ჩვენი თანამემამულე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალისმკვიდრი თორნიკე ბლუაშვილი 2012 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობს და საქმიანობს. ის ქალაქ ბაზელის თეატრის მსახიობია. როგორ გრძელდება ცხოვრება შვეიცარიაში და რამდენად უკავშირდება ახალგაზრდა მსახიობის სამომავლო გეგმები ხარაგაულს, – ამის შესახებ თორნიკეს ვესაუბრეთ.

„შვეიცარია – ეს არის ქვეყანა, რომელიც არც თუ ისე მარტივად მიგიღებს. თუმცა, ჩაფიქრებულზე უფრო დიდხანს მომიწია აქ დარჩენა, – ამბობს თორნიკე, – რთულია მიატოვო ყველაფერი, რაც შენით მოიპოვე და შემდეგ ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო. შვეიცარიაში მთავარია შრომისმოყვარეობა და სუფთა სინდისი. ან უნდა მიჰყვე დინებას, რომელიც დაუჯერებლად სწრაფია და იცხოვრო მშვიდად, თუ სიმშვიდეა შენი მთავარი მიზანი; ან შენვე უნდა აიღო საკუთარი ბედისწერა ხელში, იყო სინდისიერი, ღირსეული, გამბედავი და გასცურო აღმა!

ახლა ბაზელში ჩემს მეუღლე თამართან ერთად ვცხოვრობ. ასე რომ, გაუფრთხილებლად მოსულ სტუმარს ხაჭაპურითაც შეგვიძლია ვუმასპინძლოთ.

რამდენიმე დღეში ბაზელის თეატრი სპექტაკლით „მამა“ ბერნში, ციურიხში, ზოლოთურნსა და ფრაიბურგში გასტროლებს გეგმავს. ეს სპექტაკლი ქართულ-შვეიცარიული პროექტია და მისი რეჟისორია გოშა გორგოშიძე. ამ სპექტაკლში ნათამაშევი ექიმი, ალბათ შვეიცარიაში ჩემი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი როლია.“

ხელოვნების პარალელურად, თორნიკე ბლუაშვილი, რამდენიმე წელია, დაინტერესებულია პედაგოგიკით. თვლის, რომ პედაგოგი უნდა იყოს მოსწავლისთვის სამაგალითო და მისაბაძი პიროვნება.

უახლოეს ხანში იწყებს მუშაობას სადიპლომო ნამუშევარზე. ეს იქნება ერთსაათიანი მონოსპექტაკლი.

„უკვე დიპლომირებული (ფიზიკოსი, მსახიობი და მეტყველების სპეციალისტი) ხელოვანი და პედაგოგი დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ვიმუშავებდი მოსწავლეებთან და, რა თქმა უნდა, პედაგოგებთან. ვიმუშავებ ყველგან, სადაც დავინახავ, რომ ჩემი შრომა დაფასდება, – ამბობს თორნიკე ბლუაშვილი, – აუცილებლად დავბრუნდები ხარაგაულში დიდი იმედებით, ენერგიით სავსე. მჯერა, რომ თავდადებულ შრომას, თავისუფალ ნებას, სინდისსა და რწმენას აღმასვლის მოტანა შეუძლია!

გემშვიდობებით, პირისპირ შეხვედრამდე. მიუხედავად ყველაფრისა, ნუ დაგვავიწყდება ნილს ბორის გენიალური სიტყვები, რომელიც ჩემს დევიზად იქცა – „მთავარია, არ დავკარგოთ იუმორის გრძნობა.“

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: თორნიკე ბლუაშვილი (მარჯვნიდან პირველი) სპექტაკლში „მამა“