ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4 დეკემბრის სხდომაზე მარელისში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და ლაშეში ყოფილი კლუბ-კანტორის შენობის გაყიდვაზე იმსჯელეს.
ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ობიექტების გაყიდვა ქონების შეძენით დაინტერესებული პირების მომართვის შემდეგ გადაწყვიტეს.
ხომ არ დასჭირდება სამომავლოდ მუნიციპალიტეტს მარელისში მიწის ფართობი საბავშვო ბაღის ან სარიტუალო დარბაზისთვის დამხმარე ნაგებობის ასაშენებლად, – ეს საკითხი საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის კომისიამ შეისწავლა.
კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძემ კოლეგებს მიწის გაყიდვის თაობაზე დადებითი დასკვნა წარუდგინა.
დეპუტატების, მიხეილ ჭიპაშვილისა და თემურ ფცქიალაძის მოსაზრებით, მარელისში საბავშვო ბაღის აშენების საკითხი რომ დადგეს, მუნიციპალიტეტმა ტერიტორია კერძო პირისგან უნდა გამოისყიდოს. ახალი რეგულაციით, საბავშვო ბაღში ერთ აღსაზრდელზე 15 კვმ ფართია განსაზღვრული.
„მერიისგან მიღებული ინფორმაციით, გამოდის, რომ ექვსი აღსაზრდელის ფართს ვყიდით, – ამბობს თემურ ფცქიალაძე, – მარელისში საბავშვო ბაღის აშენება რომ გადავწყვიტოთ, მუნიციპალიტეტს შენობისთვის ადგილის მოძიება დასჭირდება.“
დეპუტატი ზურაბ ხაჩიძე დაინტერსებული პირისგან მიწის ელექტრონული აუქციონით შეძენის შესაძლებლობას სათუოდ მიიჩნევს.
ლეღვნის მაჟორიტარი დეპუტატის, ნიკოლოზ მაღრაძის ინფორმაციით, „მარელისში მიწა დეფიციტი არ არის.“
საკრებულომ მარელისში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის გაყიდვას მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მერიამ ქონების მართვის საკითხებში საკრებულოსთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს და გასაყიდი ქონების შესახებ ინფორმაციები დააზუსტოს.
დეპუტატებმა ვარლამ ჭიპაშვილმა და მიხეილ ჭიპაშვილმა მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის (უაზ 31514 სახელმწიფო ნომერი – LEO 634) ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობისთვის“ გადაცემა გააპროტესტეს.
„დაგვისაბუთოს „ხარაგაულკეთილმოწყობის“ დირექტორმა, რაში სჭირდება ავტომანქანა, – ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი, – ორგანიზაცია ფუნქციებს ვერ ასრულებს, – ისლარში დაცულ ტერიტორიას და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე არც ერთ პარკს არ უვლის; გარე განათება მწყობრიდან გამოსულია – სოფლები და დაბა ხარაგაულის ქუჩები ჩაბნელებულია. ააიპ-ის თანამშრომლების დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გადაადგილებას მანქანა არ სჭირდება. „ხარაგაულკეთილმოწყობას“ ბიუჯეტიდან 14 ათასი ლარი მანქანის შესაკეთებლად შარშან გამოეყო. მანქანა ისევ გაფუჭებულია, მოსახლეობა მომსახურების გარეშეა დარჩენილი.“
დეპუტატებმა მიხეილ ჭიპაშვილის წინადადება, საკითხი მომავალი სხდომისთვის შეესწავლათ, არ გაიზიარეს და ავტომანქანის „ხარაგაულკეთილმოწყობისთვის“ გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მისცეს.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი