ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 17 ივლისიდან გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გარე განათების ქსელს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ა/ო „სიდა“ ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

პროექტის დირექტორი დავით თარიმანიშვილი ამბობს, რომ მარელისში, რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე გარე განათების ქსელი 3,4 კილომეტრზე მონტაჟდება. სულ მეტალის 85 საყრდენი დამონტაჟდება ამავე რაოდენობის გამანათებლით.

აღნიშნულ გზაზე, პირველ ტურისტულ კოტეჯთან, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე სადგური, რომელიც აღჭურვილია მზის პანელებით, ბატარიების სატენით, მრავალფუნქციური დამტენის გადამყვანებით. პროექტის თანახმად, მარელისში ხუთი სანაგვე ურნა დაიდგმება.

„პროექტის ღირებულება 41 ათასი ლარია, – ამბობს დავით თარიმანიშვილი, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 20%-იანი თანადაფინანსება უნდა გაიღოს. მუნიციპალიტეტის მხრიდან შრომითი თანამონაწილეობაა ის, რომ გარე განათებას მარელისში ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობა“ ამონტაჟებს. მუნიციპალიტეტმა მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურზე ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო Wi-fi – ის ბარათი უნდა ჩატვირთოს.“

დავით თარიმანიშვილის ინფორმაციით, გარე განათების დამონტაჟება მარელისში, სავარაუდოდ, ორ კვირაში დასრულდება.

„სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ პროექტის მიზანი ტურიზმის სფეროს გაძლიერებაა, – მარელისის გზა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისკენ მიმავალია.

„ეროვნულ პარკში კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, – ამბობს ზვიად დევდარიანი, – ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციის მოთხოვნით ისევ „ელკანას“ მივმართავთ. ძალიან მაღალი სტანდარტით მოწმდება პროექტის ყველა დეტალი. რამდენიმე დღეში გვიპასუხებენ, შევძლებთ თუ არა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციას.“

პროექტის თანახმად, ნარჩენების გატანისა და ელექტროენერგიის მომარაგების ხარჯები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიფარება.