ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს მიერ გამოთქმული არც ერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა. ამის მიზეზად შემოსავლებისა და დროის სიმცირე დაასახელა.

„რიგ შენიშვნებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. ველოდებით ზემდგომი ორგანოებიდან დამატებით მითითებებს,“ – აღნიშნა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა საკრებულოს ბიუროს 13 დეკემბრის სხდომაზე.

2018 წლის ბიუჯეტში ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერი 20 400 ლარით გაიზარდა. აქედან 12 ათასი ლარი საკრებულოს ხარჯებში მიიმართა, 8 400 ლარი – ბორის სკოლა-პანსიონში არსებული საბავშვო ბაღის თანამშრომელთა და ოფისის ხარჯებში. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ბორის საბავშვო ბაღი სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას უნდა გადმოეცეს. გადმოცემის პროცედურებს, სავარაუდოდ, ხუთი თვე დასჭირდება.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ მერიისთვის საკრებულოს რეკომენდაციაა უპირველესი და არა – ცენტრალური ხელისუფლების.

„დრო გარბის, პრობლემები რჩება და ვლადიმერ გელაშვილის სიტყვების – „ეტაპობრივად მოხდება ცვლილებებიო“ – იმედად ვრჩებით,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

მისი განცხადებით, თუ მომავალი წლის ბიუჯეტში „ეტაპობრივი ცვლილებები“ არ მოხდა, მივიღებთ იმას, რომ:

  • საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებენ;
  • სოციალური პროგრამები ვერ განხორციელდება;
  • რეგიონული განვითარების ფონდიდან მისაღები თანხები რომ დამტკიცდება, ადგილობრივ ბიუჯეტში გზების შესაკეთებლად არც ერთი თეთრი აღარ დარჩება;
  • სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას 15 ათასი ლარი არ ეყოფა.

„ნუ გვექნება იმის იმედი, რომ ჯერ არგაგონილ, ჯერ არნახულ რეკომენდაციას მოგვაწვდიან „ზემოდან“ და იქედან რაღაცას დაგვილაგებენ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – თვითმმართველობა არის დამოუკიდებელი და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს თავად უნდა ვწყვეტდეთ. ფაქტია, რომ საკრებულოს შენიშვნები უგულვებელყოფილია.

ცენტრალური ხელისუფლება ჩვენ არანაირ მითითებას არ გვაძლევს და არც მოგვცემს, გარდა საკანონმდებლო რეგულაციისა. ვიმედოვნებ, რომ ვლადიმერ გელაშვილის სიტყვები ამჯერად მაინც გამართლდება და ჩვენს შენიშვნებს ეტაპობრივად გაითვალისწინებენ.“

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის პოზიციას იზიარებენ საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები: მალხაზ ფხალაძე, დავით კიკნაძე და გივი თხელიძე.

ნინო კაპანაძე