მეთოთხმეტე საბიუჯეტო ცლილება განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრებმა 2 ნოემბრის სხდომაზე.

ცვლილების თანახმად, ნოემბერში ხელფასებისა და სხვა გადაუდებელი ხარჯებისათვის ააიპ „ხარაგაულდასუფთავებას“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 60 ათასი ლარი უნდა გამოეყოს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის, ინფორმაციით, ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფა, არჩევნების მეორე ტურის გამო, დეკემბერში გადაიდო. მისივე თქმით, „მორიგი საბიუჯეტო ცვლილება დაგვჭირდება დეკემბერშიც, რადგან ხარაგაულში მოქმედ ააიპ-ებს წლის ბოლომდე ხარჯებისათვის სუბსიდიის დამატება სჭირდებათ.“

ააიპ „ხარაგაულდასუფთავება“ ნოემბერ-დეკემბრის ვალდებულებების დასაფარად 111 300 ლარს ითხოვს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არასაკმარისი თანხის გამო ააიპ-ს მხოლოდ 60 ათასი ლარი გამოეყოფა; აქედან – 41 ათასი ლარი ხელფასებისთვის, ხოლო დანარჩენი – გადაუდებელი ხარჯებისთვის.

საბიუჯეტო ცვლილება დღესვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განიხილეს. ააიპ „ხარაგაულდასუფთავების“ დირექტორის, თემური ფურცელაძის ინფორმაციით, „საწვავის გაძვირების გამო, მათი ხარჯი იზრდება. დამატებით ორი ნაგავმზიდი შემოვიყვანეთ, გაფართოვდა მომსახურების არეალი და შესაბამისად, საწვავის ხარჯიც გაიზარდა. დავიმატეთ მტვირთავები და ორი მეეზოვე. სოფლებში, სადაც ბეტონის გზები დაიგება, ნარჩენების შემკრები ბუნკერები უნდა დაიდგას, უნდა ავიყვანოთ მომსახურე პერსონალი. ამის გამო ხარჯი მოიმატებს,“  – აღნიშნა სხდომაზე თემური ფურცელაძემ.

საბიუჯეტო ცვლილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 6 ნოემბრის სხდომაზე განიხილავს.

თამთა გოგოლაძე