ერთდროულად რამდენიმე სასიამოვნო სიახლე მოხდა ამ ზაფხულს ჭიათურის #7 საჯარო სკოლის კუსდამთავრებულის, ნინო გაგნიძის ცხოვრებაში. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე (კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა) ჩაირიცხა. ნინომ ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა.
„მიღწეული წარმატებით ძალიან ბედნიერი ვარ, – ამბობს ნინო გაგნიძე, – მართალია, ბევრი ვინერვიულე, მაგრამ, ვფიქრობ, ცხოვრების ახალი ეტაპი – სტუდენტობა – უფრო საინტერესო იქნება. ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსებას ველოდი. მოლოდინი რომ გამიმართლდა, უფრო მეტად გამიხარდა. პირველად ბებიას და დედას მივახარე, ასპროცენტიანი დაფინანსებით სასურველ ფაკულტეტზე რომ მოვხვდი, შემდეგ – ოჯახის დანარჩენ წევრებს.“
ნინომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში მაღალი შეფასება მიიღო, ხოლო ინგლისურში – 90-დან 90 ქულა. თვლის, რომ მის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი ოჯახის წევრებსა და მასწავლებლებს მიუძღვით.
ნინოს საყვარელი საგანი მათემატიკაა, რომელიც ბიცოლამ, ჭიათურის #7 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ხათუნა ბრეგვაძემ შეაყვარა. ფიქრობს, რომ კომპიუტერული მეცნიერებები მათემატიკასთან ყველაზე ახლოს დგას, ხოლო კომპიუტერული მეცნიერება დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო, გამოსაყენებელი და მომავლის პროფესიაა.
სასკოლო საგნების გარდა, ნინო გაგნიძეს მხატვრული ლიტერატურის კითხვა და სამეცნიერო ფილმები იტაცებს. ამბობს, რომ მისი მეგობრები და კლასელები წიგნების კითხვასთან ერთად კომპიუტერსაც ხშირად იყენებენ. ნინო ფიქრობს, რომ კომპიუტერი და წიგნი ერთმანეთს ავსებს. კომპიუტერთან ურთიერთობა უფრო მარტივი გამოსავალია, ვიდრე წიგნის წაკითხვა, მაგრამ წიგნის კითხვას ნინოსთვის სხვა დატვირთვა აქვს – ფანტაზიას ავითარებს. ნინოს თქმით, კომპიუტერში ფიქრისა და წარმოსახვის ადგილი აღარ არის.
ნინო გაგნიძის უპირველესი მიზანი სტუდენტობის წლების ნაყოფიერად გატარებაა. შესაძლოა, სამომავლოდ, ჩემი საქმიანობა მშობლიურ ქალაქ ჭიათურასაც დავუკავშიროო, – ამბობს.
მომავალ აბიტურიენტებს ურჩევს, რომ ისწავლონ ის საგნები, რომლებიც ძალიან უყვართ, აირჩიონ ის პროფესია, რომელიც მოსწონთ. „პრესტიჟის“ გამო ჩაბარება და სწავლა ნინოსთვის მიუღებელია და ფიქრობს, რომ ასე პროფესიონალები ვერ ჩამოყალიბდებიან.
„თუ სწავლა არ დაეზარებათ და მასწავლებლებსაც დაუჯერებენ, ზაფხულის ბოლოს ჩემსავით გახარებულები იქნებიან,“ – ამბობს ნინო გაგნიძე და ჭიათურელ ახალგაზრდებს წარმატებებს უსურვებს.
ვულოცავთ ნინო გაგნიძეს, ყველა ჭიათურელ ახალგაზრდას სტუდენტობას. ნაყოფიერ სწავლასა და საუკეთესო მომავალს ვუსურვებთ მათ.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში