ხარაგაულში, სოფელ კიცხში, სტიქიური ნაგავსაყრელის ადგილზე სკვერი მოეწყო. ხარაგაულში ნაგავსაყრელების გაკულტურების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ახორციელებს. პროექტი – „სუფთა გარემო ჩვენი უფლებაა, დაცვა – მოვალეობა“ ქალთა ფონდის მიერ დაფინანსდა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მოსახლეობისა და „ხარაგაულდასუფთავების“ კოლექტივის ერთობლივი თანამშრომლობით კარგი შედეგი მივიღეთ, – აღნიშნა დღეს, 25 ივლისს, კიცხში სკვერის გახსნისას პროექტის ხელმძღვანელმა ხათუნა მანჯავიძემ, – ვფიქრობ, ნაგავსაყრელების გაკულტურება გადამდები აღმოჩნდება. დარწმუნებული ვარ, ამ სკვერს მოუვლით და საინტერესო ღონისძიებებსაც გამართავთ.“

კიცხში 100 კვმ ფართობი შემოიღობა, შეიღება, დაიდგა სკამები, დამონტაჟდა ტურნიკი და ჰელიონათურა, დამზადდა ბანერი წარწერით „აქ იყო ნაგავსაყრელი!“

ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, პროექტში ჩართულმა ქალბატონებმა ხარაგაულში სტიქიური ნაგავსაყრელები აღწერეს. მუნიციპალიტეტში 50 დიდი სტიქიური ნაგავსაყრელია.

ქალთა ფონდმა პროექტისთვის 3 ათასი ევრო გამოყო. ამ თანხით შეიძინეს სკვერის მოსაწყობი მასალები, ჩატარდა კვლევა და ანაზღაურდა კვლევაში ჩართულთა ხელფასები.

„ხათუნა მანჯავიძე მუნიციპალიტეტის გალამაზებაზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ ოჯახზე, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, – მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მოსახლეობის თანამონაწილეობით ხორციელდება.“

კიცხში მცხოვრებ მაია გოგოლიძეს, სამი წელია, შვილი საბავშვო ბაღში დაჰყავს. ბაღისკენ მიმავალ გზაზე ის ყოველდღე ხედავდა ნაგავსაყრელს და იქ არსებულ მძიმე მდგომარეობას. მაია მოხარულია, რომ კიცხში ერთ-ერთი ლამაზი დასასვენებელი ადგილი გაკეთდა.

კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი ყველა იმ ადამიანის მადლიერია, ვინც პროექტის განხორციელებას მხარი დაუჭირა. ქალბატონი თამარი ამბობს, რომ სკვერს სოფლის თითოეული მაცხოვრებელი მოუფრთხილდება.

„ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ რეკრეაციული და დასასვენებელი ადგილები, დაბა ხარაგაულის გარდა, სოფლებშიც მოეწყობა, – ამბობს პროექტის კიცხის ზონის კოორდინატორი თამარ სხილაძე, – განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობას სჭირდება შეკრებისა და დასვენების ადგილი. ნარჩენებისგან ტერიტორიის გასუფთავება ხომ უმნიშნელოვანესია.“

ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, ანალოგიური სკვერი უახლოეს ხანში ვერტყვიჭალასა და საღანძილეში გაიხსნება.

ნინო კაპანაძე