გაგიგიათ, რომ საქართველოს და უკრაინის ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ეს, ცხადია, სიმართლეა… ბოროტი იმპერიის ორი თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა პოსტსაბჭოთა რუსეთის მარწუხებიდან გათავისუფლების მოლოდინშია. უკრაინა ამ წუთებშიც ხელჩართულ, ანუ, კონვენციურ ომში ებრძვის რუსეთს. საქართველოში, მართალია, ომი ა(ღა)რაა, მაგრამ, მაინც ომია – ოღონდ, არაკონვენციური… ჰიბრიდული.

იმისათვის, რომ უფრო კარგად გაიგო, როგორია დღევანდელი უკრაინა, მას, თუნდაც მცირე ხნით, უნდა ეწვიო. ამგვარი შესაძლებლობა „მოულოდნელად“ გაგვიჩნდა ჩვენ – 16 ჟურნალისტს და არასამთავრობოელს საქართველოდან – 6-8 დეკემბერს, ანუ, ორიოდე დღით, მოვინახულეთ ცივი კიევი და მისი თბილი მასპინძლები, რომლებთან ერთადაც ვმსჯელობდით თემაზე – ევროინტეგრაციის პერსპექტივები ჩვენთვის – უკრაინისთვის და საქართველოსთვის.

შეხვედრებს ოდნავ მოგვიანებით მიმოვიხილავთ, მანამდე კი პირველი შთაბეჭდილებები.

ჩვენი „წარმომადგენლობითი“ „დელეგაცია“ უკრაინელმა მესაზღვრეებმა შესვლისთანავე აითვალწუნეს… პასპორტები ჩამოგვართვეს და, ასეც შეიძლება ითქვას – გაიტაცეს.

დაღლილებს, ცხადია, სწრაფად გვინდოდა თავდახსნა, მაგრამ, მესაზღვრეები არ ჩქარობდნენ… ამასობაში გავიცანით ბელორუსი ჟურნალისტი, რომელიც კიევის გავლით, ანუ, ტრანზიტით აშშ-ში მიემგზავრებოდა და ჩვენგან განსხვავებით, გაოცებული იყო მესაზღვრეთა შეუვალობით. НУ ПОЧЕМУ?.. კითხულობდა ბელორუსი ვლადისლავი და ჩვენც, მასთან ერთად, მხრებს ვიჩეჩდით.

ქართველ „დაკავებულთა“ შორის აღმოვაჩინეთ კოლეგები პირველი არხიდან. ოპერატორი, რეჟისორი და ჟურნალისტი მესაზღვრეებმა საზღვარზე ჯერ გაატარეს და მერე, როცა „აზრზე მოვიდნენ“, უკან გამოაბრუნეს. ჩვენგან განსხვავებით, პირველარხელები კიევში არც შეუშვიათ – უფრთხიან უკრაინელები ვიდეოკამერიანებს საქართველოდან… მგონი, კანკალამდე უფრთხიან.

ვრცლად