დაფინანსების 45 ათასი ლარით გაზრდა სჭირდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებს;

აქედან 21 ათასი ლარი – ხელშეკრულებით აყვანილი 14 დარაჯისა და დამლაგებლის ხელფასისთვის;

24 440 ლარი – ნადაბურში საბავშვო ბაღის გასახსნელად;

16 ათასი ლარი – ხელფასების კლება, შარშანდელ ანაზღაურებასთან შედარებით, 10%-იან ნიშნულამდე რომ შემცირდეს.

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობით მიმართეს და საბავშვო ბაღებში არსებული პრობლემების დაძლევის გზები შესთავაზეს. მათი წინადადება დეპუტატებმა 4 აგვისტოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის (თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) სხდომაზე განიხილეს.

საკითხის განხილვაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი და ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი მონაწილეობდნენ.

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილის მოსაზრებით, ხარაგაულის ბიუჯეტში 45 ათასი ლარის მოძიება შესაძლებელია, თუ შემცირდება საწვავის ხარჯი 10 ათასი ლარით, გამგებლის წარმომადგენლობითი ხარჯი – 4 ათასი ლარით, სარეზერვო ფონი – 14 ათასი ლარით. მისი მოსაზრებით, გამგებელმა უარი უნდა თქვას 17 ათას ლარიანი ავტომანქანის შეძენაზე.

გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე ამბობს, რომ ის სხვა მუნიციპალიტეტების გამგებლებისგან განსხვავებით, „გრუზავიკით“ გადაადგილდება; საწვავის ხარჯი კი გამგეობის ზედამხედველობისა და ქონების მართვის სამსახურების წარმომადგენელთა სოფლებში მისვლა-მოსვლისთვის აუცილებელია.

„თქვენს ადგილზე შემრცხვებოდა, ჩემი მუნიციპალიტეტის გამგებელი რომ „გრუზავიკით“ გადაადგილდებოდეს, – ამბობს ნიკოლოზ თოფურიძე, – ეს მე თქვენთვის გავაკეთე და ამის დაუნახაობა უმადურობაა. მატანდნენ ყველაზე ძვირფას მანაქანას, მაგრამ არ წამოვიყვანე იმიტომ, რომ არ მინდა, ჩემ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მივაყენო.“

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა წინადადება ანალიზს მოკლებულია და არ არის დაკონკრეტებული, თუ რას მოხმარდება 45 ათასი ლარი. ვლადიმერ გელაშვილი ამბობს, რომ 2017 წლის ბიუჯეტში გამგეობის ხელფასებიც დეფიციტით დაიგეგმა და ამ კუთხით წლის ბოლომდე 70 ათასი ლარის დამატებაა საჭირო. ააიპ-ებისთვის გამოყოფილი თანხები კი მათ მოთხოვნებს მინიმალურად აკმაყოფილებს.

ამის მიუხედავად, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი იმედს გამოთქვამს, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან წლის ბოლომდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით თანხას გამოუყოფენ.

„გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსთან, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი, – მოვითხოვეთ 300 ათასი ლარი, მაგრამ, ვფიქრობ, მოთხოვნილი თანხის 70%-ს მივიღებთ. წლის ბოლო კვარტალში დავაკმაყოფილებთ საბიუჯეტო ორგანიზაციების მოთხოვნებს.“

ამ დაპირების არ სჯერა საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილს. ის თვლის, რომ უმჯობესია, საკრებულომ მისი წინადადება გაითვალისწინოს, – საბავშვო ბაღების მოთხოვნა დააკმაყოფილოს, ხოლო ოქტომბერში მიღებული თანხით მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული სხვა პრობლემები მოგვარდეს.

დეპუტატი ჯამბულ გამცემლიძე ამბობს, რომ გამგეობას იმ შემთხვევაში შეიძლება შეახსენო პრობლემა, თუ ის პრობლემას ვერ ხედავს. მას ეჭვი არ ეპარება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსისა და გამგებლის კომპეტენციაში.

„ნიკო თოფურიძეა დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ის განკარგავს ყველა რესურსს, – ამბობს ჯამბულ გამცემლიძე, – ბატონო თორნიკე, თქვენ რომ სთავაზობთ ბიუჯეტის ერთი მუხლიდან მეორეში თანხის გადატანას, გამგეობა თქვენს ჭკუაზე ვერ ივლის.“

ჯამბულ გამცემლიძის მოსაზრება თორნიკე ავალიშვილისთვის გაუგებარია, რადგან ორი მოწვევის საკრებულოს წევრმა კარგად უნდა იცოდეს, რომ საბიუჯეტო თანხების ხარჯვაზე კონტროლი საკრებულოს ვალდებულებაა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაყენებული საკითხის საკრებულოს 7 აგვისტოს დანიშნულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.

ნინო კაპანაძე