კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე ხარაგაულში თამაზ სანებლიძის ლექსზე – „უფლის ნაკრძალს – ხარაგაულს“ – შექმნილი სიმღერით გვესტუმრა.

სიმღერას ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლი (ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე) შეასრულებს.

„ჩემ ქალიშვილთან დავიჩივლე, რომ ხარაგაულზე სიმღერის დაწერა მსურდა, – ამბობს რუსუდან სებისკვერაძე, – მან თავის მეგობარ მაია ტორაძეს შემახვედრა. მისი დახმარებით შევარჩიე ტექსტი. ამ სიმღერით ჩემი ოცნება ავისრულე და ხარაგაულის წინაშე ვალი მოვიხადე. ღმერთმა გადღეგრძელოთ, გაბედნიეროთ, იყავით სულ ასე ტკბილი, გემრიელი და ალალმართალი ხალხი.“

რუსუდან სებისკვერაძესთან შეხვედრა შოთა ბუაჩიძის სახელობის ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში (დირექტორი ლალი ალექსიძე) გაიმართა. კომპოზიტორს სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სიურპრიზი მოუწყვეს – რუსუდან სებისკვერაძის „ყვავილების სიმღერა“ ანა მაჭავარიანმა და არმაზი შავიძემ შეასრულეს, „მუსიკალური მომენტი“ – სალომე მაჭავარიანმა, „ფოთოლი ამიშრიალა“ – თამთა კიკნაძემ და მარიამ მანჯავიძემ, „ევროპული სკოლის ჰიმნი“ – გოგონათა გუნდმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხარაგაულელი მაია ტორაძე მიიჩნევს, რომ არა მარტო ხარაგაულისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის კომპოზიტორის სტუმრობა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე ბედნიერია, რომ იბადება სიმღერა, რომელსაც ხარაგაულში თაობები მოისმენენ.