საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი ქვიშხეთი-ზვარეს სარკინიგზო გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა. გვირაბის მშენებლობის პრეზენტაციას, რომელიც თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პროექტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

„ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა, გაძლიერდება უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოება, და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდება მგზავრობის დრო და მატარებელი თბილისიდან ბათუმამდე მანძილს კიდევ უფრო მოკლე დროში დაფარავს.

„საქართველოს რკინიგზა“ ძალიან დიდ ძალისხმევას დებს, რათა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დროულად და სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს. ჩვენი გათვლით, პროექტი 2020 წლისთვის დასრულდება. ასე რომ, თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მალე ჩვენ გვექნება მოდერნიზებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის – სივრცითი მოწყობის ნაწილია, რომლის განხორციელების შედეგად ქვეყანას ექნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა – ახალი და განახლებული რკინიგზის სადგურებით, პორტებით და აეროპორტებით, ტურისტული ინფრასტრუქტურით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა ამ მასშტაბური პროექტის განხორციელება არა მარტო საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა, არამედ პროცესში ჩართული არიან უცხოელ ექსპერტთა, სპეციალისტთა და მშენებელთა ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფები.

პრემიერის შეფასებით, სწორედ ასეთია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“, რომელიც უღელტეხილის მონაკვეთზე რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას ახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა მათ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტს ზედამხედველობას უწევს ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის განსაკუთრებულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო არის ბუნებრივი დერეფანი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, აქვს დიდი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონში, მათ შორის, ვაჭრობისა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

„ჩვენ გვაქვს საშუალება, დავიბრუნოთ ისტორიული ფუნქცია ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში. ამდენად, ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდის კუთხით. განვითარებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის და დიდი შესაძლებლობაა რეგიონალურ თუ საერთაშორისო დონეზე ბიზნესის წარმოებისთვის.

28-29 ნოემბერს, საქართველოში ჩატარდება მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელსაც ჰქვია „ერთი გზა – ერთი სარტყელი“. ეს ფორუმი გახლავთ ანარეკლი ჩინეთის მთავრობის, კონკრეტულად პრეზიდენტის ინიციატივისა, აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის აღდგენის თაობაზე. ველოდებით წარმომადგენლობით დელეგაციას ჩინეთიდან, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებს და მოხარულნი ვიქნებით, განვიხილოთ ახალი ეკონომიკური ინიციატივები ამ პროექტის ფარგლებში.

თითოეული ინვესტიცია, თითოეული პროექტი ემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ გაათმაგებული პასუხისმგებლობით და მონდომებით. ჩვენ ორიენტირებული ვართ სწორად დაგეგმვასა და მაღალ ხარისხზე.

ჩვენი ამოცანაა, ეფექტიანად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ქვეყანაშია და ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ მყარი გარანტიები სტაბილური, მშვიდი და უკეთესი ცხოვრებისათვის. მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ძი იანჩი, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს გენერალური დირექტორი“ სიაო ჰონგვუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

წყარო