რა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება ზაფხულის დარჩენილ პერიოდში ხარაგაულში, – ამ საკითხით დავინტერესდით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის, ინფორმაციით, ივლისის ბოლოს ხარაგაულში ტერიტორიულ ერთეულებს შორის სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ გაიმართება.

აგვისტოში დაგეგმილია თოჯინების თეატრის ახალი სპექტაკლის პრემიერა. ამ სპექტაკლით, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაგაულის თოჯინების თეატრი ჭიათურაში დაგეგმილ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ხარაგაულის კულტურის ცენტრის უფროსი ვასილ კიკნაძე ამბობს: -ზაფხულის პერიოდს ჩვენ, ძირითადად, მოსამზადებლად ვიყენებთ ხოლმე. ხარაგაულში გაიმართება ფოლკლორის საღამო, სადაც მოწვეული იქნებიან ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები. ღონისძიების თარიღი ჯერ დაზუსტებული არაა. აგვისტოში კულტურის ცენტრი კონცერტებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსაც ეწვევა.

უახლოეს პერიოდში ნუნისის მოსახლეობასა და კურორტ ნუნისის დამსვენებლებს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი რეზო თაბუკაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპექტაკლს წარუდგენს. ამ თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ წელს ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ ვეღარ გაიმართება, რადგან ლიტერატურული თეატრი პროექტით „ჩემი საქართველო აქ არის“ სპექტაკლებს საქართველოს რეგიონებში მართავს.

ხარაგაულის ტურიზმის ცენტრის დირექტორ ბერიკა თურმანიძის ინფორმაციით, მათი სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაულში აგვისტოში ქვიშის ფრენბურთი გაიმართება, სექტემბრის დასაწყისში – კაფე-საღამო პირველკურსელებისთვის. 1 აგვისტოდან 15 აგვისტომდე ზვარეში ახალგაზრდული ბანაკი მოეწყობა. რაც შეეხება ტრადიციად ქცეულ ტურ-თამაშებს, როგორც ბერიკა თურმანიძე ამბობს, ზაფხულის დასაწყისში ამინდების გამო ვერ გაიმართა და შესაძლოა, შემოდგომაზე ჩატარდეს.

მისივე ინფორმაციით, სექტემბერის დასაწყისში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, დიდ სახვლარში. ფესტივალში რამდენიმე მუსიკალური ჯგუფი ჩაერთვება. მსმენელთა ტრანსპორტირებას ტურიზმის სამსახური უზრუნველყოფს.

ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორის, დავით გელაშვილის ინფორმაციით, აგვისტოში ვახანში რესპუბლიკური მნიშვნელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართება ქართულ ჭიდაობაში, ცხენოსნობასა და მკლავჭიდში.