არჩევნებზე პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესწილები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იმერეთის მუნიციპალიტეტებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებსა და საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიული სიების პირველ ნომრებზე ინფორმაცია მოამზადა. ინფორმაცია საჯარო რეესტრის მონაცემებისა და ზოგიერთი კანდიდატის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების ანალიზს ეფუძნება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებულ ინფორმაციაში აღნიშნულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობის ოთხი კანდიდატისა და სამი პარტიის პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატების სამუშაო გამოცდილების, ქონებრივი მდგომარეობისა და ბიზნესინტერესების შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში „იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატების ქონება“ აღნიშნულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის მერობის კანდიდატ თორნიკე ავალიშვილს 2017 წელს შედგენილი დეკლარაციის მიხედვით უძრავი ქონება არ აქვს.

ხარაგაულის მერობის კანდიდატი პარტიიდან „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ პაატა კიკნაძე არის შპს „საპროექტო-სამშენებლო კომპანია ნიუ ბილდინგ“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის,

ნიკოლოზ თოფურიძის მიერ 2017 წელს შევსებული დეკლარაციით დგინდება, რომ ის ფლობს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ ერთ საცხოვრებელ სახლს და ასევე ხარაგაულში – მიწის ერთ ნაკვეთს. იგი არის ასევე ხარაგაულში მდებარე ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომლებიც აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დაირეგისტრირა. მისი მეუღლის, ეკატერინე კახიანის, საკუთრებაშია დუშეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც 5000 ლარად შეიძინა და თბილისში მდებარე ბინა, რომელიც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო საკუთრებაში.

„ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომრის, აკაკი მაჭავარიანის საკუთრებაში ირიცხება მიწის ორი ნაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში, და ასევე, მიწის ერთი ნაკვეთი დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე.

პარტიული სიის პირველი ნომერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქეთევან ზუმბაძე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისში ბინის მესაკუთრეა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიის პირველი ნომრის, მანანა ბარბაქაძის მიერ 2017 წელს შედგენილი დეკლარაციის მიხედვით დგინდება, რომ მას საკუთრებაში აქვს თბილისში ორი ბინა, რომლებიც 1991 და 1992 წლებში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა და ასევე თბილისში მდებარე ერთი ავტოფარეხი, რომელზეც საკუთრების უფლება დაირეგისტრირა ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე 2008 წელს. მანანა ბარბაქაძის საკუთრებაშია ხარაგაულში მდებარე მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი.

მანანა ბარბაქაძე არის შპს „მან ტური 2007“-ის დამფუძნებელი, 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, თუმცა აღნიშნულის შესახებ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.