განათლების სამინისტროს მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკების პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან კაჭრეთში, მანავსა და წყნეთში, რამდენიმე ნაკადად, VII-IX კლასების 150-მა მოსწავლემ დაისვენა.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანის შთაბეჭდილებებს.
თამარ მეიფარიანი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე:
-კაჭრეთის ბანაკის შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები განუზომელია. შევიძინე უამრავი ახალი მეგობარი, რომლებთანაც ურთიერთობას ვაგრძელებ. პროფესიულმა გაკვეთილებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება და გავლენა მოახდინა.
განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის დღე, როცა რეჟისორ ნანა ჯანელიძეს შევხვდით და მის გადაღებულ ფილმს გავეცანით. ბანაკიდან წამოსვლის დრო რომ მოახლოვდა, გული ამიჩუყდა და ავტირდი. ჩემთვის კაჭრეთში გატარებული დღეები დაუვიწყარია. დიდი მადლობა კაჭრეთის კინოხელოვნების ბანაკს და ხარაგაულის #2 საჯარო სკოლას.
ლუკა გურგენიძე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე:
–კლასის დამრიგებელმა თამარ მაღრაძემ მე და ჩემი თანაკლასელები ბანაკში დასასვენებლად დაგვარეგისტრირა. ადრეც ვიყავი ბანაკში ნამყოფი და სხვებისგანაც გამეგო, რომ იქ თავს იყრიდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ერთად ერთობოდნენ და ეჯიბრებიდნენ. მე და ჩემი მეგობრები კაჭრეთის კინოხელოვნების ბანაკში მოვხვდით.
ნანახმა მოლოდინს გადაჭარბა. ბანაკი კეთილმოწყობილი იყო, კვება – ძალიან კარგი. ჯგუფებს შორის ეწყობოდა როგორც სპორტული, ისე შემეცნებითი შეჯიბრებები. ყოველდღე ვეცნობოდით სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. ვიყავით ექიმთან, დურგალთან, მზარეულთან, მეფუტკრესთან, მეღვინესთან…
ბანაკში ყოფნისას თითოეულმა ჯგუფმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადავიღეთ. ბანაკიდან გამომგზავრების წინა საღამოს ჩვენი ნამუშევრების ჩვენება გაიმართა. კაჭრეთიდან ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი.
ანი მეიფარიანი, ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე:
-წყნეთის buckswood-ის ბანაკში წასასვლელად მზადება რომ დავიწყე, დროის საინტერესოდ გატარების მოლოდინი მქონდა, მაგრამ იქ ნანახმა კიდევ უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
პირველ რიგში, დაგვხვდა არაჩვეულებრივი გარემო სპორტული და ინტელექტუალური თამაშებისთვის. შევიძინე მეგობრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის აფხაზეთიდან.
მყავდა საუკეთესო ლიდერი ლანა. ბანაკში გატარებული ხუთი დღის განმავლობაში გაიმართა ჩემპიონატები ფეხბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. ფეხბურთში ჩემპიონი ჩემი გუნდი „ლოგანი“ გახდა.
ჩაგვიტარდა ტრენინგები ხელოვნებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პროფესიის არჩევის შესახებ. ექსკურსიაზე ვიმყოფებოდით თბილისში. მოვინახულეთ ეთნოგრაფიული მუზეუმი, მოვილოცეთ სამების საკათედრო ტაძარი. ბოლო დღე მთლიანად აკვაპარკ gino paradise-ში გავატარეთ. მიხარია, რომ ხუთი დღით ვიყავი ბაქსვუდელი!
თამარ ჭიპაშვილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე:
–კაჭრეთი, – მეგობრობის ადგილი, დაუვიწყარი დღეები, სიყვარულის შეგრძნება, ღიმილიანი ადამიანები და ფერადი სამყარო ერთი კვირით. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა კაჭრეთის ბანაკზე. ეს იყო ადგილი, სადაც მეგობრული ღირებულებები და ადამიანობა ვისწავლე.
სიმართლე გითხრათ, ბანაკში ჩასვლის დღეს იმედგაცრუება დამეუფლა, რადგან ვერცერთი ჩემი კლასელი ვერ მოხვდა ჩემს გუნდში. პირველ დღეს თავს მელანქოლიურად და არაკომფორტულად ვგრძნობდი, მაგრამ გათენდა თუ არა მეორე დღე, მივხვდი, რომ უამრავი ახალი ნაცნობი და მეგობარი მყავდა.
მეგობრების გარდა ამ ბანაკმა მნიშვნელოვანი ცოდნაც შემძინა. გვიტარდებოდა პროფესიული გაკვეთილები, რომელმაც მსოფლმხედველობა შემიცვალა სამყაროზე. კარგი გაგებით, „თავის მოსაფხანი“ დრო არ მქონდა, რადგან ყველა ჩვენგანი ჩართული იყო შემეცნებით, გასართობ თუ სპორტულ თამაშებში. გადავიღეთ ფილმი ერთობლივი ძალებით და ჯგუფურმა მუშაობამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს.
ბანაკში ყოფნის ბოლო დღეს ყველაფერი განაცრისფრდა და ჩემთვის დრო გაჩერდა. მივხვდით, რომ, შესაძლოა, ერთმანეთი ვეღარ გვენახა და ჩვენი სახეები მოწყენილობამ და ცრემლებმა მოიცვა.
ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი, მრავალფეროვანი და ემოციური ერთი კვირა.
მინდა მადლობა გადავუხადო კაჭრეთის კინოხელოვნების ბანაკს და ჩვენს #2 საჯარო სკოლას, რადგან მომეცა შესაძლებლობა, კაჭრეთში დასამახსოვრებელი დღეები გამეტარებია.
გუგა ბერაძე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე:
-ეს ზაფხული ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. მე და ჩემი კლასელები კაჭრეთის კინოხელოვნების ბანაკს ვესტუმრეთ. თავიდან გული დაგვწყდა, რადგან ერთ ჯგუფში ვერ მოვხვდით. მეორე დღეს ახალი მეგობრები და გუნდის ლიდერები გავიცანით და ჩემი სევდაც უკვალოდ გაქრა. უამრავი ახალი თამაში ვისწავლეთ. მათ შორის დამამახსოვრდა „ღვინის ძიება,“ „გამოიცანი მელოდია,“ „ზღვა და ხმელეთი.“
მომწონდა ის, რომ დილით მუსიკის ხმა მაღვიძებდა. ჩემს კლასელებს მხოლოდ სპორტული შეჯიბრებებისა და ვახშმის დროს ვხედავდი. გვიტარდებოდა პროფესიული გაკვეთილები. რეჟისორი ნანა ჯანელიძე გვესტუმრა და თავისი ფილმი გვაჩვენა. ჩვენს მიერ გადაღებული ფილმები ბანაკიდან წამოსვლის წინა საღამოს ვაჩვენეთ.
ლიდერები იმ ღამეს ცრემლებს ვერ იკავებდნენ. არცერთ ჩვენგას არ გვინდოდა ბანაკის დატოვება. ბედნიერი ვარ, რომ ხუთი დღე ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად გავატარე. დიდი მადლობა კაჭრეთის კინოხელოვნების ბანაკს, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლას და განათლების სამინისტროს.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში