემმა გაზარდა და ბევრი კარგი თვისება ბებიამ ჩაუნერგა. ბებია ისე უყვარდა, რომ ბავშვობაში დაჰპირდა, შვილი რომ მეყოლება, შენ სახელს დავარქმევო. სამწუხაროდ, დედაჩემი თინათინის დაბადებას ვეღარ მოესწრო. თუმცა იცოდა, გოგონას რომ ველოდებოდით.

„ყოველთვის მშვიდად ვარ, როცა სადმე მივდივარ და შვილებს სახლში ვტოვებ, – საუბარს აგრძელებს ხათუნა, – დარწმუნებული ვარ, ჩემი დედამთილი ჩემზე უკეთ მიხედავს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მუშაობა რომ დამეწყო, ძალიან იაქტიურა, მაქსიმალურად ხელს მიწყობს.“

„13 წლის წინ, არმაზი რომ გაგვიჩნდა, მარტო დედა მუშაობდა და ის გვარჩენდა, – იხსენებს უჩა, – ყველა ორიენტირებული ვიყავით, რომ ბავშვს არაფერი მოკლებოდა. ნოდარი მუხურაძეს და მის მეუღლე მზია ყრუაშვილს სპეციალურად ჩვენთვის მოჰქონდათ ბავშვის საჭმელი. როცა ფული გექნებათ, მაშინ გაგვისტუმრეთო, – გვეუბნებოდნენ. თინათინის გაზრდაში დიდი წვლილი თამრიკო სხილაძეს მიუძღვის.

შვილებს ვუთხარი, – რა პროფესიაც უნდა აირჩიოთ, თავდაჯერებულები იყავით და თქვენი საქმე საუკეთესოდ იცოდეთ. ჯერჯერობით, არმაზიზე მხოლოდ კარგი მესმის.“

არმაზ შავიძე ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა. ის კლასიკური მუსიკითაა გატაცებული. უყვარს ცეკვა და თეატრი. ტელევიზორში ნიკოლოზ რაჭველის შესრულება იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა კლასიკურ მუსიკას დაუფლებოდა. თინათინი ვიოლინოს სწავლობს და მასწავლებლის შექება ძალიან ახარებს.

„პატარა რომ ვიყავი, ბებოს „დედას“ ვეძახდი, – ამბობს არმაზ შავიძე, – ის ჩემთვის იგივე დედაა. შემიძლია ვთქვა, რომ ბებო ყველაზე ძალიან მიყვარს.“

ბარბარობას და დაბადების დღეს ვულოცავთ ხათუნა ლურსმანაშვილსა და უჩა შავიძეს. უფლისა და წმინდა ბარბარეს მადლი ფარავდეს მათ ოჯახს.

ნინო კაპანაძე