პირველი ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ამოქმედდა ე. წ. „ჭკვიანი კამერები“ და მათი მეშვეობით, შსს-ს ვიდეოანალიტიკური პროგრამებით, სამართალდარღვევა ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ექვსი „ჭკვიანი კამერა“ იყიდა. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, კამერები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 21 570 ლარადაა შეძენილი.

შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ტატო კუჭავას ინფორმაციით, „ჭკიანი კამარებით“ დაჯარიმების წესი დღეიდან მხოლოდ დედაქალაქში ამოქმედდება. სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში კამერები წლის ბოლომდე ეტაპობრივად დამონტაჟდება. მისივე ინფორმაციით, ჭკვიანი კამარების განთავსების ადგილს ადგილობრივი ხელისუფლება და საპატრულო პოლიცია ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ.

დამრღვევი მძღოლი ვიდეოჯარიმით შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა; ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა; სიჩქარის გადაჭარბება; მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება; მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.

ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.