ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომის თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

ვინ დაიკავებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას, – ამ შეკითხვით საკრებულოს წევრებს მივმართეთ.

საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა.

„წინასწარ ჩემი მხრიდან რაიმეს გაჟღერება უხერხულია, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – ჯერ ისევ საარჩევნო რეჟიმში ვართ, – დასალაგებელია დოკუმენტაცია, ჩამოსახსნელია პლაკატები. დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დაბა ხარაგაულში პლაკატებსა და ბანერებს ჩამოხსნის, რომ არ თქვას მოსახლეობამ, მიატყეპეს კედლებზე და მიატოვესო.

ვულოცავ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკრებულოში არჩევას. მზად ვართ, მათ მოვუსმინოთ, შენიშვნებიც მივიღოთ და დასაბუთებული კრიტიკაც. პირად შეურაცხყოფებს თავი უნდა დავანებოთ. დროა, პოლიტიკურად გავიზარდოთ და ყველამ საქმეზე ვიფიქროთ. ვმსჯელობთ იმაზეც, თუ ვინ უხელმძღვანელებენ საკრებულოს კომისიებს. გვინდა, გუნდში იყოს სიმშვიდე და კომისიები პროფესიონალებმა ჩაიბარონ.“

„ქართული ოცნების“ სიის მეორე ნომერი, ამჟამად მოქმედი თავმჯდომარის მოადგილე გივი თხელიძე ამბობს, რომ გუნდი ჯერ არ შეკრებილა.

„როგორც კი რაიმეს გადავწყვეტთ, პირველად ინფორმაციას „ჩემი იმერეთის“ რედაქციას მოგაწვდით, – ამბობს გივი თხელიძე, – არ ვიცი, დავიკავებ თუ არა რაიმე თანამდებობას, – ისევ მოადგილე ვიქნები, თუ რომელიმე კომისიას ჩავიბარებ. სავარაუდოდ, შესაძალოა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისევ ქალბატონმა მანანამ უხელმძღვანელოს. ზუსტად არ ვიცით.“

„ჯერჯერობით არაფერი  გადაწყვეტილა. უახლოეს პერიოდში კონსულტაციებს დავიწყებთ, – ამბობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, – რაიმე კონკრეტული შემოთავაზება ჩემს მიმართ არ ყოფილა. რასაც გადაწყვეტს ჩემი პარტია და გუნდის უმრავლესობა, იმ გადაწყვეტილებას მივესალმები და გავიზიარებ.

ჩემ სურვილს რაც შეეხება, ნამდვილად მსურს, რომ მუშაობა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გავაგრძელო. ახალგაზრდა ადამიანი ვარ და ვფიქრობ, მივიღე ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობაში დამეხმარება. ჩემ თავს რომელიმე კომისიის ხელმძღვანელად ვხედავ. სხვა ამბიცია არ მაქვს.“

21 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 35 წევრიან საკრებულოში 28 დეპუტატი „ქართული ოცნებიდანაა“.

ნინო კაპანაძე