ხარაგაულში მცხოვრები ხათუნა მანჯავიძე საჯარო მოხელეთა კონკურსის ბოლო ეტაპზე – გასაუბრებაზე – „დაიწუნეს.“ ის ამ ფაქტს პოლიტიკური მოტივით ხსნის და ამბობს, რომ კომისიის უარი მისი პიროვნული თვისებების „ბრალიცაა“ – ის ხელმძღვანელის ნებისმიერ ბრძანებას ბრმად არ დაემორჩილებოდა და უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს ყოველთვის გამოთქვამდა.
„საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა უფლებებს კანონი მკაცრად დაიცავს, – ამბობს ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის“ წარმომადგენელი ინგა მაღრაძე, – „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში პირველი ივლისიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. კანონით იცვლება კონკურსის ჩატარების წესი და საჯარო სამსახური პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლდება.“
დღეს, 20 ივლისს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში ინგა მაღრაძემ საკანონმდებლო სიახლეები ქალთა ჯგუფს გააცნო:
-კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებული, პოლიტიკისაგან გამიჯნული პროფესიული საჯარო სამსახური იქმნება , – ამბობს ინგა მაღრაძე, – რანგირების სისტემა ინერგება, საჯარო მოხელეს საკლასო ჩინი მიენიჭება.
ღია კონკურსით მხოლოდ დაბალი რანგის საჯარო მოხელე შეირჩევა. დანარჩენ შემთხვევებში დახურული კონკურსი ჩატარდება.
სამსახურების უფროსები, რომლებიც პოლიტიკური თანამდებობის პირებად ითვლებოდნენ და მათ გამგებელი უფლებამოსილების ვადით ნიშნავდა, კონკურსის წესით შეირჩევიან. მათ შესაბამის დარგში და ხელმძღვანელ თანამდებობაზე საქმიანობის გამოცდილება მოეთხოვებათ.
საჯარო სამსახურის ახალი კანონი განსაზღვრავს საჯარო მოხელეების სამართლებრივ სტატუსს:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც უვადოდ ინიშნება საჯარო სამსახურში,
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოხელე;
გ) შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოხელე.
საჯარო სამსახურში მიღება ხდება ღია, დახურული და გამარტივებული კონკურსით. ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით სამსახურში აყვანა ხდება გამარტივებული კონკურსის წესით. ასეთებია პოლიტიკური თანამდებობის პირის საქმიანობის ხელშეწყობისთვის აყვანილი თანამშრომლები; მაგალითად, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები.
საკონკურსო კომისიას აღარ უხელმძღვანლებს გამგებელი. კომისიაში შევლენ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენელი; იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან მოადგილე, სადაც კონკურსი ტარდება; პროფესიული გაერთიანების წარმომადგენელი და დარგის დამოუკიდებელი ექსპერტი.პიროვნება, რომელიც გადაწყვეტს საჯარო სამსახურში საქმიანობას, საჯარო მოხელის სერტიფიკატს უნდა ფლობდეს. საჯარო ბიუროს აქვს ვალდებულება, რომ გამოაცხადოს სერტიფიცირება წელიწადში ორჯერ. სერტიფიკატი ხუთი წლის მანძილზე მოქმედია.
პრემიების არსებული წესი იცვლება. დამკვიდრდება ფულადი ჯილდოს გაცემა განსაკუთრებული სირთულის ამოცანის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს განხორციელებისათვის. ფულადი ჯილდოს გაცემისას ხელმძღვანელმა წინასწარ წერილობით უნდა დაავალოს საჯარო მოხელეს რთული დავალების შესრულება. ბრძანებაში უნდა განისაზღვროს დავალების შესრულებისთვის საჭირო დრო.
ხარაგაულში შეხვედრაზე მყოფი ქალბატონები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეებში უიმედობაა. მათივე თქმით, ყველაზე მთავარია, რომ კანონით დადგენილი ნორმები ზუსტად შესრულდეს და ადამიანებს სამართლიანობის განცდა ჰქონდეთ.
ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრმა“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრები იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში – ხარაგაულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში გამართა.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში