ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონი აპრილის შუა რიცხვებიდან აქტიურდება, თუმცა ვიზიტორებისთვის შეთავაზებები მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს. რა სიახლეები დაინერგა ტურისტებისთვის და რა ეტაპზეა გასულ წელს დაანონსებული აგროტურიზმის განვითარების სტრატეგია, – ამის შესახებ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსი ლევან თაბუნიძე გვესაუბრება.

ლევან თაბუნიძის ინფორმაციით, 2017 წლის ექვს თვეში ეროვნულ პარკს 17 810 ვიზიტორი ესტუმრა; მათგან 12 566 – ქართველი, ხოლო 2 270 – უცხოელი მსოფლიოს 66 ქვეყნიდან. ვიზიტორთა რაოდენობა 2016 წლის ექვსი თვის მონაცემთან  შედარებით 5%-ით გაიზარდა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთვაზობს სალაშქრო, საცხენოსნო, სამთო-ველო, კულტურულ-საგანმანათლებლო და თოვლის ფეხსაცმელების ტურებს.

ეროვნულ პარკში 12 მარკირებული ბილიკია. ვიზიტორთათვის ბილიკების გასწვრივ განთავსებულია საკარვე ადგილები და ტურისტული თავშესაფრები ღამისთევისთვის, ხოლო ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია სალაშქრო აღჭურვილობის დაქირავება.

„ამჟამად მიმდინარეობს ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრის განახლება, – ამბობს ლევან თაბუნიძე, – წლის ბოლომდე ვიზიტორებს ხარაგაულში ახალ, ინტერაქტიულ ცენტრში ვუმასპინძლებთ. შეიქმნა მარელისში აგროტურიზმის განვითარების სტრატეგია. იმის გამო, რომ ამჟამად ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრის შენობა რემონტდება, მარელისის საოჯახო სასტუმროსა და ხიდების რეაბილიტაციაც იგეგმება, აგროტურიზმის განვითარების კონცეფციას მოსახლეობას მოგვიანებით გავაცნობთ.“

ლევან თაბუნიძე ამბობს, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურიზმის განვითარების სტრატეგია შემუშავდა. მისივე თქმით, ეს ტურიზმის შემდგომ განვითარებასა და თანამშრომელთა შესაძლებლობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. სტრატეგიის ფარგლებში ბუნების შემეცნებითი ბილიკი განახლდა. ბილიკზე განთავსებული საინფორმაციო დაფები, ღია ამფითეატრი და სხვადასხვა ინსტალაციები, საშუალებას იძლევა ეკოსაგანმანათლებლო აქტივობების ჩასატარებლად ყველა ასაკის ჯგუფისთვის.

„წინა წელთან შედარებით, იზრდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულთა რაოდენობა, – ამბობს ლევან თაბუნიძე, – გრძელდება ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და სამეცნიერო კვლევები დაცულ ტერიტორიაზე. ბავარიის ეროვნული პარკის წარმომადგენელთან თანამშრომლობით ეროვნულ პარკში განვათავსეთ ფერომონები. მათი საშუალებით მიმდინარეობს ფოთლოვან სახეობებზე დაკვირვება. ყოველი თვის ბოლოს მონაცემებს ბავარიაში გენეტიკური ანალიზისთვის ვაგზავნით.

ერთი თვის წინ დაიწყო პროექტი „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში გარემოსდაცვითი ადვოკატირების კამპანია და ინოვაციური ტექნოლოგიები ალპურ საძოვრებზე.“ პროექტის ფარგლებში ეროვნული პარკის ალპურ საძოვრებზე მომთაბარე მწყემსებისათვის ელექტროღობეები მოეწყობა.“

ლევან თაბუნიძის ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2017 წლის ექვს თვეში სამართალდარღვევის 73 ფაქტი დაფიქსირდა. ამ დროისათვის განხილულია 52 ოქმი; მათ შორის – 33 ოქმი ხე-ტყის ჭრაზე, საიდანაც 2 ოქმი შეწყდა, 3 ოქმზე დაეკისრათ მხოლოდ ზიანის ანაზღაურება. 8 ოქმი შედგენილია ნადირობის წესების დარღვევაზე, საიდანაც 3 ოქმი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შეწყვიტა. იარაღით გადაადგილების სამ ფაქტზე დამრღვევებმა შენიშვნა მიიღეს.

8 ოქმი რეჟიმის დარღვევაზე შედგა; აქედან შვიდ ფაქტზე დამრღვევები დაჯარიმდნენ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ახალი ტურისტული ბილიკის შექმნა იგეგმება. ლევან თაბუნიძის ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს.

ნინო კაპანაძე