საქართველოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, ხარაგაულელი სალომე ალავიძე სამკვირიან სტაჟირებაზე თეირანში მიემგზავრება. სალომე 18 აგვისტოდან თეირანის პაიამე ნურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის.

„ძალიან ბედნიერი ვარ, უნივერსიტეტმა თეირანში სტაჟირებისთვის რომ შემარჩია, – ამბობს სალომე, – სპარსული რთული ენაა, მაგრამ დავძლიე და ათ საუკეთესო სტუდენტს შორის მოვხვდი. ეს ჩემი ლექტორის, ქეთევან მეგრელიშვილისა და აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჭულუხაძის, დამსახურებაა. თეირანის საადის ცენტრის წარმომადგენლები სკაიპით გამესაუბრენ. ჩემი სტაჟირება გასაუბრების წარმატებით დაძლევის შედეგიცაა.“

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჭულუხაძე ამბობს, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა თეირანის პაიამე ნურის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სერიოზული კავშირები დაამყარა. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებულია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლა, კვლევითი პროგრამებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

„სამი კვირის წინ საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალური დელეგაცია ირანში იმყოფებოდა, – ამბობს ალექსანდრე ჭულუხაძე, – დელეგაციას უნივერსიტეტის რექტორი გიული ალასანია ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პროფესორები დავით ბერიკაშვილი, ცირა ჩიკვაიძე, დარეჯან კაჭარავა, მარინე გველესიანი და მე.  ამ ვიზიტისას გადაწყდა, რომ ირანისტიკის მიმართულების სტუდენტები სტაჟირებაზე გაგვეგზავნა. ათ სტუდენტთან ერთად, კვლევითი პროგრამის ფარგლებში, თეირანში ორი პროფესორი მიემგზავრება.

სტუდენტები აკადემიური მოსწრებისა და ენის ცოდნის დონის მიხედვით შევარჩიეთ. საქართველოს უნივერსიტეტმა ჩათვალა, რომ სალომე ალავიძემ თეირანში სტაჟირება დაიმსახურა. სტაჟირების შემდეგ სტუდენტები გამოცდას ჩააბარებენ და მათ შორის წარმატებულები სერტიფიკატებს მიიღებენ. ბოლოს მთელი ჯგუფისთვის სამდღიანი ექსკურსია ისპაჰანში ან შირაზში მოეწყობა.“

სალომე ალავიძე „ჩემი იმერეთის“ რედაქციასთან არსებული ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულია.

ნინო კაპანაძე