საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის #1454 განკარგულებით ცხრა მუნიციპალიტეტს (მათ შორის იმერეთიდან – ჭიათურასა და ხარაგაულს) ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან 9 929 445 ლარი გამოეყო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან განსაზღვრულია 384 ათასის, ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის – 474 999 ლარის გამოყოფა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი სოფელ წიფაში სასოფლო გზის მოსაბეტონებლად ფონდიდან 223 ათას ლარს მიიღებს, სოფელ გოლათუბნის სასოფლო გზის მოსაბეტონებლად – 161 ათას ლარს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ფონდიდან 343 610 ლარია გამოყოფილი, ხოლო მემორიალი-რგანი-ხრეითის გზის აღსადგენად – 131 389 ლარი.

ხარაგაულისა და ჭიათურის გარდა, მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან თანხა გამოეყო ასპინძის, ახალციხის, ამბროლაურის, წალკის, დმანისის, მცხეთისა და მესტიის მუნიციპალიტეტებს.