პარტიის „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ ლიდერებმა 5 ოქტომბერს ბორითში, ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილას, ხარაგაულის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩევლების წინაშე წარადგინეს.

ხარაგაულის მერობის კანდიდატად გიორგი ყრუაშვილი, საღანძილის მაჟორიტარად – კახა ყრუაშვილი; ბორითის – ვლადიმერ ბარბაქაძე; ვერტყვიჭალის – თამაზ ციცქიშვილი, ღორეშის – რატი იჩქიტიძე; ვარძიის – გიორგი სარალიძე; ხიდრის – ბორის ბერაძე; ვახანის  – ირაკლი იჩქიტიძე; მოლითის – ვახტანგ ლაცაბიძე; წიფის – მალხაზ ტალახაძე წარადგინეს.

პარტიის ლიდერებმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, კახა კუკავამ და გიორგი ახვლედიანმა ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„ძალიან ხშირად მეკითხებიან – გვეშველება რამე? ყველას გულწრფელად ვპასუხობ, რომ თუ ჩვენ გასაკეთებელ საქმეს თავად არ გავაკეთებთ, არაფერი გვეშველება, – აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა – თუ ჩვენ ამ არჩევნებზე კარგად არ დავფიქრდებით, გავთვლით, ავწონ-დავწონით და ისე არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, შემდეგი 4 წლის მანძილზეც ერთმანეთს შევეკითხებით, – გვეშველება რამე? ჩვენ გვაქვს შანსი, გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ცრუ დაპირებებზე აღარ წამოვეგოთ“.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ამომრჩევლებს ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართული მიწების გასხვისების შესახებ სტატისტიკა გააცნო და აღნიშნა: რეალურად ჩვენ საკუთარ სამშობლოში ვხვდებით მდგმურები. ყოველწლიურად ქვეყანას 90 ათასიდან 120 ათასამდე ადგილობრივი მკვიდრი ტოვებს და ასობით ჰექტარი მიწის ფართობი უცხოელებზე იყიდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ორი პარტიის მიერ შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება კიდევ უფრო გაიზრდება, გაძლიერდება და ეროვნულ მუხტს შემოიტანს ჩვენს ქვეყანაში.“

პარტიის ლიდერი კახა კუკავა  საქართველოში მედიკამენტებისა და საწვავის მაღალ ფასებზე საუბრობს.

„წნევის წამალი, კაპტოპრილი, რომელიც საქართველოში 4.90 ლარი ღირს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მისი ღირებულება 0.40 ლარია. მაღალი ფასებია საწვავზეც. არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემდეგ მედიკამენტები და საწვავი საქართველოში გაიყიდება იგივე ფასად, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. არა მხოლოდ ავკრძალავთ ქართული მიწების გასხვისებას, არამედ უკვე გაყიდული ტერიტორიების გამოსყიდვას შევეცდებით. მიწა საქართველოში შეიძლება ეკუთნოდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ტყე და საძოვარი – სახელმწიფოს,“ – ამბობს კახა კუკავა.

თამთა გოგოლაძე