ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ხარაგაულში ახალგაზრდებისთვის სასურველი გარემოს შექმნაა.

უფროს თაობებს კარგად ახსოვთ ქვეყნის მასშტაბით სანიმუშო და გამორჩეული ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკი – გასართობი ატრაქციონებით, თვალწარმტაცი ყვავილნარებით, ცხოველებითა და ფრინველებით. ხარაგაულელი ბავშვებისა და ახალგაზრდების დღევანდელი თაობა დასვენებისა და გართობისათვის, უკეთესს თუ არა, ანალოგიურ გარემოს ნამდვილად იმსახურებს.

რა ეტაპზეა ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია, მზადაა თუ არა პარკის რეაბილიტაციის პროექტი და კონკრეტულად რისი გაკეთება იგეგმება პარკში, – ამ შეკითხვებით მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს წერილობით მივმართეთ.

მისგან „ჩემი იმერეთის“ რედაქციისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში ნათქვამია: „გაცნობებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაეგზავნა წერილი ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის დაფინანსების მოთხოვნით.

პროექტის ფარგლებში მოხდება პარკის მთლიანი რეაბილიტაცია (ბილიკები, ძელსკამები, გაზონები, განათება, ატრაქციონი). საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება მოხდება პროექტის დაფინანსების შემდეგ, რომლის დროსაც დაზუსტდება უშუალოდ რა სამუშაოები განხორციელდება კულტურისა და დასვენების პარკში.“

ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის თემით „ჩემი იმერეთის“ რედაქცია ამ საკითხის სრულ მოგვარებამდე დაინტერესდება.