ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2 ოქტომბრის სხდომაზე დეპუტატებმა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მუშაობა დადებითად შეაფასეს.

კომისიის თავმჯდომარე გივი ხიჯაკაძემ კოლეგებს გასული ცხრა თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. მან აღნიშნა, რომ ააიპ „სათნოების სახლში“ ბენეფიციართა კვება გაუმჯობესდა – მაისიდან მენიუს 100 გრამი პური და 50 გრამი კარაქი „დაჩა“ დაემატა.

გივი ხიჯაკაძემ ისაუბრა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტზე, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსინათლოები ბრაილის შრიფტით წერა-კითხვას სწავლობენ. კომისიის თავმჯდომარე თვლის, რომ ეს პროგრამა მომავალ წელსაც უნდა გაგრძელდეს.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიშში  ნათქვამია, რომ ბორის სკოლის ბაზაზე მოწყობილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი, ბენეფიციართა ნაკლებობის გამო, ჯერჯერობით, ვერ იხსნება.

დეპუტატი ინგა მაღრაძე  ამბობს, რომ „სათნოების სახლის“ ბიუჯეტის გაზრდის მიუხედავად  ბენეფიციართა რაოდენობა არ იზრდება.

„შეჭირვებულ მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, ააიპ-ის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, – ამბობს ინგა მაღრაძე, – რამდენიმე თვეა, დიდვაკეში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად, უშედეგოდ ვითხოვ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი ქალბატონი „სათნოების სახლის“ ბენეფიციართა სიაში მოხვდეს. 100 გრამი პურითა და 50 გრამი კარაქით გაზრდილი მენიუ კარგად ასახავს მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკების დამოკიდებულებას ბენეფიციართა მიმართ.“

დეპუტატმა ქეთევან ზუმბაძემ საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა. „უმჯობესი იქნებოდა, „სათნოების სახლის“ ბენეფიციართა კვებაში ცხოველური ცხიმი დაგვემატებია, რადგან მათთვის ფაფა ისედაც მცენარეული კარაქით მზადდება, – ამბობს ქეთევან ზუმბაძე, – მახსოვს, როცა საკრებულომ ბორში დღის ცენტრის გახსნას მხარი დაუჭირა, ბენეფიციართა სია წარმოადგინეთ. საინტერესოა, რატომ არ მიჰყავთ ახლა ბორის დღის ცენტრში შეზღდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები? კომისიას ამ საკითხებზე უფრო კონკრეტული და სიღრმისეული პასუხები უნდა ჰქონდეს.“

დეპუტატ კობა გოგსაძის თქმით, „30 ათასი ლარი იხარჯება ააიპ „სათნოების სახლის“ პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე, 27 ათასი ლარი – ბენეფიციართა კვებაზე. ეს კატასტროფაა. დაგვისაბუთეთ, რაში სჭირდება „სათნოების სახლის“ დირექტორს მოადგილე?“

დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა კოლეგებს წარსული გაახსენა და აღნიშნა, რომ ხარაგაულის საკრებულოს უმრავლესობა მოსახლეობას ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური პაკეტის  მილიონ ლარამდე გაზრდას ჰპირდებოდა, 2017 წელს კი სოციალური მიმართულებით გამოყოფილი თანხა 100 ათასი ლარით შეამცირა.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, გივი ხიჯაკაძის თქმით, პირადად მას სოციალური პაკეტის შემცირებისთვის მხარი არასდროს დაუჭერია.

თამთა გოგოლაძე