ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებში გამოსაშვები ზეიმები მიმდინარეობს. დღეს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის ჯგუფ „ონავრების“ აღსაზრდელებმა მშობლებისა და მიწვეული სტუმრების წინაშე მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოავლინეს.
საზეიმო კონცერტის წინ აღმზრდელმა თამარ ლურსმანაშვილმა აღსაზრდელებს საბავშვო ბაღის დასრულება მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.
თანამედროვედ გააზრებული მრავალფეროვანი სცენარით, ლექსებითა და სიმღერებით, ქართული ეროვნული თუ უცხოური, ტრადიციული თუ თანამედროვე ცეკვებით პატარებმა მშვენიერებისა და სიკეთის, სამშობლოსა და მისი წარსულისადმი სიყვარული გამოამჟღავნეს; მშობლიურ საბავშვო ბაღთან დამშვიდობებით სინანული, ხოლო მოსწავლეობის მოლოდინით – სიხარული გამოხატეს.
ზეიმის დასასრულს ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის გამგემ, ნანა რევაზიშვილმა, მადლობა გადაუხადა აღმზრდელებს კარგი მუშაობისათვის და მშობლებს – მხარდაჭერისთვის.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანის დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მოქმედი თითქმის ყველა საბავშვო ბაღის გამოსაშვებ ზეიმს დაესწრო, სადაც უამრავმა ნიჭიერმა და სასკოლოდ მომზადებულმა კურსდამთავრებულმა საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინა. მანვე მადლობა გადაუხადა საბავშვო ბაღების აღმზრდელებსა და თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისა და საქმიანობისათვის.
ჯგუფ „ონავრების“ შემაჯამებელი ღონისძიების მომზადებაში, აღმზრდელ თამარ ლურსმანაშვილთან და მუსიკის მასწავლებელ თამარ ოსანაძესთან ერთად, მთელი კოლექტივი, განსაკუთრებით კი – ინგლისურის მაწავლებელი ეკა ჩეკურიშვილი, ლოგოპედი ლალი შარაშიძე, ფსიქოლოგი ნათია გოგსაძე და მეთოდისტი ლია ხმალაძე მონაწილეობდნენ.
საბავშვო ბაღის კურსდამთავრებულები დირექციამ სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.
სამშაბათს, 27 ივნისს, ამავე საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის „ნაპერწკალი“ (აღმზრდელი თამარ სარალიძე) აღსაზრდელებს დაულოცავენ გზას სკოლისაკენ.
მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 16 საბავშვო ბაღში 170 კურსდამთავრებულია.
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში