ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო. სხდომის გახსნისთვის საჭირო 18 დეპუტატის შეკრება გაძნელდა.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ადგილობრივმა თვითმმართველობამ სააგიტაციო მასალების განთავსების არეალი და საარჩევნო სუბიექტების ამომრჩევლებთან შეხვედრების ადგილები უნდა გამოყოს.

სხდომაზე მისულმა საკრებულოს წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან, ინგა მაღრაძემ, სიტყვა მოითხოვა. საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ მას ამის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც ინგა მაღრაძემ სხდომა დატოვა.

„საკრებულოს სხდომის მოწვევის ვადებს საკრებულოს რეგლამენტი არეგულირებს, – ამბობს ინგა მაღრაძე, – არ შეიძლება სხდომის დანიშვნის შესახებ ბრძანება ნახევარი საათით ადრე გამოსცე. ამავე დროს პრეზიდენტის ბრძანების გამოცემიდან სხდომის მოწვევისთვის ხუთდღიანი ვადაა. იქნებ ხარაგაულში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს სურდათ ამ საკითხზე პოზიციის გამოხატვა და საკრებულოს სხდომაზე მოსვლა?!

ეს არის უცოდინარობა. საკრებულოს თავმჯდომარეს რეგლამენტი რომ დაეცვა, დღევანდელი სხდომა არ გამოვიდოდა ასე უთავბოლო და დეპუტატებს ქუჩა-ქუჩა ძებნას არ დავუწყებდით. ასეთი პროცესები ჩემთვის მიუღებელია, რადგან ხარაგაულელების ხვალინდელ დღეზე აისახება.“

საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ სხდომის ჩატარება იმის გამო იჩქარა, რომ ზედიზედ სამი დღე დასვენებაა, – შაბათ-კვირის შემდეგ ორშაბათს, 28 აგვისტოს მარიამობაა.

„კანონი არ მიკრძალავს, სხდომას პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემიდან მეორე დღეს ჩავატარებდი თუ მეხუთე დღეს – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – საკრებულოს აპარატმა უნდა იმუშაოს განკარგულების მომზადებაზე, უნდა ატვირთოს საკანონდებლო მაცნეს ვებგვერდზე. ამავე დროს საოლქო საარჩევნო კომისია დროულ გადაწყვეტილელებს ითხოვს. ორშაბათს რომ დასვენების დღე არ ყოფილიყო, არ ვიჩქარებდით.“